ის, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას დაინახოს, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივაზე კანონპროექტი დაინიცირდა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ.
„სამწუხაროა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მიმართ, გულმავიწყობას იჩენს. ის აგდებით და ქილიკით საუბრობს ისეთ უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც აგერ ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90 -იანი წლებიდან დღემდე. ვნახეთ, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. ქილიკით, ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება და როგორ იწვევს ეს ყველაფერი მაგალითად, თბილისის გადაწვას სამოქალაქო ომის დროს. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა, სამწუხაროდ, ეს არ იცის, ან შეგნებულად არ იცის ოპოზიციამ. ისინი, სამწუხაროდ, არ იყურებიან კანონპროექტში, სადაც ყველაფერი არის ცალსახად განსაზღვრული და წერია ის, რისი ამოკითხვაც არ სურს ოპოზიციას. კონკრეტულ საკითხებზე არ დავიწყებ საუბარს და პროცედურულ თემაში ნამდვილად შევალ. ის, რისი სურვილიც აქვს დაინახოს ოპოზიციამ, ანუ ბნელ ოთახში შავი კატა, ეს აქ ნამდვილად არ არის. არავინ არავის უკრძალავს კარვის დადგმას, აქ არის კონკრეტული მოცემულობა უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.