Home Blog Page 1779

USAID-მა უნდა განმარტოს, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ- შალვა პაპუაშვილი

დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. ვნახეთ აქამდე, რომ ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნდა, ყალბი შედეგები, მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. ISFED-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისმა დონორმა USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას უმალავდა ქართველ ხალხს, არ ეუბნებოდა არც ხელისუფლებას. დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციისთვის და ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

“სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს საპნის ოპერაში” – პაატა მანჯგალაძე

თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ – ეს არის „ქართული ოცნების” სცენარი , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფარცხალაძის ჯაშუშობის გადაფარვას და ხალხის დაშინებას ემსახურება.

“სუს-მა ფარცხალაძის ჯაშუშობის გადასაფარად შემოგვთავაზა მორიგი სერია, “აკერმანი 2”. აკერმანი გარდაცვლილი იყო და მედიაში საუბრობდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანი რაღაცას აპირებდა საქართველოში. სამაგიეროს უხდიან ამერიკულ სპეცსამსახურებს თითქოს USAID- მა საქართველოში შემოიყვანა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სამაგიეროს გადახდის მცდელობა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, ასე დავარქვათ ამ ბოდვას.

სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს ამ საპნის ოპერაში. ესაა იაფფასიანი ბოდვა, “აკერმანი 2” სერია, როცა გარდაცვლილ ადამიანს კიდევ ერთი თვე აბრალებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. “ქართული ოცნების” პოლიტიკურად გახრწნილი პოლიტიკოსები საუბრობენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულზე მაშინ, როცა ღარიბაშვილის და კალაძის ჩარტერების სკანდალი გვახსოვს, გასარუჯად რომ წავიდა კალაძე დუბაიში და ეს ხალხი ნიანგის ცრემლებს ღვრის ამერიკელი გადამხდელების ფულის გამო?! ვის სჯერა ამ იაფფასიანი პროპაგანდის?! ამის მიზანია ადამიანების დაშინება: “თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ” -ეს არის “ქართული ოცნების” სცენარი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“კანდიდატის სტატუსზე პროგნოზის გაკეთება რთულია, ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთულია პროგნოზირება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი.

კობახიძის თქმით, გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე.

„შარშანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია რაიმე პრგონოზის გაკეთება. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ცალსახად იქნება ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, მარტივად გავაკეთებდით პროგნოზს. მაგრამ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალიან გვიჭირს პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს, რომ გლობალური ომის პარტიის გავლენები ევროკავშრიზე არის ძალიან სერიოზული და მარტივად შეუძლიათ გავლენის მოხდენა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, მათ შორის ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს. ერთი ვარიანტია, რომ ოქტომბრის ბოლოს უარყოფითი დასკვნით სცადონ რევოლუციის მოწყობა, შემდეგ დეკემბერში შეცვალონ გადაწყვეტილება, მაინც მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ძალიან რთული გასათვლელია, გამომდინარე იქიდან, რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის” – რას წერს გერმანული პრესა

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რთული დამოუკიდებლობა: აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის – ნატოს ამბიციების წინააღმდეგ“ (ავტორი – ჰეროლდ პროიანსკი). აქვე შევნიშნავთ, რომ პუბლიკაცია საკმაოდ მიკერძოებულია და აშკარად შესამჩნევია, რომ ანტიქართული განწყობით არის დაწერილი. ავტორი აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც მითითებული აქვს კიდეც – რეპორტაჟი „აყია“-დან (აფხ.) ანუ სოხუმიდან.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ისინი, ვინც ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ აფხაზეთში წასასვლელად, მას ეუბნებიან, რომ იქ გამგზავრება არასასურველია. რა თქმა უნდა, ანალენა ბერბოკის უწყების გაფრთხილება ლოგიკურია – იმიტომ, რომ ყოველი პირი, რომელიც კავკასიაში, აფხაზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება, რუსეთის გავლით, სოჭის მხრიდან, სწრაფად დარწმუნდება იმაში, რომ მსოფლიო ისეთი არაა, როგორიც ეს გერმანელ დიპლომატებს სურთ.

გასულ შაბათს აფხაზეთმა თავისი დამოუკიდებლობის 30 წლისთავი აღნიშნა, თუმცა იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს 200 ათასი მცხოვრებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი მართლაც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, მაგრამ „საბჭოური ავტონომია“ მყიფე და ფორმალური სტრუქტურა აღმოჩნდა: იოსებ სტალინის მმართველობის დროიდან აფხაზები უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ვლადიმერ ლენინმა იზრუნა იმაზე, რომ აფხაზებს საბჭოური, მაგრამ მაინც საკუთარი რესპუბლიკა ჰქონოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი ხელისუფლება შეეცადა იძულებით დაემორჩილებინა აფხაზები და თავისი ეთნონაციონალისტური პროექტი განეხორციელებინა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველომ თავისი ჯარები შეიყვანა დე-ფაქტო დამოუკიდებელ აფხაზეთში, რასაც ადგილობრივმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ფართო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დაუპირისპირა. ქართველებთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზებს მხარს უჭერდნენ როგორც რუსი სამხედროები, ასევე რუსი მემარცხენე პატრიოტები და ჩრდილოეთ კავკასიის მონათესავე ხალხები.

აფხაზურმა წინააღმდეგობამ სძლია ქართულ დეზორგანიზებულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დანაშაულებრივი ელემენტებისაგან შედგებოდა და საქართველო დამარცხდა: 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზურმა ქვედანაყოფებმა ქართველი სამხედროები აიძულეს, რომ მათ მდინარე ენგურის მიღმა უკან დაეხიათ (სხვათა შორის, მდინარეზე ერთ-ერთი ხიდი 1948 წელს გერმანელ სამხედრო ტყვეების მონაწილეობით ყოფილა აგებული). შესაბამისად, 30 სექტემბერი აფხაზეთში აღინიშნება როგორც „აფხაზი ხალხის გამარჯვების დღე სამამულო ომში“.

კონფლიქტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რამდენიმე ატასი ადამიანი დაიღუპა. აფხაზური სიამაყისა და ქართველთა ქედმაღლობის გამოვლენის გამო მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება გამწვავებული რჩებოდა. თავდასხმები ხდებოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ომის შემდეგ ქართველების აბსოლუტურმა რაოდენობამ – საერთო მოსახლეობის 40%-მა – თავიანთი სახლ-კარი მიატოვა.

აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის პირველი წლები ძალიან მძიმე იყო, ირგვლივ სიღარიბე სუფევდა, მოსახლეობის ნაწილი თითქმის შიმშილის ზღვარზე იყო მსული. ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში ითესებოდა. რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, აფხაზეთს ბოიკოტს უცხადებდა, კრემლის პოზიცია მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. 2008 წლის აგვისტოში, „სამხრეთ ოსეთზე“ საქართველოს ჯარის თავდასხმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ დროის განმავლობაში აფხაზეთი დამოუკიდებლად იქნა აღიარებული მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების – სირიის, ვენესუელის, ნიკარაგუის და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს – ნაურუს მიერ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა: აფხაზეთში შეკეთდა გზები, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები. რესპუბლიკაში გადახდის საშუალებად რუსული რუბლი მოქმედებს, ხოლო აფხაზებს, აფხაზეთის მოქალაქეობის გარდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვთ. რესპუბლიკის დედაქალაქ აკუა-აყიაში (ქართულად – „სოხუმი“, რუსულად – „სუხუმ“) დილით მშენებელთა ჩაქუჩების ხმა ისმის, აფხაზური ხალხური სიმღერების თანხლებით. შავი ზღვის სუბტროპიკული ზონის 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც პალმების მხარეს წარმოადგენს, შენდება ახალი პატარა სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. აფხაზეთი მიმზიდველი გახდა რუსი ტურისტებისათვის – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფულში შეზღუდულები არიან და მაღალ კომფორტს არ ითხოვენ. აქაურ პლაჟებზე ვერ ნახავთ „რუსულ ბურჟუაზიას“ – აფხაზეთში მხოლოდ საშუალო და მცირეშემოსავლიანი პენსიონერები ჩამოდიან დასასვენებლად.

„გამარჯვების დღის აღსანიშნავს, 30 სექტემბერს აზიაში აფხაზეთის არმიის აღლუმი ჩატარდა, რაც იმას აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია საქართველოს პრეტენზიები აფხაზეთის მიმართ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს მიერ მიღებულ დეკლარაციებში, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებში მუდამ მეორდება ოფიციალური თბილისის პოზიცია, რომლის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აზიაში გამართულ სამხედრო აღლუმზე ახალგაზრდა აფხაზი ჯარისკაცებისა და ოფიცრებს უყურებდა, დარწმუნდებოდა, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვა იმ ახალგაზრდა თაობის ხელშია, რომელსაც არასოდეს არ ულაპარაკია ქართულ ენაზე და არასოდეს არ ჰქონია ქართული პასპორტები. ის აფხაზი მეომრები, რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებს და რაკეტ-დრონებიან ავტომანქანებს მართავდნენ, უკვე დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის დროს დაიბადნენ და გაიზარდნენ.

თავის გამოსვლაში (აფხაზურ და რუსულ ენებზე), სამხედრო აღლუმის დაწყების წინ, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მსოფლიოს გაახსენა იმ კოლოსალურ ზარალზე, რომელიც აფხაზეთმა ქართულ „უკიდურეს ნაციონალიზმთან“ ომში განიცადა. ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთმა 30-წლიანი თავისუფალი ცხოვრების პერიოდში ბევრი რამ გააკეთა, რაც 1993 წელს მიუღწეველი ჩანდა. და მაინც, აზიაში სადღესასწაულო განწყობას ჩრდილი დაჰკრავდა: აფხაზეთის მცხოვრებლები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მთიანი ყარაბაღის განადგურების პროცესს და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გაქცევას. აფხაზეთს მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
აფხაზეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მდივანმა სერგეი შამბამ ერთ-ერთი სადისკუსიო შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების კვალობაზე, ალბათ, გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოში არიან და აფხაზეთის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებას ითხოვენ. ამიტომაც აფხაზეთმა, სერგეი შამბას თქმით, ყველანაირი ვერსია უნდა განიხილოს.

მინიშნება მკაფიოა: აფხაზეთი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას.

წყარო

2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს,  დაიბადა, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში.

რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი – ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი ხეობა, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღდვლის ცოდვა, ადამიანთა სევდა, სულეთის კიდობანი.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა, მწერალი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

გოდერძი ჩოხელი – ციტატები:

“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ, რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი..”

“ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე…” იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო… რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა… რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი.. რამდენი დარჩენილა უსახელოდ.. რამდენი ეძებს სახელს… და კიდევ რამდენი ჰკარგავს… ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი..”

 

“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია..”

“ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია? მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”

“გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს..”

“სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება” – შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება – მისი ყველა აქტიურობა არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა ასე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „უახლოეს კვირებში და თვეებში მის აქტიურ ქმედებებს ყველა დაინახავს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, როგორც ორგანიზატორი საქართველოში არეულობისა, რომელიც ამავე დროს ბრალდებულია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ორგანიზატორი. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ – ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

“იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა” – ლევან იოსელიანი

იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, როგორც იოსელიანმა განმარტა, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა.

იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს.

„იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის.

თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არის ძლიერი-შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები წარმოდგენილი იქნება სასამართლოში. საკითხი სამართლებრივად იმდენად მარტივია, რომ ჩვენი პოზიციები არის ძლიერი. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმაც აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია.

„პრეზიდენტმაც ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღიარა, რომ უფლებამოსილების გარეშე იმყოფებოდა ლიტვაში. თავადაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, ვფიქრობ, წინასწარ განჭვრეტა ადვილია, დიდი ალბათობით, სამართლებრივი დასკვნა ამისი მხარდამჭერი იქნება.

სამართლებრივად ყველამ კარგად იცის და საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ სხვანაირად საუბრობენ, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სამარცხვინოდ ამ უმარტივეს სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით ცდილობენ, ეჭვი გაჩნდეს, თითქოს სხვანაირი სამართლებრივი განმარტება უნდა იყოს.

ეს ერთ რამეს აჩვენებს –  როდესაც საუბარია, რომ ზოგიერთი ელიტური „ენჯეო“ უნდა იყოს ჩართული ამა თუ იმ სამართლებრივ პროცესში, ვხედავთ, ეს ელიტური „ენჯეოები“ არის ხალხი, რომელიც არა თუ თვალს ხუჭავს კონსტიტუციაზე, პირდაპირ ტყუილს ეუბნება საზოგადოებას. ისეთ ინტერპრეტირებას ახდენენ, თითქოს კონსტიტუცია რაიმენაირად უშვებდეს შესაძლებლობას, პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდეს. შეიძლება, პროფესიული თავმოყვარეობა არ არის, მაგრამ როდესაც ურცხვად ხდება საზოგადოების მოტყუება, შემდეგ არ არის პატიოსანი პოზიციის მოსმენის მოლოდინი  ელიტური „ენჯეოების“ მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ატყუებენ საზოგადოებას, ჩართული იყვნენ რეფორმებში და სხვადასხვა კანდიდატის შერჩევაში.

ამას ვხედავდით ომბუდსმენზე, როგორ ახდენდნენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე, მხარი არ დაეჭირათ მათთვის, ვინც სურდათ, ამას ვხედავთ იუსტიციის საბჭოს არასამთავრობო წევრების არჩევაზე, როგორ ახდენენ ზეწოლას პარლამენტის წევრებზე და ორი წევრი დღემდე ვერ აგვირჩევია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – წმინდა ექსპორტი ზრდის მთავარი ფაქტორია

აგვისტოში ეკონომიკური აქტივობა რეალურ გამოხატულებაში 5.8%-ით გაიზარდა, თიბისი კაპიტალის პროგნოზირებული 6.1%-ს ნაცვლად. სექტემბრის უნაღდო ანგარიშსწორების ბრუნვები, მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. თუმცა მთლიანობაში, ნორმალიზების დინამიკა სახეზეა. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო შემოდინებებზე, ისევ და ისევ, მხოლოდ ნორმალიზების და არა შემცირების კუთხით.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოში სებ-მა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რაც მართალია წინა თვეებთან შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ოდენობაა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო შემოდინებების მხრივ, ნეგატიური დინამიკისათვის, საკმაოდ ძლიერი შოკია საჭირო, რაც არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში არ იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას  ბმულზე.

 

R

როდის აღდგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა? – „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America-მ („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როდის აღდგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა?“. გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს: „ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის დამყარებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზე. ახლა ეს პროგრამა რომ შეჩერდა, მით უმეტეს, ასეთ სკანდალურ კონტექსტში, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი“ – ასე აფასებს „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებას ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი. როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, ამჟამად „ეს არის ანთებული ყვითელი შუქი შუქნიშანზე. ეს პროგრამა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. თუ ეს არ გამოვასწორეთ, მოვა დრო და ჩვენ, ყველა ამას (პროგრამის შეჩერებას) საკუთარ ჯიბეებზე ვიგრძნობთ“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) ფარგლებში, 289 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, 2022 წლის ივნისში დაამტკიცა. ერთი წლის თავზე კი ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღდგენის პერსპექტივა, ბოლო ვითარების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ბუნდოვანია. სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უთანხმოება 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის უმაღლეს საზედამხედველო ორგანოში – საბჭოში, აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ბალანსის დარღვევის გამო დაიწყო; ღია კონფლიქტში ეს უთანხმოება, 2023 წლის ზამთარში გადაიზარდა, როცა სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეცვალა ეროვნული ბანკის ორგანული კანონი და შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რათა ერბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არა არჩილ მესტვირიშვილი, არამედ ნათია თურნავა ყოფილიყო. მთავრობა ღიად გამოხატავდა, რომ არ ენდობოდა ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც სავალუტო ფონდის მხარდაჭერით სარგებლობდა. 2023 წლის მარტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კანონით, ერბანკის მართვა სწორედ არჩილ მესტვირიშვილმა განაგრძო, თუმცა „ოცნებამ“ სასწრაფო წესით, ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღო. ივნისში ეს პოსტიც და ერბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაც ნათია თურნავამ ჩაიბარა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ „არავითარი სანერვიულო არ არის. როცა (ეროვნულ ბანკში) პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ვფიქრობ, ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც“ – აღნიშნა პრემიერმა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც ირწმუნება, რომ არსებითი გავლენა პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე არ ექნება. მისი თქმით, „ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბუნებრივია, რომ უმჯობესია ეს პროცესი (პროგრამის აღდგენა) დასრულდეს მალე“. „თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. მასაც მიაჩნია, რომ „შეჩერებული პროგრამა“ “დღევანდელი მდგომარეობით” საფრთხეს არ ქმნის.

რას ეფუძნება საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი, ექსპერტების აზრით, რთული სათქმელია. ურთიერთობა სავალუტო ფონდსა და მთავრობას შორის კიდევ უფრო კრიტიკული გახდა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, აშშ-ს მიერ სანქცირებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. საპასუხოდ, სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“ და მხოლოდ საკითხის „ზედმიწევნითი შესწავლის“ შემდეგ შეაფასებს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს, ფონდის პროგრამის აღდგენის მიზნით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამ დროისთვის, თბილისში, სავალუტო ფონდის ტექნიკური ჯგუფი იმყოფება და სიტუაციას სწავლობს. „ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მე ეჭვი მაქვს გაოცებულები არიან, საერთოდ რა ხდება. შეიძლება ჯერ ვერ ხვდებიან, რას აქვს ადგილი. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი ერთი საათის გამავლობაში, იღებს გადადგომის გადაწყვეტილებას“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა. მისი თქმით, „რა თქმა უნდა ფონდის რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი და შესაძლოა, ამას ჰქონდეს ძალიან უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ირიბად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველო ბოლომდე არ აღიარებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი“. “ეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია. ეს აჩვენებს, რომ მმართველ კლანს, პოლიტიკური ელიტის შემადგენლობას შეუძლია, რომ გაწიროს ინსტიტუტები, საკუთარი პირადი, ინდივიდუალური კეთილდღეობის გამო. გაფუჭება ურთიერთობის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი საქართველოს ეკონომიკისთვის“ – ამბობს “ამერიკის ხმასთან” რუსეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ეხმარება გაუმკლავდეს სავაჭრო დისბალანს, ბიუჯეტის დეფიციტს, კაპიტალის გადინებას და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ შოკებს. პროგრამას და ფონდის შეფასებებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპორტის ზრდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის, საგარეო ვალის შემცირების კუთხით. ასევე ქვეყნის ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის რეფორმების სწორად დაგეგმვის და წარმართვის თვალსაზრისით.

წყარო

“ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს უკეთებს” – ეკა გიგაური

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს სპეციალურად უკეთებს. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოახდენენ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი “ქართულმა ოცნებამ” სპეციალურად, ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის მხრიდან პირველ შეფასებას ველით.

“ფაქტობრივად, ხელისუფლება ერჩის ადამიანს, რომელიც დადის ევროკავშირის ქვეყნებში, ხვდება იქ ლიდერებს და მათ სთხოვს, რომ საქართველოს სტატუსი მიანიჭონ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშკარა იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ეს ძალიან კარგად იციან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. ეს არ არის დამთხვევა. ამას სპეციალურად აკეთებენ. სპეციალურად უკეთებენ საბოტაჟს ქვეყნის ევროინტეგრაციას. იციან, რომ თუკი ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს გააკეთებენ, ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებთ”, – განაცხადა გიგაურმა.

“საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს“ (ავტორი – ნადია ბერდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს მიერ გაცხადებული უარი გაყინოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნის აქტივები, რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთის აგენტადაა შერაცხული, კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ადრე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზეც მუშაობდა, სანქცირებული პირების სიაში შეიტანა – დაიმოწმა რა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა რუსული სპეცსამსახურის – უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით მიიღო და განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ იგი თითქოსდა დათანხმებულა გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე და მთავრობის პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“.

თავდაპირველად საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის აქტივების გაყინვის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ფაქტობრივად, ბიზნესმენი დაიცვა. ბანკის გადაწყვეტილების ასეთმა სწრაფმა ცვლილებამ სამი ადგილობრივი მაღალჩინოსნის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი თანამდებობიდან – ბანკის პრეზიდენტის მოადგილეობიდან (ვიცე-პრეზიდენტის) პოსტებიდან გადადგნენ. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მწვავე დებატები დაიწყო იმაზე, თუ რატომაა მზად მმართველი პარტია დაიცვას ისეთი ფიგურები, რომლებსაც ოლიგარქთან და პარტიის დამაარსებელთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

„არავის არ სჯერა, რომ სახელმწიფო ბანკი დამოუკიდებელია. ის მთავრობის ნაწილს წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი, ეკონომისტი, ლიბერტარიანული პარტიის გირჩის დეპუტატი პარლამენტში, – „იგი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენს. იგი გენპროკურორი იყო და მას ახლო კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან“.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა ბერამ ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილი მონათლა. ანალიტიკოსთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ქვეყანაში არავითარ პოლიტიკურ როლს არ ასრულებს და მას თანამდებობა არ აქვს დაკავებული, იგი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ძველებურად აკონტროლებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ოლიგარქმა თავისი სიმდიდრე რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და მას წილი ჰქონდა რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომშიც“. მისი ქონება 6,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით მესამედს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილმა „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნას, რომ სიტუაციისადმი კომენტარი გაეკეთებინა, არ უპასუხა.

ოთარ ფარცხალაძე, რომელიც გენერალურ პროკურორად „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა, ექვსი თვე იმუშავა და შემდეგ თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა – იმ ინფორმაციის ფონზე, რომ იგი თურმე გერმანიაში ნასამართლევი ყოფილა. მან მართლაც წერილობითი სახით აღიარა, რომ სასჯელს გერმანიაში პოლიციელთან „სიტყვიერი შელაპარაკების“ გამო იხდიდა. 2018 წელს ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება წაუყენეს საქართველოს საკონტროლო-სარევიზიო ორგანოს ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო, მაგრამ 2021 წელს იგი თბილისის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს „რუს-ქართველი ოლიგარქი“ უწოდა, რომელიც რეგულარულად დადის რუსეთში და სადაც მან რუსეთის მოქალაქის პასპორტი უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით აიღო.

აშშ-ის სანქციური პირების სიაში ასევე შეტანილია რუსეთის ორი კონსალტინგური კომპანია, რომლებიც ნაწილობრივ ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში არიან. „ფაინენშელ თაიმსი“ მასთან დაკავშირებას შეეცადა კომენტარისათვის, მაგრამ საუბარი ვერ მოხერხდა. (…)

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბული რჩება: რამდენიმე კვირის შემდეგ თბილი ბრიუსელის დასკვნა-რეკომენდაციებს ელოდება, რომლის მიხედვით უნდა გაირკვეს – მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად.

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკანდახევით, კორუფციასთან და ოლიგარქიზმთან ბრძოლის შესუსტებით, რის გამოც ევროინტეგრაციის პროცესი შენელდა. ამიტომაც ევროკომისიამ მას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მხოლოდ „პირობითი პერსპექტივა“ მისცა, რეფორმების გატარების კვალობაზე.
იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაემახვილებინა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე, ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური კამპანია სავარაუდო პროდასავლური შეთქმულების წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა მთავრობის დასამხობად იყო მიმართული. გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებამ განაცხადა, რომ გახსნილია შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მონაწილეობით, რომლებიც პროდასავლური ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინაშიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, ქართველ კონტრმზვერავებს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

„ისინი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებენ, როცა ქვეყანაში კრიზისი დგება“, – ამბობს ეკა გიგაური, საქართველოში Transparency International-ის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, „მთავრობა მსგავს ისტორიებს ხშირად იგონებს, მაგალითად, არჩევნების წინ და აცხადებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა, ვთქვათ, უკრაინა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზებას აპირებსო. ასეთი ისტორიები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არის მიმართული“.

და მაინც, ქართული საზოგადოება ძირითადად პროდასავლური რჩება: ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ რესპონდენტების 90% ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, კოალიციის სახით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შედეგად. მოგვიანებით, 2019 წელს, როცა საზღვარგარეთ, უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა [მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული], იგი დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს. მიხეილ სააკაშვილი პროტესტებს აცხადებდა ციხეში გაუსაძლის ყოფაზე, აწყობდა შიმშილობებს, რის შედეგადაც მან წონაში დაიკლო.

ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, საქართველომ უარი განაცხადა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე. პირიქით, თბილისი დაეთანხმა მოსკოვს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვა რუსი ემიგრანტები, ხოლო მმართველი პარტიის კანონმდებლები შეეცადნენ რუსეთის ანალოგიური კანონის მიღებას „უცხოელი აგენტის“ შესახებ, რომელიც ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის გასაკონტროლებლად იყო მიმართული.

„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ისე აჩვენებს, თითქოსდა მას ევროკავშირის წევრობა სურს – იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობა პროევროპულადაა განწყობილი“, – ამბობს სონია შიფერსი, გერმანული ანალიტიკური ცენტრის – ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიური ოფისის დირექტორი, – „მმართველ პარტიას არ შეუძლია ღიად შეაქციოს ზურგი ევროპას, რადგან იცის, რომ ასეთი მოქმედება ფართომასშტაბიან პროტესტებს გამოიწვევს… თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ბევრი მოქმედება სრულიად არ უწყობს ხელს ევროკავშირის წევრობას“.

წყარო