Home Blog Page 1776

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6811 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6811 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8422 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0163 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი” – გია ვოლსკი

კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ვოლსკის თქმით, მას შემდეგ რა ინფორმაციაც სუს-მა გამოაქვეყნა, არ ჰგონია, რომ რელევანტურია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებების დაჩქარებულად მიღება.

„კარავზე იყო ლაპარაკი, უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობდა და ამ გეგმების ერთ ერთი ფრაგმენტი იყო, რომ კარავში უნდა მოხდეს რაღაცის აფეთქება, ან რაღაც ისეთის შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციისთვის პროცესების განვითარებას. ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს, მაგრამ მანიფესტაციები, რომლებიც იგეგმება, არის ის სცენარი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი, რასაკვირველია, კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

“სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა”

სუს-ის გამოძიება არის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა.

„სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება გადატრიალების მცდელობით არაერთხელ გვინახავს. დაახლოებით ასეთ ხუთ საქმეზე მე პირადად ვარ დაკითხული ამ 11 წლის განმავლობაში. ხან საბურავების რევოლუციას გვაბრალებდნენ და ხან კიდევ რას, თუმცა არცერთი საქმე ბოლომდე არ მისულა. იმიტომ, რომ ეს საქმეები ყოველთვის იყო პოლიტიკური ნონსენსი და ყოველთვის რაღაცის გადასაფარად სჭირდებოდათ. სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებაც ახლა არის იმის მცდელობა, გადაფარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის, მაგალითად, ფარცხალაძის აგენტობა და სხვა მიზანი ამას არ აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა. მინდა, ამ განცხადების პასუხად ვკითხო, სად იყო სუს-ი და რას აკეთებდა, რიდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი იყო? რას აკეთებდა, როდესაც რუსეთის აგენტი ფარცხალაძე კოორდინირებას უწევდა სამართალდამცავ ორგანოებს და ერეოდა არჩევნებში? რას აკეთებს ახლა, როდესაც ამერიკის მიერ უკვე ოფიციალურად აგენტად დეკლარირებული ფარცხალაძე თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში და მას არავინ არაფერს არ უზღუდავს? როგორიც არ უნდა იყოს სუს-ის მცდელობა, რომ აბსურდული ბრალდებები შექმნას, მას აუცილებლად მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

მეცნიერებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად საჭირო მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, ნობელის პრემია გადაეცათ

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭა ორ მეცნიერს, კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს, რომლებმაც მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

mRNA ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ მ-რნმ ტექნოლოგიას ახლა სხვა დაავადებებზე, მათ შორის კიბოზე, იკვლევენ.

„ლაურეატებმა წვლილი შეიტანეს ვაქცინის შექმნის უპრეცედენტო ტემპში მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობას თანამედროვე დროში ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე დაემუქრა”, – განაცხადეს ნობელის პრემიის კომიტეტში.

ვაქცინის ტრადიციული ტექნოლოგია დაფუძნებულია ორიგინალური ვირუსის ან ბაქტერიის მკვდარ ან დასუსტებულ ვერსიებზე – ან ინფექციური აგენტის ფრაგმენტების გამოყენებით. ამის საპირისპიროდ, მ-რნმ ვაქცინები სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებენ. ისინი “წვრთნიან” იმუნურ სისტემას იმისთვის, რომ ამოიცნოს და ებრძოლოს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ვირუსები ან ბაქტერიები.

მ-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით შეიქმნა “მოდერნასა” და “ფაიზერის” ვაქცინები.

“ხელისუფლებას პრობლემები როცა ექმნება, ადამიანების ყურადღების გადასატანად საჭიროა ახალი მტრების გამოგონება”

სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ“

„ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როდესაც ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ ადამიანების ყურადღება გადავიდეს არა საქმეების კეთებაზე, არამედ იმაზე, რა ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამაში მიიღებენ პრემიებს. მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტით, სუს-ის დაფინანსება იზრდება და საჭიროა ახალ-ახალი საქმეების გამოგონება. როგორც წესი, უშიშროების სამსახურებისთვის ახალ-ახალი საქმეები არის ახალ-ახალი მტრების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ეს მტრები არ არსებობენ, ყველა ვარიანტში ამოცანა ფრიადზე გაქვს შესრულებული. მჯერა ჩემი კოლეგების, ოპოზიციონერების, რომ ისინი არანაირი რევოლუციის მომწყობები არ არიან. ეს არც არასდროს უფიქრიათ. რევოლუციონერობანას თამაშით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს რამის გამკეთებლები არიან და მათ არ უშვებენ ქუჩაში ხელისუფლების გადასაყენებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა, USAID-ის დაფინანსებული იყო.

„ეს ანტიამერიკული კამპანიის ნაწილია – ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ და ყველა უნდა იყოს ჩათრეული რაღაც ბრძოლაში, რომელსაც შემდეგ შენ სასტიკ ომს გამოუცხადებ და ამ ომში გამარჯვებული გამოხვალ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, სინამდვილეში, ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ USAID-ი მანამდე ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. რევოლუციას ამ ქვეყანაში ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუს-იც, ხელისუფლებაც ხელს უშლის მათ, გაერკვნენ, რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და რა იქნება ხალხის ახალი დაკვეთა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი მედიაისტერია ქვეყანაში არარსებულ ამბებზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ, ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო” – გიგა ბოკერია

სუს-ის და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რომ თითქოს ისინი მეორე ფრონტის გახსნისგან გვიცავენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რითაც „რევოლუციურ სცენარებთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დამატებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს ივანიშვილის რეჟიმი თავს.

„მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარი თქვა და ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ გამოსვლები. შევარდნაძის უკორუმპირებულესი და რუსეთის მიერ ინფულტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა არჩევნებზე, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია. იანუკოვიჩი, რომელმაც ღიად და დამარცვლით თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს იძახის, არ უნდა ევროპასთან ასოცირება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ღალატი გამოაცხადა, რასაც ასევე მოჰყვა გამოსვლები. მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენო, პირდაპირ გვეუბნებიან, არ დავუშვებთ და ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „აქედან უნდა გააკეთოს ქართველმა საზოგადოებამ დასკვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა ამ რეჟიმის დემოკრატიულად ცვლილება, სანამ დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვა და სახელმწიფოებრიობის დაცვა დიდი მსხვერპლი არ დაგვიჯდა“.

“ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა კიევში საგარეო საქმეთა მინისტერილის დაწყებისას განაცხადა.

„ევროკავშირის სგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში მიმდინარე შეხვედრაში ასევე ღიად განიხილება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები, რომელთა შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის სამართლებრივი ცვლილებები, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კიევში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმთა მინისტრების შეხვედრა პირველი მინისტერიალია, რომელიც ბლოკის ფარგლებს გარეთ იმართება.

“თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს – ნახეთ კადრები!” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს – ნახეთ კადრები! ვერაფერს ხედავთ საეჭვოს?! – ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ბიუროს სხდომაზე “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირებას და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილებას ცხარე კამათი მოჰყვა, რაზეც პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ “თუ არ სურთ, ვერაფერს დაინახავენ“.

„ყველა თქვენი არგუმენტი შეგიძლიათ კომიტეტზე წარმოადგინოთ და გქონდეთ ცხარე კამათი, როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის პლენარული სხდომის დროს.

ყველა, ვინც ამ ქვეყნის არევას ცდილობს, ერთადერთი რასაც ემსახურება, ემსახურება რუსეთის ინტერესს – წერტილი! თუ ამაზე ვთანხმდებით, ყველა ჩვენი თუ სხვისი ქმედება ამ პერსპექტივიდან შევაფასოთ. შესაბამისად, ბიურო შეთანხმდა, რომ საქართველოში არეულობის მცდელობა არის მხოლოდ რუსეთის ინტერესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

“საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს, დიდი ხანია, არ იცავს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„მან როდესაც მოგვმართა ნებართვით, მიიღო უარი და მთავრობამ არ გასცა ნებართვა საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე. ეს სწორედ ამის გამო იყო – ჩვენ ხშირად მოვისმინეთ, რომ, პრეზიდენტის აზრით, თურმე ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამას ამბობს, მას არ აქვს ან არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რას აკეთებს მთავრობა. არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რამხელა შრომა გასწიეს საკანონმდებლო ორგანომ და საპარლამენტო უმრავლესობამ. არც ეს უნდა, რომ იცოდეს. პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანს კითხვა დაუსვეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე: „კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკური შიზოფრენია აქვს. ასე გალანძღა მან საქართველოს პრეზიდენტი და ეს ლანძღვა მოჰყვა ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილმა თქვა: „რუსეთს თუ არ გააჩერებენ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიის ქვეყნებს ან საქართველოს“. თქვენთვის რამდენად არის მისაღები აგრესორი ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პრეზიდენტის ლანძღვა და ხომ არ ფიქრობთ, ეს უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელსაც, ოპოზიციის თქმით, შედეგი საერთოდ არ მოაქვს, უნდა გაუქმდეს?“

თეა წულუკიანის თქმით, შეიძლება, თავად უფრო მეტსაც ფიქრობდეს საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს ასე ახასიათებს.

„რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ასე თქვა. მან თუ ეს ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი შემდეგია, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„კანვას – საქართველო“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„კანვას – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

„სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით. განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის“ წევრები – სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე „კანვასის“ ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას – საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით-კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 2012 წლამდე დემოკრატიის მხრივ არსებული უმძიმესი მდგომარეობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მთელი ქვეყნის გაერთიანება შეძლო.

„ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში – უმძიმესი მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, დემოკრატიული პროცესები ჩახშული იყო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია და ყველაფერი ერთი კაცის ხელში იყო. გვახსოვს ჩვენ ის პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შეცვივდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო, გვახსოვს ყველას, როგორ ართმევდნენ ღამით სამ საათზე, დაბარებები და გადაფორმებებით, ციხეებში რა ხდებოდა, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს.

ზოგადად, საქართველო 2012 წლამდე ერთი დიდი ციხე იყო, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით. გვახსოვს ყველას, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო ამ ადამიანმა, შემოიკრიბა გარშემო გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახით და შეძლო გამარჯვება. ეს მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით როგორც ეს განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ბნელ ოთახში შავი კატა“ აქ ნამდვილად არ არის” – დავით მათიკაშვილი

ის, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას დაინახოს, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივაზე კანონპროექტი დაინიცირდა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ.

„სამწუხაროა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ, გულმავიწყობას იჩენს. ის აგდებით და ქილიკით საუბრობს ისეთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც აგერ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90 -იანი წლებიდან დღემდე. ვნახეთ, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. ქილიკით, ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება და როგორ იწვევს ეს ყველაფერი მაგალითად, თბილისის გადაწვას სამოქალაქო ომის დროს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ. ისინი, სამწუხაროდ, არ იყურებიან კანონპროექტში, სადაც ყველაფერი არის ცალსახად განსაზღვრული და წერია ის, რისი ამოკითხვაც არ სურს ოპოზიციას. კონკრეტულ საკითხებზე არ დავიწყებ საუბარს და პროცედურულ თემაში ნამდვილად შევალ. ის, რისი სურვილიც აქვს დაინახოს ოპოზიციამ, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, აქ არის კონკრეტული მოცემულობა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.