“რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია” – მიხეილ სარჯველაძე

85
spot_img

რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია – ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იდენტურია.

რაც შეეხება თავად ზახაროვას განცხადებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარების ვერც მიზანშეწონილობას ხედავს და ვერც აუცილებლობას.

“მე ვთვლი, რომ არც აუცილებლობაა, არც მიზანშეწონილია, რომ ზახაროვას განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ, რადგან არ მგონია, რომ მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. შეიძლება ეს იყოს საინტერესო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არა პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ვისი მოსაზრება შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს იმ პარტიის მოსაზრებებს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ მგონია, ეს თავისთავად უარყოფითად ან დადებითად მოქმედებდეს ჩვენი არგუმენტების სისწორეზე. რაკი ზახაროვა დაეთანხმა (ჩვენს) მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც არის ამორალურობა, რადგან მსჯელობას, რომელსაც ავითარებს “ქართული ოცნება”, აქვს თავისთავადი ღირებულება, მართებულია და თუკი მას ისეთი ვინმე დაეთანხმება, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ავტორიტეტი არ იყოს, ეს მსჯელობა არ უკუღმართდება. აქედან გამომდინარე, დასკვნები მარტივად გაკეთებადია, მათ შორის, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც საზოგადოებამ ნახა და გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მცდელობასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური პროტესტის ტალღები იქნას აგორებული და ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენებული. აქედან გამომდინარე მსჯელობა, რომ რაკი ზახაროვა დაეთანხმა მოსაზრებას, ტოლობის ნიშანი დაისვას, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”