“კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი” – გია ვოლსკი

173
spot_img

კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი – კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

ვოლსკის თქმით, მას შემდეგ რა ინფორმაციაც სუს-მა გამოაქვეყნა, არ ჰგონია, რომ რელევანტურია შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებების დაჩქარებულად მიღება.

„კარავზე იყო ლაპარაკი, უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობდა და ამ გეგმების ერთ ერთი ფრაგმენტი იყო, რომ კარავში უნდა მოხდეს რაღაცის აფეთქება, ან რაღაც ისეთის შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციისთვის პროცესების განვითარებას. ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს, მაგრამ მანიფესტაციები, რომლებიც იგეგმება, არის ის სცენარი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი, რასაკვირველია, კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.