„რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“ – Die Welt

129
spot_img

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში თუ ეწვევი და ქუჩებში გაივლი, თვალში გეცემა კედლებზე გაკეთებული ანტირუსული წარწერებისა და უკრაინის დროშების სიმრავლე. 15 წლის წინათ საქართველომ თვითონ გადაიტანა რუსეთთან ომი და ამიტომ მისი სოლიდარობის დონე უკრაინასთან განსაკუთრებით მაღალია. შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, რომ ამ დროს ბევრი რუსისათვის საქართველო თავშესაფრად არის ქცეული, ასევე უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც კავკასიური სამზარეულოთი, ღვინით, ზღვისა და მთის კურორტებით არის განთქმული“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთთან ომის შემდეგ: საქართველო ორ სკამს შორის“.

საქართველოს მთავრობა, რომელიც ევროკავშირის წევრობისაკენ ისწრაფვის, დღეს, რუსეთთან საომარი გამოცდილების მიუხედავად, კავშირებს ჩრდილოელ მეზობელთანაც ავითარებს, რაც იწვევს როგორც საკუთარი მოქალაქეების ნაწილის, ასევე დასავლეთის გაღიზიანებასაც.

ორად გაყოფილი ქვეყანა

თბილისელებს თუ გაესაუბრები, შეამჩნევ, რომ მათთან ლაპარაკში უკმაყოფილებაა გამოხატული იმით, რომ ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, რაზედაც ქართველები დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობენ. ევროპისაკენ უმეტესად ქართველი ახალგაზრდები მიილტვიან, თუმცა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დიდ ზიანს აყენებს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტი, რაც ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. აგრესორმა მეზობელმა მათი „დამოუკიდებლობაც“ აღიარა.

იმ დროს, როცა მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს რუსეთთან ომის უბედურება, ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს მოსკოვს და გარკვეული ეკონომიკური კავშირებით ისარგებლოს, მაგალითად ტურიზმის სფეროში. ორიოდე თვის წინათ რუსეთმა აღადგინა ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებობდა ორ მეზობელს შორის.

ამასთან, საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ეწინააღმდეგება ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილებები არ გააჩნია და ამიტომ ვერ ახდენს გავლენას მთავრობის პოლიტიკურ კურსზე. პრეზიდენტის ანტირუსულ პოზიციას მხარს უჭერს აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.
საქართველოს ხელისუფლებაში პოზიციების განსხვავება (პრეზიდენტსა და მთავრობას შორის) ნათლად გამოვლინდა ბათუმში თურქული საკრუიზო გემის შესვლისას, რომლის ბორტზე რუსი ტურისტებიც იყვნენ. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, მთავრობამ კი მათი მოქმედება გააკრიტიკა.

რუს ტურისტებზე დამოკიდებული ეკონომიკა

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ქართული სტუმართმოყვარეობის საფუძველზე ვითარდება, ეს ეხება ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის რუსეთიდანაც. „რუსი ტურისტების გარეშე ქვეყანა ერთ მილიარდ დოლარს დაკარგავს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი განაცხადა, რომ მმართველი პარტია და მისი დამაარსებელი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პრორუსულ რეჟიმს ქმნიან.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლიდან მცირე ხნით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო, ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეს ებრძოდა და ცდილობდა საქართველოსთვის უპერსპექტივობა თავიდან აეცილებინა, თუმცა შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის: საშუალო ხელფასი დაახლოებით მხოლოდ 400 ევროა, უმუშევრობა ოფიციალურად 13%-ს აღწევს, რეალურად კი უფრო მეტია, თითქმის 30%.

როგორც ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, საქართველოს რუსეთთან კავშირებს რუსული ბაზარი განაპირობებს, სადაც ქართული პროდუქცია გადის. ტურიზმმა და რუსეთის მოქალაქეების ჩასვლამ განაპირობა ქართული ვალუტის კურსის სტაბილიზება. საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის რუსეთში უცხოური წარმოების პროდუქციაც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით.

„პრორუსული მთავრობა“

რუსული გადახრების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარეგნულად თითქოსდა პროევროპული რჩება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ევროპული კურსის განმტკიცებისთვის, პირიქით, ის სულ უფრო ხდება რუსეთის მხარდამჭერი. დასავლური ფასეულობები უარყოფილია“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. იგი ქართულ ეკლესიასაც აკრიტიკებს და მასში ანტილიბერალურ ძალას ხედავს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა. ქართული ეკლესიის მომხრეები – ულტრანაციონალისტები შეურიგებლობას ამჟღავნებენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ, რაც ევროპული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი თვლის, საქართველოს სასამართლო სისტემა სრულიად კორუმპირებულია და მთავრობის პოლიტიკას ატარებს. იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროევროპულ განწყობას გამოხატავს და კრემლთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საქართველოში ახალი რუსული ბატონობის წინააღმდეგ იბრძვის, ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგა ბოკერიაა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად პატიმარია. „ჩვენთან ახლა დასავლეთის დემონიზაცია ხდება. მმართველი პარტია ისეთ პოლიტიკას ატარებს, თითქოსდა მას მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს – რუსეთთან შერიგება, სხვაგვარად კი შეიძლება ომი დაიწყოს“, – ამბობს 51 წლის პოლიტიკოსი.

„მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას კიდევ შერჩენია ღირსება, ვლადიმერ პუტინთან არავითარ გარიგებაზე არ უნდა დათანხმდეს“, – ხაზს უსვამს გიგა ბოკერია. მას სურს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მომავალ წელს, ახალი პროევროპული კოალიცია ჩამოაყალიბოს: „ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსი შეუერთდეს ერთადერთ სამართლიან დასავლურ ცივილიზაციას. თუ 2024 წლის არჩევნებით არაფერი შეიცვლება, კატასტროფა იქნება“.

წყარო