როდის აღდგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა? – „ამერიკის ხმა“

266
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America-მ („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „როდის აღდგება საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა?“. გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს: „ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის დამყარებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზე. ახლა ეს პროგრამა რომ შეჩერდა, მით უმეტეს, ასეთ სკანდალურ კონტექსტში, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი“ – ასე აფასებს „ამერიკის ხმასთან“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებას ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი. როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, ამჟამად „ეს არის ანთებული ყვითელი შუქი შუქნიშანზე. ეს პროგრამა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. თუ ეს არ გამოვასწორეთ, მოვა დრო და ჩვენ, ყველა ამას (პროგრამის შეჩერებას) საკუთარ ჯიბეებზე ვიგრძნობთ“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) ფარგლებში, 289 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, 2022 წლის ივნისში დაამტკიცა. ერთი წლის თავზე კი ფონდმა პროგრამა შეაჩერა და აღდგენის პერსპექტივა, ბოლო ვითარების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ბუნდოვანია. სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უთანხმოება 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის უმაღლეს საზედამხედველო ორგანოში – საბჭოში, აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის ბალანსის დარღვევის გამო დაიწყო; ღია კონფლიქტში ეს უთანხმოება, 2023 წლის ზამთარში გადაიზარდა, როცა სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შეცვალა ეროვნული ბანკის ორგანული კანონი და შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რათა ერბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არა არჩილ მესტვირიშვილი, არამედ ნათია თურნავა ყოფილიყო. მთავრობა ღიად გამოხატავდა, რომ არ ენდობოდა ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც სავალუტო ფონდის მხარდაჭერით სარგებლობდა. 2023 წლის მარტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კანონით, ერბანკის მართვა სწორედ არჩილ მესტვირიშვილმა განაგრძო, თუმცა „ოცნებამ“ სასწრაფო წესით, ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღო. ივნისში ეს პოსტიც და ერბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაც ნათია თურნავამ ჩაიბარა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ „არავითარი სანერვიულო არ არის. როცა (ეროვნულ ბანკში) პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. ვფიქრობ, ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც“ – აღნიშნა პრემიერმა.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც ირწმუნება, რომ არსებითი გავლენა პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე არ ექნება. მისი თქმით, „ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბუნებრივია, რომ უმჯობესია ეს პროცესი (პროგრამის აღდგენა) დასრულდეს მალე“. „თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. მასაც მიაჩნია, რომ „შეჩერებული პროგრამა“ “დღევანდელი მდგომარეობით” საფრთხეს არ ქმნის.

რას ეფუძნება საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი, ექსპერტების აზრით, რთული სათქმელია. ურთიერთობა სავალუტო ფონდსა და მთავრობას შორის კიდევ უფრო კრიტიკული გახდა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, აშშ-ს მიერ სანქცირებული, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. საპასუხოდ, სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ „შეშფოთებულია“ და მხოლოდ საკითხის „ზედმიწევნითი შესწავლის“ შემდეგ შეაფასებს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს, ფონდის პროგრამის აღდგენის მიზნით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამ დროისთვის, თბილისში, სავალუტო ფონდის ტექნიკური ჯგუფი იმყოფება და სიტუაციას სწავლობს. „ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მე ეჭვი მაქვს გაოცებულები არიან, საერთოდ რა ხდება. შეიძლება ჯერ ვერ ხვდებიან, რას აქვს ადგილი. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი ერთი საათის გამავლობაში, იღებს გადადგომის გადაწყვეტილებას“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა. მისი თქმით, „რა თქმა უნდა ფონდის რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი და შესაძლოა, ამას ჰქონდეს ძალიან უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ირიბად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველო ბოლომდე არ აღიარებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი“. “ეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია. ეს აჩვენებს, რომ მმართველ კლანს, პოლიტიკური ელიტის შემადგენლობას შეუძლია, რომ გაწიროს ინსტიტუტები, საკუთარი პირადი, ინდივიდუალური კეთილდღეობის გამო. გაფუჭება ურთიერთობის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი საქართველოს ეკონომიკისთვის“ – ამბობს “ამერიკის ხმასთან” რუსეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ეხმარება გაუმკლავდეს სავაჭრო დისბალანს, ბიუჯეტის დეფიციტს, კაპიტალის გადინებას და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ შოკებს. პროგრამას და ფონდის შეფასებებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპორტის ზრდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის, საგარეო ვალის შემცირების კუთხით. ასევე ქვეყნის ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის რეფორმების სწორად დაგეგმვის და წარმართვის თვალსაზრისით.

წყარო