“საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს”-Financial Times

259
spot_img

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს უარი რუსეთის აგენტის წინააღმდეგ გამოსვლის თაობაზე თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს“ (ავტორი – ნადია ბერდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს მიერ გაცხადებული უარი გაყინოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნის აქტივები, რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთის აგენტადაა შერაცხული, კიდევ ერთ გამოცდას წარმოადგენს თბილის-დასავლეთის ურთიერთობებისათვის.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ადრე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზეც მუშაობდა, სანქცირებული პირების სიაში შეიტანა – დაიმოწმა რა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა რუსული სპეცსამსახურის – უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით მიიღო და განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ იგი თითქოსდა დათანხმებულა გავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე და მთავრობის პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“.

თავდაპირველად საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის აქტივების გაყინვის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ფაქტობრივად, ბიზნესმენი დაიცვა. ბანკის გადაწყვეტილების ასეთმა სწრაფმა ცვლილებამ სამი ადგილობრივი მაღალჩინოსნის უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი თანამდებობიდან – ბანკის პრეზიდენტის მოადგილეობიდან (ვიცე-პრეზიდენტის) პოსტებიდან გადადგნენ. ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მწვავე დებატები დაიწყო იმაზე, თუ რატომაა მზად მმართველი პარტია დაიცვას ისეთი ფიგურები, რომლებსაც ოლიგარქთან და პარტიის დამაარსებელთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

„არავის არ სჯერა, რომ სახელმწიფო ბანკი დამოუკიდებელია. ის მთავრობის ნაწილს წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი, ეკონომისტი, ლიბერტარიანული პარტიის გირჩის დეპუტატი პარლამენტში, – „იგი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენს. იგი გენპროკურორი იყო და მას ახლო კავშირები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან“.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა ბერამ ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილი მონათლა. ანალიტიკოსთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ქვეყანაში არავითარ პოლიტიკურ როლს არ ასრულებს და მას თანამდებობა არ აქვს დაკავებული, იგი მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ძველებურად აკონტროლებს. როგორც ცნობილია, ქართველმა ოლიგარქმა თავისი სიმდიდრე რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და მას წილი ჰქონდა რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომშიც“. მისი ქონება 6,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით მესამედს შეადგენს. ბიძინა ივანიშვილმა „ფაინენშელ თაიმსის“ თხოვნას, რომ სიტუაციისადმი კომენტარი გაეკეთებინა, არ უპასუხა.

ოთარ ფარცხალაძე, რომელიც გენერალურ პროკურორად „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა, ექვსი თვე იმუშავა და შემდეგ თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა – იმ ინფორმაციის ფონზე, რომ იგი თურმე გერმანიაში ნასამართლევი ყოფილა. მან მართლაც წერილობითი სახით აღიარა, რომ სასჯელს გერმანიაში პოლიციელთან „სიტყვიერი შელაპარაკების“ გამო იხდიდა. 2018 წელს ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება წაუყენეს საქართველოს საკონტროლო-სარევიზიო ორგანოს ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმის გამო, მაგრამ 2021 წელს იგი თბილისის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძეს „რუს-ქართველი ოლიგარქი“ უწოდა, რომელიც რეგულარულად დადის რუსეთში და სადაც მან რუსეთის მოქალაქის პასპორტი უშიშროების ფედერალური სამსახურის დახმარებით აიღო.

აშშ-ის სანქციური პირების სიაში ასევე შეტანილია რუსეთის ორი კონსალტინგური კომპანია, რომლებიც ნაწილობრივ ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში არიან. „ფაინენშელ თაიმსი“ მასთან დაკავშირებას შეეცადა კომენტარისათვის, მაგრამ საუბარი ვერ მოხერხდა. (…)

საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბული რჩება: რამდენიმე კვირის შემდეგ თბილი ბრიუსელის დასკვნა-რეკომენდაციებს ელოდება, რომლის მიხედვით უნდა გაირკვეს – მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად.

ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკანდახევით, კორუფციასთან და ოლიგარქიზმთან ბრძოლის შესუსტებით, რის გამოც ევროინტეგრაციის პროცესი შენელდა. ამიტომაც ევროკომისიამ მას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მხოლოდ „პირობითი პერსპექტივა“ მისცა, რეფორმების გატარების კვალობაზე.
იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაემახვილებინა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელებაზე, ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური კამპანია სავარაუდო პროდასავლური შეთქმულების წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა მთავრობის დასამხობად იყო მიმართული. გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებამ განაცხადა, რომ გახსნილია შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების მონაწილეობით, რომლებიც პროდასავლური ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინაშიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, ქართველ კონტრმზვერავებს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

„ისინი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებენ, როცა ქვეყანაში კრიზისი დგება“, – ამბობს ეკა გიგაური, საქართველოში Transparency International-ის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, „მთავრობა მსგავს ისტორიებს ხშირად იგონებს, მაგალითად, არჩევნების წინ და აცხადებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა, ვთქვათ, უკრაინა საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზებას აპირებსო. ასეთი ისტორიები „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არის მიმართული“.

და მაინც, ქართული საზოგადოება ძირითადად პროდასავლური რჩება: ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ რესპონდენტების 90% ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, კოალიციის სახით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შედეგად. მოგვიანებით, 2019 წელს, როცა საზღვარგარეთ, უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა [მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული], იგი დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს. მიხეილ სააკაშვილი პროტესტებს აცხადებდა ციხეში გაუსაძლის ყოფაზე, აწყობდა შიმშილობებს, რის შედეგადაც მან წონაში დაიკლო.

ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, საქართველომ უარი განაცხადა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე. პირიქით, თბილისი დაეთანხმა მოსკოვს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვა რუსი ემიგრანტები, ხოლო მმართველი პარტიის კანონმდებლები შეეცადნენ რუსეთის ანალოგიური კანონის მიღებას „უცხოელი აგენტის“ შესახებ, რომელიც ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის გასაკონტროლებლად იყო მიმართული.

„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ისე აჩვენებს, თითქოსდა მას ევროკავშირის წევრობა სურს – იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობა პროევროპულადაა განწყობილი“, – ამბობს სონია შიფერსი, გერმანული ანალიტიკური ცენტრის – ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთკავკასიური ოფისის დირექტორი, – „მმართველ პარტიას არ შეუძლია ღიად შეაქციოს ზურგი ევროპას, რადგან იცის, რომ ასეთი მოქმედება ფართომასშტაბიან პროტესტებს გამოიწვევს… თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ბევრი მოქმედება სრულიად არ უწყობს ხელს ევროკავშირის წევრობას“.

წყარო