“იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა” – ლევან იოსელიანი

119
spot_img

იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, როგორც იოსელიანმა განმარტა, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა.

იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს.

„იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის.

თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.