“მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა”

45
spot_img

ვაფასებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, როგორც საგარეო და ეკონომიკური საფრთხეებისგან დაცვის კუთხით, ისე ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ენერგია და თავდადებაა უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.

,,ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, მაგრამ ვინ, თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით, რამხელა ენერგია, თავდადება და თავგანწირვაა ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რამდენი ადამიანის გმირობა დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე, რამდენი თქვენგანის ძალისხმევა და სამშობლოს სიყვარული დგას კედლად საფრთხეების პირისპირ.

მეორე მხრივ, ის, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, ესეც თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა. ჩვენ არაერთხელ გავხდით ჰიბრიდული ომის სხვადასხვა სახის ტაქტიკის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მომსწრენი. ამის ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაზე მიმართული სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაა. ასეთ მოწყვლად საერთაშორისო გარემოში, როდესაც სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და გაყალბება, რეალობის მიჩქმალვა და საზოგადოებისთვის ხელოვნურად შექმნილი აღქმების თავზე მოხვევა, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართულ მუშაობას, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.