Home Blog Page 1777

“7 ვერტმფრენი, „სუპერ პუმა”, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში”

მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი წერს, რომელიც მის „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც საქართველომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შეიძინა, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა შოვში.

„მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში.

როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრა სანქციებით. თუ საქართველო მიიღებდა ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში.

სწორედ, ამიტომ ჩვენ ამ “სუპერპუმებს” მივეცით სამოქალაქო სტატუსტი. რეალურად, ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები, როგორც სამხედრო, ასევე, სამაშველო. მას სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.

პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ამ ვერტმფრენების ყიდვაში ჩართული. სარკოზის პირადი კავშირებით უპრეცედენტო, ფაქტობრივად 0% კრედიტით ვიყიდეთ 7 “ევროკოპტერი” და დამატებით კიდევ ვგეგმავდით 7 ჩამოყვანას საქართველოში.

როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და უთხრა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. მას კარგად აუხსნეს, რომ რუსეთი არ გვაძლევდა მარაგნაწილებთან წვდომას და რომ ეს დაჯდებოდა ბევრად ძვირი. ამ საუბრის მიუხედავად ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკება პეტერბურგელ ბიზნესმენთან, “ევროკოპტერების” გასაყიდად, იმ “ევროკოპტერების”, რომელიც საფრანგეთისგან რუსეთის დიდი ზეწოლის მოუხედავად, მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში!“,- წერია მიხიელ სააკაშვილის განცხადებაში.

“ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ, ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო” -ანდრია გვიდიანი

საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს. მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელი ქვეყანა გლოვობს, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არსებულ ვითარებაშიც კი, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

მისი თქმით, პოლიტიკის გამო ყველანაირი საზღვრის გადაკვეთა დაუშვებელია.

„მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს.

მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვათ. ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და, უფრო უარესი, ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო.

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!” – წერს ანდრია გვიდიანი.

“დასვენების დღეები დაუმთავრდათ და ჩემმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა”

დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოცხადების შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა  კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი სტიქიის  ადგილზე მისი ოჯახის გადასარჩენად ჩაფრინდა.

თბილისის მერმა აღნიშნულ ინფორმაციას კონკრეტული მედიაარხის მიერ მიზანმიმართულად გავრცელებული სამარცხვინო   პროვოკაცია უწოდა  და აღნიშნა, რომ დასვენების დღეების დასრულების გამო, მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა რაჭა სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, ავტომობილით დატოვეს.

„რაც შეეხება  აღნიშნულ საკითხს, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო. ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას და ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ კუთხის მიმართ. გუშინ დასვენების დღეები დაუმთავრდათ და სანამ სტიქია, ეს უბედურება დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემივე ავტომობილებით დატოვეს ტერიტორია, აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება. ეს სპეკულაციები მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს.

კონკრეტულად  „TV პირველს“ მინდა მივმართო, თქვენ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე, ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ მთლიანად თქვენი კოლექტივი, თქვენ ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს, ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს ტერიტორია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შვილები გადამირჩინა, თუმცა, ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე, კახა კალაძისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „ოქრიაშვილი არის  ნაძირალა, რომელიც მზადაა, იკადროს და გააკეთოს ყველაფერი“.

“დაკარგულთა ოჯახის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ ვაჩვენოთ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ.

„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ სტიქიის ეპიცენტრში. მათ სურვილი გამოთქვეს, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა. სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

“დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში”

დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

„დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით ასევე ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, იმისთვის რომ შევძლოთ კიდევ ადამიანების გადარჩენა და გაგრძელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება.

კიდევ ერთხელ, მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ ადამიანებს და ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

In Sorrow and Solidarity, Iran Stands with Georgia

The Embassy of the Islamic Republic of Iran in Georgia is deeply saddened by the devastating landslide that struck the Shovi region of Georgia on August 3, 2023.

We offer our deepest condolences to the families of the victims who lost their lives in this tragedy and to the government and people of Georgia.

We are also grateful to the rescuers who have saved the lives of approximately 210 citizens and provided assistance to those affected by the landslide.

The people of Iran stand in solidarity with the people of Georgia. We offer our support in any way that we can, both in the immediate aftermath of the disaster and in the long-term recovery effort.

We know that the road to recovery will be long and difficult, but we are confident that the Georgian people will rise from this tragedy stronger than ever before. Together, we will create a brighter future for all.

 

ირანის მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს.

ამასთან, მადლობას ვუხდით მაშველებს, რომლებმაც დაახლოებით 210 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

ირანელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. ჩვენ გთავაზობთ ყოველგვარ შესაძლო მხარდაჭერას, როგორც კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში, ასევე გრძელვადიანი რეაბილიტაციის პროცესში.

ვიცით, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელი და რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი ამ ტრაგედიიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა,“- ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6117 ლარი ეღირება, ევრო – 2.8590 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3171 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6150 ლარი ღირდა, ევრო – 2.8585 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3101 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 აგვისტოს ამოქმედდება.

“აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში”

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან.

„მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

„დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ — The New York Times

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ (ავტორები – ერიკ შმიტი და ჰელენ კუპერი), რომლის თანახმად, ნატოს სტანდარტებით მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას ვერ აღწევენ და ხშირად ისევ რუსულ (საბჭოურ) სისტემას უბრუნდებიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევის პირველი ეტაპი სასიამოვნო და წარმატებული არ გამოდგა უკრაინის არმიის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა გაწვრთნეს და აღჭურვეს.

თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღითა და მძიმე სამხედრო ჯავშანტექნიკით შეიარაღებული „დასავლურად გაწვრთნილი“ უკრაინელი ჯარისკაცები სარდლობამ შეტევის ავანგარდში ჩააყენა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწიეს: ჯერ ერთი, რომ მათ რუსების მიერ დანაღმულ ველებზე „წაიბორძიკეს“, მეორეც – ისინი რუსების არტილერიის და ავიაციის – დამრტყმელი ვერტმფრენების მუდმივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. „დასავლელი უკრაინელი სამხედროები“ ბრძოლის ველზე ლანდებივით დადიან და უკან იხევენ. ერთ-ერთი ქვედანაყოფის მძიმე ტექნიკა მთლიანად განადგურდა, მეორე კი ისე სუსტად იბრძოდა, რომ სარდლობა იძულებული გახდა პირადი შემადგენლობა საომარი ველიდან უკან, ზურგში გადაეყვანა. [დანაკარგები ძალზე დიდი აღმოჩნდა].

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, ამჟამად უკრაინის არმიის სარდლობამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა – აღარ მიდიან დანაღმულ მინდვრებზე და საარტილერიო ცეცხლით არიან დაკავებულნი.

უკრაინის გადაწყვეტილება ტაქტიკის შეცვლის თაობაზე იმის მკაფიო სიგნალი გახდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედები უკრაინული სამხედრო ნაწილების მასშტაბურ წინსვლაზე ჯერ-ჯერობით არ მართლდება.

შესაბამისად, ჩნდება კითხვები დასავლელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ: არის თუ არა მათი საბრძოლო დონე საკმარისი? იბადება ეჭვებიც – რისთვის დაიხარჯა უამრავი ფული, მათ შორის აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი 44 მილიარდი დოლარი?

„კონტრშეტევა, მთლიანობაში, არ ჩაშლილა. უკრაინელების საომარი მოქმედებები დროში ჭიანურდება, შეტევა შემოდგომაზეც გაგრძელდება“, – ამბობს აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ კოფმანი, რომელიც ამას წინათ ფრონტზე იმყოფებოდა, – შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ვიტყვი, რომ პრობლემა დასავლეთის ვარაუდებშია: მათ ეგონათ, რომ ნატოს სტანდარტებით დაჩქარებულად მომზადებული უკრაინელები რუსული ჯარის გამაგრებულ ზღუდეებს ერთი დარტყმით გაანადგურებდნენ. ასე რომ, დასავლურმა წვრთნის მეთოდებმა ამ მხრივ ეფექტურობა მაინცდამაინც ვერ გამოავლინა“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროს აჭიანურებს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები გამოფიტოს და გამარჯვება ამ გზით მოიპოვოს.

აშშ-ის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია უკრაინის სარდლობის გადაწყვეტილებით ძველი ტაქტიკისადმი დაბრუნებასთან დაკავშირებით. კონტრშეტევის გაგრძელება ძირითადად მხოლოდ საარტილერიო ცეცხლით იმას გამოიწვევს, რომ ჯარს დეფიციტური საბრძოლო მასალები სწრაფად გამოელევა, რაც, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის „წისქვილზე წყლის დასხმას“ ნიშნავს. უკრაინისათვის ომის გაჭიანურება ფრიად არასასურველია.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მიერ მომზადებული უკრაინის არმიის 9 ბრიგადა (დაახლოებით 36 ათასი ჯარისკაცი) წარმატებით იბრძოლებდა და საომარი მოქმედებების ამერიკული მეთოდების უპირატესობას აჩვენებდა, რუსულ ტაქტიკასთან შედარებით. რუსებს ხისტი და ცენტრალიზებული მართვის სისტემა აქვთ, ამერიკელები კი უკრაინელ მეთაურებს ასწავლიდნენ, რომ მეტი უფლებამოსილება მიეცათ გამოცდილი ჯარისკაცებისათვის, რათა მათ ადგილებზე სწრაფად თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილება და ქვეითების მოქმედება სინქრონული ყოფილიყო ტანკებისა და არტილერიის მოქმედებასთან.

დასავლელი წარმომადგენლების მტკიცებით, ასეთი მიდგომა ბევრად ეფექტურია, ვიდრე რუსეთის არმიის ძვირადღირებული სტრატეგია ომის გაჭიანურების თაობაზე, რაც უკრაინის არმიისათვის ზიანის მომტანია – ჭურვებისა და საბრძოლო მასალების რეზერვების დაცლას გამოიწვევს.

დასავლელი ინსტრუქტორების უკრაინელებს ძირითადად შემტევ მოქმედებებს ასწავლიდნენ, ვიდრე თავდაცვითს – იმიტომ, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურთ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დაჩქარებული წვრთნა (ოთხიდან ექვს კვირამდე) მაინცდამაინც დიდ შედეგებს ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა კონტრშეტევის პირველ ეტაპზე მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს (დანაღმული ველების გავლისას, ღამის ბრძოლების დროს, მძიმე ტექნიკის გამოყენების თვალსაზრისით).

დღეისათვის რუსებმა უკრაინელებს დასავლური ტექნიკის 20% უკვე გაუნადგურეს. არადა, კიევს იმედი ჰქონდა, რომ მათი დახმარებით რუსების გამაგრებულ ზღუდეებს შემუსრავდა.

რასაკვირველია, დასავლელი სამხედრო ექსპერტები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის პირველი ეტაპი მძიმე იქნებოდა. „მათ ძალზე რთული ამოცანის შესრულება უხდებათ – რუსების კაპიტალურად აგებული და გამაგრებული ხაზის გადალახვა. უკრაინელებს კი მცირე დრო ჰქონდათ მოსამზადებლად“, – ამბობს ამერიკელი ექსპერტი რობერ ლი, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტკის კვლევის ინსტიტუტიდან.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინის არმიას შეუძლია ბრძოლის ამერიკულ მეთოდებს რუსული თავდაცვის გარღვევის შემდეგ დაუბრუნდეს, მაგრამ არსებობს შიში, რომ დანაკარგები გაიზრდება. როგორც ცნობილია, არმია შეტევის დროს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე თავდაცვის დროს.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები საერთო საჯარისო ბრძოლის ტაქტიკაზე უარს იტყვიან“, – ამბობს ინტერვიუში ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, რომელიც ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო, – თუ ისინი შეძლებენ რუსების თავდაცვის პირველი, მეორე და მესამე ხაზის გარღვევას, მაშინ საერთო-საჯარისო ბრძოლები დაიწყება და ჩვენ იმ საომარ მოქმედებებს ვნახავთ, რომლებიც ნატოს წესებით განვითარდება“.

ჯერ-ჯერობით უკრაინა მთავარი მიმართულებით – მელიტოლის გავლით აზოვის ზღვის ნაპირებისაკენ – მხოლოდ მცირე ქვედანაყოფებით უტევს, მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ბრძოლებით წარმატება მიღწეული იქნება. ბრიტანული კვლევითი ჯგუფის წევრების ლუკა კაპოვინისა და ალექსანდრე სტრონელის აზრით, უკრაინელების მიერ შერჩეული ბრძოლის ტაქტიკა – ლოკალური შეტევები მცირე ქვედანაყოფებით – არასწორია და სავარაუდოდ, ბევრ დანაკარგს გამოიწვევს და ვერც ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს“.

წყარო

“ახლა მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა”

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სამაშველო ოპერაციაზე და კრიტიკული დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ახლა ყველაზე მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების გადარჩენაა და ამის შემდეგ უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, თუ რატომ და როგორ მოხდა.

მმართველობის ეს სტილი, რომლის შეცვლაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, აუცილებლად იჩენს თავს ყველაფერში, საგარეო პოლიტიკა იქნება, საგანგებო მდგომარეობა, თუ სხვა. ამაზე საუბრის დრო დადგება, თუმცა ახლა მთავარია, ეს ადამიანები გადავარჩინოთ და ის ადამიანები ვანუგეშოთ, ვისაც ამხელა უბედურება დაატყდა თავს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“ – Die Welt

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში თუ ეწვევი და ქუჩებში გაივლი, თვალში გეცემა კედლებზე გაკეთებული ანტირუსული წარწერებისა და უკრაინის დროშების სიმრავლე. 15 წლის წინათ საქართველომ თვითონ გადაიტანა რუსეთთან ომი და ამიტომ მისი სოლიდარობის დონე უკრაინასთან განსაკუთრებით მაღალია. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, რომ ამ დროს ბევრი რუსისათვის საქართველო თავშესაფრად არის ქცეული, ასევე უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც კავკასიური სამზარეულოთი, ღვინით, ზღვისა და მთის კურორტებით არის განთქმული“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“.

საქართველოს მთავრობა, რომელიც ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფვის, დღეს, რუსეთთან საომარი გამოცდილების მიუხედავად, კავშირებს ჩრდილოელ მეზობელთანაც ავითარებს, რაც იწვევს როგორც საკუთარი მოქალაქეების ნაწილის, ასევე დასავლეთის გაღიზიანებასაც.

ორად გაყოფილი ქვეყანა

თბილისელებს თუ გაესაუბრები, შეამჩნევ, რომ მათთან ლაპარაკში უკმაყოფილებაა გამოხატული იმით, რომ ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რაზედაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობენ. ევროპისაკენ უმეტესად ქართველი ახალგაზრდები მიილტვიან, თუმცა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დიდ ზიანს აყენებს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტი, რაც ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. აგრესორმა მეზობელმა მათი „დამოუკიდებლობაც“ აღიარა.

იმ დროს, როცა მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს რუსეთთან ომის უბედურება, ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს მოსკოვს და გარკვეული ეკონომიკური კავშირებით ისარგებლოს, მაგალითად ტურიზმის სფეროში. ორიოდე თვის წინათ რუსეთმა აღადგინა ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა ორ მეზობელს შორის.

ამასთან, საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ეწინააღმდეგება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილებები არ გააჩნია და ამიტომ ვერ ახდენს გავლენას მთავრობის პოლიტიკურ კურსზე. პრეზიდენტის ანტირუსულ პოზიციას მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.
საქართველოს ხელისუფლებაში პოზიციების განსხვავება (პრეზიდენტსა და მთავრობას შორის) ნათლად გამოვლინდა ბათუმში თურქული საკრუიზო გემის შესვლისას, რომლის ბორტზე რუსი ტურისტებიც იყვნენ. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, მთავრობამ კი მათი მოქმედება გააკრიტიკა.

რუს ტურისტებზე დამოკიდებული ეკონომიკა

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ქართული სტუმართმოყვარეობის საფუძველზე ვითარდება, ეს ეხება ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის რუსეთიდანაც. „რუსი ტურისტების გარეშე ქვეყანა ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ მმართველი პარტია და მისი დამაარსებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პრორუსულ რეჟიმს ქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლიდან მცირე ხნით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო, ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეს ებრძოდა და ცდილობდა საქართველოსთვის უპერსპექტივობა თავიდან აეცილებინა, თუმცა შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის: საშუალო ხელფასი დაახლოებით მხოლოდ 400 ევროა, უმუშევრობა ოფიციალურად 13%-ს აღწევს, რეალურად კი უფრო მეტია, თითქმის 30%.

როგორც ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, საქართველოს რუსეთთან კავშირებს რუსული ბაზარი განაპირობებს, სადაც ქართული პროდუქცია გადის. ტურიზმმა და რუსეთის მოქალაქეების ჩასვლამ განაპირობა ქართული ვალუტის კურსის სტაბილიზება. საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის რუსეთში უცხოური წარმოების პროდუქციაც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით.

„პრორუსული მთავრობა“

რუსული გადახრების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარეგნულად თითქოსდა პროევროპული რჩება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ევროპული კურსის განმტკიცებისთვის, პირიქით, ის სულ უფრო ხდება რუსეთის მხარდამჭერი. დასავლური ფასეულობები უარყოფილია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. იგი ქართულ ეკლესიასაც აკრიტიკებს და მასში ანტილიბერალურ ძალას ხედავს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა. ქართული ეკლესიის მომხრეები – ულტრანაციონალისტები შეურიგებლობას ამჟღავნებენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, რაც ევროპული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, საქართველოს სასამართლო სისტემა სრულიად კორუმპირებულია და მთავრობის პოლიტიკას ატარებს. იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროევროპულ განწყობას გამოხატავს და კრემლთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საქართველოში ახალი რუსული ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის, ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგა ბოკერიაა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმარია. „ჩვენთან ახლა დასავლეთის დემონიზაცია ხდება. მმართველი პარტია ისეთ პოლიტიკას ატარებს, თითქოსდა მას მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს – რუსეთთან შერიგება, სხვაგვარად კი შეიძლება ომი დაიწყოს“, – ამბობს 51 წლის პოლიტიკოსი.

„მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას კიდევ შერჩენია ღირსება, ვლადიმერ პუტინთან არავითარ გარიგებაზე არ უნდა დათანხმდეს“, – ხაზს უსვამს გიგა ბოკერია. მას სურს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მომავალ წელს, ახალი პროევროპული კოალიცია ჩამოაყალიბოს: „ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსი შეუერთდეს ერთადერთ სამართლიან დასავლურ ცივილიზაციას. თუ 2024 წლის არჩევნებით არაფერი შეიცვლება, კატასტროფა იქნება“.

წყარო