“ხელისუფლებას პრობლემები როცა ექმნება, ადამიანების ყურადღების გადასატანად საჭიროა ახალი მტრების გამოგონება”

191
spot_img

სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ“

„ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როდესაც ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ ადამიანების ყურადღება გადავიდეს არა საქმეების კეთებაზე, არამედ იმაზე, რა ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამაში მიიღებენ პრემიებს. მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტით, სუს-ის დაფინანსება იზრდება და საჭიროა ახალ-ახალი საქმეების გამოგონება. როგორც წესი, უშიშროების სამსახურებისთვის ახალ-ახალი საქმეები არის ახალ-ახალი მტრების აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. თუ ეს მტრები არ არსებობენ, ყველა ვარიანტში ამოცანა ფრიადზე გაქვს შესრულებული. მჯერა ჩემი კოლეგების, ოპოზიციონერების, რომ ისინი არანაირი რევოლუციის მომწყობები არ არიან. ეს არც არასდროს უფიქრიათ. რევოლუციონერობანას თამაშით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს რამის გამკეთებლები არიან და მათ არ უშვებენ ქუჩაში ხელისუფლების გადასაყენებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 26-29 სექტემბერს ჩატარებული კონფერენცია, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა, USAID-ის დაფინანსებული იყო.

„ეს ანტიამერიკული კამპანიის ნაწილია – ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ და ყველა უნდა იყოს ჩათრეული რაღაც ბრძოლაში, რომელსაც შემდეგ შენ სასტიკ ომს გამოუცხადებ და ამ ომში გამარჯვებული გამოხვალ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, სინამდვილეში, ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ USAID-ი მანამდე ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. რევოლუციას ამ ქვეყანაში ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუს-იც, ხელისუფლებაც ხელს უშლის მათ, გაერკვნენ, რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და რა იქნება ხალხის ახალი დაკვეთა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი მედიაისტერია ქვეყანაში არარსებულ ამბებზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.