Home Blog Page 1780

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6251 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6251 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6251 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8209 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს”-ნიკა მელია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო,  ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.  – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ “საჭიროებამდე”, ასეთია ოცნების “სამართალი”.
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა. ” – წერს ნიკა მელია “ფეისბუკში”.

 ნიკა მელიამ ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა წააგო – სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა

ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გასხვისდა

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.

კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 11,582,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია.

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც გაეცნობა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს მას, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნების“ საგულშემატკივროდ „თიბისი“ 9 სექტემბერს ღია ჩვენებას გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები მატჩებს ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ.

„თიბისი“, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, მათ საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს.

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას „თიბისის“ ფან-ზონებიდან შეძლებენ.

პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, „თიბისის“ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. (თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათი; ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25; თამაში: ავსტრალია vs საქართველო)

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს პირველი არხი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გაღრმავდება – მერწმუნეთ, გავერთობით!-კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უფრო გაღრმავდება, მერწმუნეთ, გავერთობით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვის საპასუხოდ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია.

„ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. მგონია, რომ აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან აღიარებით ჩვენებებს ვისმენთ. დარწმუნებული ვარ, დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და საინტერესო გახდება. მერწმუნეთ, გავერთობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩვენ ისტორია დავწერეთ! საქართველოს ნაკრები პირველად მსოფლიოზე და პირველივე ჯერზე 16 საუკეთესოში!!! – თორნიკე შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მიმართავს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ისტორია დავწერეთ! საქართველოს ნაკრები პირველად მსოფლიოზე და პირველივე ჯერზე 16 საუკეთესოში!!!
ჩვენ ამას ყველამ ერთად მივაღწიეთ , რის გამოც მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას!
ერთგულ გულშემატკივარს, მათ არამხოლოდ შექმნეს საბრძოლო განწყობა ოკინავაში ყოფნით, არამედ მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში გვაგრძნობინებდნენ, რომ საქართველო ჩვენს გვერდითაა.
მათ, ვინც შორიდან გვამხნევებდა და ეკრანებიდან თუ სოცქსელებიდან გამოხატავდა თანადგომას, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

კალათბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და გაწეული შრომისთვის. მათ ყველაფერი გააკეთეს რომ საუკეთესო ხელშეწყობა გვქონოდა და ღირსეულად წარმოჩენილოყო საქართველოს ნაკრები.
სამწვრთნელო გუნდს, დაუღალავი შრომისთვის რათა სათანადოდ მზად ვყოფილიყავით ყველა თამაშზე.
მადლობა ჩვენს პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ყველა სიტუაციასთან გასამკლავებლად იყვნენ მზად.

ჩვენს მენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა და წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.
რა თქმა უნდა მადლობა ჩემს ბიჭებს! ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ და დავამტკიცეთ რომ ერთმანეთის თანადგომით, დაუღალავი შრომით და თავდადებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია!

დღეს მე ძალიან ამაყი ვარ რათა წილად მხვდა იმ გუნდის კაპიტნობა, რომელმაც საქართველოს სახელი გლობალურ ასპარეზზე გაიტანა.

გუნდის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მოხვდა, ეს ცალსახად ხაზს უსვამს იმას, რომ აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ვიყავით არამედ ჩვენ აქ ყოფნა დავიმსახურეთ.

მე დარწმუნებულ ვარ, რომ ამ შრომის ნაყოფი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება მომავალში. ჩვენ მსოფლიოზე ჩვენი სიტყვა ვთქვით და კიდევ უფრო ხმამაღალი სათქმელი დავუტოვეთ მომავალ თაობებს!კიდევ ერთხელ, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მთელი ეს გზა ჩვენთან ერთად გაიარა“, – ნათქვამია თორნიკე შენგელიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.

საქმე ეხებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯური მიმაგრებას. სასამართომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მხულის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება). ასევე, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებებს შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, შუახევში ჩაატარებს

9 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო“, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგ, მე-12 უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12- კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

„საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები (სათვალე). ბენეფიციართა მიღება 11:00 საათიდან დაბა შუახევის ცენტრალური საავადმყოფოს შენობაში იწარმოებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 11 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1193 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება. ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 1564 სათვალე.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“, – ნათქვქამია ინფორმაციაში.

“ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს “კახური კლანი” და ამაზე თავად “ქართული ოცნების” ლიდერები საუბრობდნენ”- პაატა მანჯგალაძე

“ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე”- ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით იმყოფებოდა აშშ-ში და აღნიშნა, რომ ჩარტერით გაფრენა რამდენიმე ათობით ათასი დოლარი ღირს და ახლა მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განმარტება, თუ საიდან ჰქონდა ეს თანხა და ვინ გადაიხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე. ახლა ისე გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა, აქამდე არ დავიდეს ეს ყველაფერი. მე ამაში ვხედავ კორუფციის რისკებს, მეტსაც ვიტყვი, ის არის კორუმპირებული. საკუთარ მეუღლეს რომ ბორჯომის პარკი გადასცა 49 წლით, ეს არის პირდაპირი მისი კორუფციული მადის დადასტურება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

“კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მთავრობის სტრატკომი

მთავრობის სტრატკომი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

“მეტადონის” უკანონოდ გასაღების საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.

„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი „მეტადონის“ ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.