“სტიქიის შედეგად შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია” – რაჭის გუბერნატორი

143
spot_img

გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო  უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.