„დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ — The New York Times

98
spot_img

ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინული ქვედანაყოფები სათანადოდ ვერ იბრძვიან“ (ავტორები – ერიკ შმიტი და ჰელენ კუპერი), რომლის თანახმად, ნატოს სტანდარტებით მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებას ვერ აღწევენ და ხშირად ისევ რუსულ (საბჭოურ) სისტემას უბრუნდებიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევის პირველი ეტაპი სასიამოვნო და წარმატებული არ გამოდგა უკრაინის არმიის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა გაწვრთნეს და აღჭურვეს.

თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღითა და მძიმე სამხედრო ჯავშანტექნიკით შეიარაღებული „დასავლურად გაწვრთნილი“ უკრაინელი ჯარისკაცები სარდლობამ შეტევის ავანგარდში ჩააყენა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწიეს: ჯერ ერთი, რომ მათ რუსების მიერ დანაღმულ ველებზე „წაიბორძიკეს“, მეორეც – ისინი რუსების არტილერიის და ავიაციის – დამრტყმელი ვერტმფრენების მუდმივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. „დასავლელი უკრაინელი სამხედროები“ ბრძოლის ველზე ლანდებივით დადიან და უკან იხევენ. ერთ-ერთი ქვედანაყოფის მძიმე ტექნიკა მთლიანად განადგურდა, მეორე კი ისე სუსტად იბრძოდა, რომ სარდლობა იძულებული გახდა პირადი შემადგენლობა საომარი ველიდან უკან, ზურგში გადაეყვანა. [დანაკარგები ძალზე დიდი აღმოჩნდა].

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, ამჟამად უკრაინის არმიის სარდლობამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა – აღარ მიდიან დანაღმულ მინდვრებზე და საარტილერიო ცეცხლით არიან დაკავებულნი.

უკრაინის გადაწყვეტილება ტაქტიკის შეცვლის თაობაზე იმის მკაფიო სიგნალი გახდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედები უკრაინული სამხედრო ნაწილების მასშტაბურ წინსვლაზე ჯერ-ჯერობით არ მართლდება.

შესაბამისად, ჩნდება კითხვები დასავლელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ: არის თუ არა მათი საბრძოლო დონე საკმარისი? იბადება ეჭვებიც – რისთვის დაიხარჯა უამრავი ფული, მათ შორის აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი 44 მილიარდი დოლარი?

„კონტრშეტევა, მთლიანობაში, არ ჩაშლილა. უკრაინელების საომარი მოქმედებები დროში ჭიანურდება, შეტევა შემოდგომაზეც გაგრძელდება“, – ამბობს აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ კოფმანი, რომელიც ამას წინათ ფრონტზე იმყოფებოდა, – შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ვიტყვი, რომ პრობლემა დასავლეთის ვარაუდებშია: მათ ეგონათ, რომ ნატოს სტანდარტებით დაჩქარებულად მომზადებული უკრაინელები რუსული ჯარის გამაგრებულ ზღუდეებს ერთი დარტყმით გაანადგურებდნენ. ასე რომ, დასავლურმა წვრთნის მეთოდებმა ამ მხრივ ეფექტურობა მაინცდამაინც ვერ გამოავლინა“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროს აჭიანურებს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები გამოფიტოს და გამარჯვება ამ გზით მოიპოვოს.

აშშ-ის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია უკრაინის სარდლობის გადაწყვეტილებით ძველი ტაქტიკისადმი დაბრუნებასთან დაკავშირებით. კონტრშეტევის გაგრძელება ძირითადად მხოლოდ საარტილერიო ცეცხლით იმას გამოიწვევს, რომ ჯარს დეფიციტური საბრძოლო მასალები სწრაფად გამოელევა, რაც, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის „წისქვილზე წყლის დასხმას“ ნიშნავს. უკრაინისათვის ომის გაჭიანურება ფრიად არასასურველია.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მიერ მომზადებული უკრაინის არმიის 9 ბრიგადა (დაახლოებით 36 ათასი ჯარისკაცი) წარმატებით იბრძოლებდა და საომარი მოქმედებების ამერიკული მეთოდების უპირატესობას აჩვენებდა, რუსულ ტაქტიკასთან შედარებით. რუსებს ხისტი და ცენტრალიზებული მართვის სისტემა აქვთ, ამერიკელები კი უკრაინელ მეთაურებს ასწავლიდნენ, რომ მეტი უფლებამოსილება მიეცათ გამოცდილი ჯარისკაცებისათვის, რათა მათ ადგილებზე სწრაფად თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილება და ქვეითების მოქმედება სინქრონული ყოფილიყო ტანკებისა და არტილერიის მოქმედებასთან.

დასავლელი წარმომადგენლების მტკიცებით, ასეთი მიდგომა ბევრად ეფექტურია, ვიდრე რუსეთის არმიის ძვირადღირებული სტრატეგია ომის გაჭიანურების თაობაზე, რაც უკრაინის არმიისათვის ზიანის მომტანია – ჭურვებისა და საბრძოლო მასალების რეზერვების დაცლას გამოიწვევს.

დასავლელი ინსტრუქტორების უკრაინელებს ძირითადად შემტევ მოქმედებებს ასწავლიდნენ, ვიდრე თავდაცვითს – იმიტომ, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურთ. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დაჩქარებული წვრთნა (ოთხიდან ექვს კვირამდე) მაინცდამაინც დიდ შედეგებს ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა კონტრშეტევის პირველ ეტაპზე მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს (დანაღმული ველების გავლისას, ღამის ბრძოლების დროს, მძიმე ტექნიკის გამოყენების თვალსაზრისით).

დღეისათვის რუსებმა უკრაინელებს დასავლური ტექნიკის 20% უკვე გაუნადგურეს. არადა, კიევს იმედი ჰქონდა, რომ მათი დახმარებით რუსების გამაგრებულ ზღუდეებს შემუსრავდა.

რასაკვირველია, დასავლელი სამხედრო ექსპერტები უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის პირველი ეტაპი მძიმე იქნებოდა. „მათ ძალზე რთული ამოცანის შესრულება უხდებათ – რუსების კაპიტალურად აგებული და გამაგრებული ხაზის გადალახვა. უკრაინელებს კი მცირე დრო ჰქონდათ მოსამზადებლად“, – ამბობს ამერიკელი ექსპერტი რობერ ლი, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტკის კვლევის ინსტიტუტიდან.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინის არმიას შეუძლია ბრძოლის ამერიკულ მეთოდებს რუსული თავდაცვის გარღვევის შემდეგ დაუბრუნდეს, მაგრამ არსებობს შიში, რომ დანაკარგები გაიზრდება. როგორც ცნობილია, არმია შეტევის დროს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე თავდაცვის დროს.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები საერთო საჯარისო ბრძოლის ტაქტიკაზე უარს იტყვიან“, – ამბობს ინტერვიუში ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, რომელიც ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი იყო, – თუ ისინი შეძლებენ რუსების თავდაცვის პირველი, მეორე და მესამე ხაზის გარღვევას, მაშინ საერთო-საჯარისო ბრძოლები დაიწყება და ჩვენ იმ საომარ მოქმედებებს ვნახავთ, რომლებიც ნატოს წესებით განვითარდება“.

ჯერ-ჯერობით უკრაინა მთავარი მიმართულებით – მელიტოლის გავლით აზოვის ზღვის ნაპირებისაკენ – მხოლოდ მცირე ქვედანაყოფებით უტევს, მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ბრძოლებით წარმატება მიღწეული იქნება. ბრიტანული კვლევითი ჯგუფის წევრების ლუკა კაპოვინისა და ალექსანდრე სტრონელის აზრით, უკრაინელების მიერ შერჩეული ბრძოლის ტაქტიკა – ლოკალური შეტევები მცირე ქვედანაყოფებით – არასწორია და სავარაუდოდ, ბევრ დანაკარგს გამოიწვევს და ვერც ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს“.

წყარო