Home Blog Page 1774

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მოკლული თემურ კარბაიას ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კარბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მათივე თქმით, კარბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელში – პაპუაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელში”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არავის არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მასაც კი, საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუცია.

ამ სამწუხარო ჩიხში შეჰყავს მას საქართველოს სახელმწიფო მოწყობა, ეს არის პირდაპირი მტრობა ქართული სახელმწიფოს, როდესაც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი გააზრებულად არღვევს კონსტიტუციას. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, ის ამ პოზიციას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა იმპიჩმენტის პროცესი. მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და სალომე ზურაბიშვილი მათთვის არის ინსტრუმენტი სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ასე რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი მათ შორის ამ ღონისძიებებით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი სააკაშვილის ხელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივმა მილიციამ 43 წლის თემურ კირბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს გალის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში.

გარდაცვლილის ოჯახის ცნობით, თემურ კირბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

გარდაცვლილს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში აღენიშნება. თემურ კირბაია გუშინ გარდაიცვალა. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს.

„გასულ შაბათს, ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა მორიგი უსუსური სიუჟეტი, რომელშიც ავტორებმა კვლავინდებურად სცადეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუს“ სტრუქტურების დისკრედიტირება. პროპაგანდისტული სიუჟეტი აგებული იყო ძველი ნაცადი რეცეპტით – რაც უფრო დიდი და უსაფუძვლოა ტყუილი, მით მეტი ადამიანის შეცდომაში შეყვანაა შესაძლებელი.

თუმცა, სიუჟეტი იმდენად უსუსური და დაუსაბუთებელი გამოდგა, რომ ყურადღებიან მაყურებელს მეტი კითხვა მისი ავტორებისადმი უნდა გასჩენოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, საჭიროდ ვთლით მოკლე კომენტარის გაკეთებას. შეგახსენებთ, თუ რაზე იყო საუბარი: არაფრისგან სენსაციის შექმნის დიდოსტატებმა გამოაგორეს ბრალდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი ოფშორის მეშვეობით შექმნა საქართველოში სპეციალური ორგანიზაცია – „ახალი სერვისი“, რომლის მეშვეობითაც, სისტემურად ახდენს ქართველი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მოსყიდვას, რისთვისაც ამ ორგანიზაციიდან რეგულარულად რიცხავს გიგანტურ თანხებს. „მამხილებელი“ ფსევდო-სიუჟეტის ავტორთა მოსაზრებით, ამ გზით, თითოეულ „ჩინოვნიკზე“ ხდება ათიათასობით ამერიკული დოლარის გადახდა და ამ ყველაფრის მტკიცებულებად „საგამოძიებო ჟურნალისტიკის კორიფეებმა“ მოიყვანეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მისი მეუღლე ხსენებული ორგანიზაციიდან იღებს წარმოუდგენელი სიდიდის თანხას – 1400 ლარს!

რეალობა კი შემდეგია: ადრეც მრავალგზის თქმულა, რომ ივანიშვილების ოჯახი მკაფიოდ და მკაცრად მიჯნავს ფონდის საქველმოქმედო საქმიანობასა და პირად თემებს. ფონდი „ქართუს“ მხრიდან დაფინანსებას იღებენ საზოგადო მოღვაწეები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, რომელთაც დამსახურება მიუძღვით ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ხოლო, „ახალი სერვისით“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დახმარებას უწევს საკუთარ ნათესავებს, ახლობლებს და მეგობრებს. ამ ორი თემის გადაკვეთა არასოდეს მომხდარა არა იმიტომ, რომ რამე იურიდიული შეზღუდვა არსებობს და ფონდიდან აკრძალულია ახლობლების დახმარება, არამედ იმიტომ, რომ ეს თავად ივანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყოველთვის მიჯნავს პირადი ხასიათის საკითხებს ფონდის საქველმოქმედო საქმიანობისგან. ეს ხაზს უსვამს მათ ძალზე დელიკატურ და პრინციპულ დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი და ნათლად აჩვენებს მაღალ ზნეობრივ სტანდარტს. ახლობლების დასახმარებლად სპეციალური ორგანიზაციის დაფუძნება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ყველაფერი მოქცეულიყო სამართლებრივ ჩარჩოში და მომხდარიყო შესაბამისი საგადასახადო რეგულირება. ორგანიზაცია „ახალი სერვისის“ მხრიდან, დახმარებას იღებს ოჯახის რამდენიმე ათეული ახლობელი და ახლო ნათესავი, მათ რიცხვში მოხდა ბატონი იური ნოზაძის მეუღლეც. ამ უკანასკნელმა კი, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, აღნიშნული დააფიქსირა თავის ყოველწლიურ დეკლარაციაში. თითქოს ყველაფერი ნათელია და ამ თემაზე კომენტარი ადრეც უამრავჯერ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, თვითმარქვია „გამომძიებლებმა“ ეს ბანალური გარემოება წარმოაჩინეს მორიგ სენსაციად და ახალი უსუსური სიუჟეტი გამოაცხვეს საკუთარი მრევლის გულის გასახარებლად.

როგორც ხედავთ, „ტვ პირველის“ საფირმო სტილი ყველაფერში დაცულია. ფსევდო ბრალდებების მეორე ნაწილი ეხებოდა კვიპროსელ იურისტს – ქრისტოდოლუს ვასილიადის. პროპაგანდის დიდოსტატებმა, აურიეს რა ერთმანეთში ღია ტყუილი და ნახევრად სიმართლე, შეფუთეს ეს ყველაფერი გაუგებარი ფრაზებით, დაადეს ყველაფერს დრამატული სასერიალო მუსიკა და აქაც მორიგი მსოფლიო შეთქმულება აღმოაჩინეს! სიმართლე კი, როგორც ყოველთვის, ძალზედ პროზაული და ბანალურია. ხსენებული კვიპროსელი იურისტი წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო რეგისტრატორს. მისი სერვისებით სარგებლობს ათასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან. ერთადერთი შეხება “ქართუს” სტრუქტურებთან შემოიფარგლებოდა იმ ფაქტით, რომ ის აწარმოებდა კომპანიის სარეგისტრაციო მომსახურებას. მისი დასანქცირება არაფერ კავშირშია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც “ქართუს” რომელიმე კომპანიასთან.

იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია და კანონმდებლობა ამას არ მოითხოვდა, “ქართუმ” მასთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების სხვა რეგისტრატორთან გადასვლა მოახდინა, რითაც ინციდენტი თვისობრივად ამოიწურა, მაგრამ არა „ტვ პირველისთვის“. უფრო გასაგები რომ იყოს ფართო მაყურებლისთვის მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ როგორც უამრავი სხვა კლიენტი სარგებლობთ რომელიმე ბანკის მომსახურებით. რაღაც მომენტში ბანკს რომ გაუჩნდეს რაიმე სამართლებრივი დავა ან/და მოჰყვეს სანქციებში თანაც თქვენგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენად შესაძლებელი იქნება ამაზე დაყრდნობით თქვენს ბრალეულობაზე საუბარი? არადა, სწორედ ამას აკეთებენ “ტვ პირველის“ ჟურნალისტები. დარწმუნებული ვართ, მათ მშვენივრად ესმით მსგავსი ბრალდებების აბსურდულობა, მაგრამ ასე სჭირდება მათ დამკვეთს და ისინიც ასრულებენ. ეს ყველაფერი, ჩვენი მხრიდან მრავალჯერ თქმულა. ყველაფერზე გაცემულია შესაბამისი კომპეტენტური და ამომწურავი ახსნა-განმარტება.

ამის მიუხედავად, რეგულარულად ხდება ფაქტობრივად ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი, ბრალდებების წარდგენა. გაუთავებლად მანტრასავით ატრიალებენ გაცვეთილ თემებს. აღნიშნული მკაფიოდ ახდენს ჟურნალისტიკის სავალალო მდგომარეობის ილუსტრირებას და ასახავს მსგავსი სიუჟეტების ავტორთა პროფესიონალურ უმეცრებას, ამორალურობასა და საცოდაობას. ვინაიდან ასე დაჟინებით ირგებთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კორიფეთა მანტიას, ჩვენც გვაქვს თქვენდამი შემხვედრი კითხვა და წინადადება: ხომ არ გამოიძიებდით ჯერ თქვენი დამფუძნებლების ფინანსების წარმომავლობის საკითხს და გაიგებდით, ხელფასებს ვინ გირიცხავთ? სანამ სხვისი საქმეებით დაინტერესდები, საკუთარი ხომ უნდა გქონდეს საფუძვლიანად შესწავლილი!“ – წერია „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეთანიაჰუ პუტინთან სატელეფონო საუბრით უკმაყოფილოა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრს და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას ასევე მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა.

„როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან, არც ერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში – იგივე იქნება „ჰამასის“ შემთხვევაში. ისრაელი ვერ შეძლებს „ჰამასის“ ყველა წევრის აღმოფხვრას, მაგრამ მთავარია – ხელმძღვანელობის სრული ლიკვიდაცია, კონტროლისა და ძალაუფლების უარყოფა“, – განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეობის მქონე ისრაელელის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის და განაცხადა, რომ ისრაელი იმოქმედებს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო საშუალებებით ყველა გატაცებულის გასათავისუფლებლად. საუბრისას ნეთანიაჰუმ პუტინს სთხოვა, რომ რუსეთმა წითელ ჯვარზე ზეწოლა მოახდინოს ღაზის სექტორში მძევლებთან წვდომის მისაღებად.

,,დასავლეთი რუსეთის განადგურებას ცდილობს , თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ”- პუტინი

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი, თუმცა მათ ეს არასდროს გამოუვათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს თავდაპირველად ეგონა, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება თავისით დამშვიდდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხს დახმარებოდა.

„ჩვენ გავაფორმეთ ეს მინსკის შეთანხმებები. მათ ასევე თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი“. ჩვენ ეს გვსურდა. ისევ საჯაროდ თქვეს. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს: „ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად“. ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა. საბოლოოდ მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ. არასდროს“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.

„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.

„ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, – აცხადებენ სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

,,აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა და არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს პრობლემები არ ჰქონია” – ალიევი

სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში. რატომ არ შეუძლიათ ყარაბაღიდან წასულ სომხებს იგივენაირად იცხოვრონ სომხეთსა და აზერბაიჯანში“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა და  არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს რელიგიური ან ეთნიკური ხასიათის პრობლემები არ ჰქონია.

„აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს განუცდია რაიმე შიში ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ამის დადასტურება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს.

სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინაში და საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ მათ ასე გვერდიგვერდ იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?“, – აცხადებს ალიევი.

,,ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ფაქტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს”- პაპუაშვილი

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელავს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენეს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული ”- პაპუაშვილი

ჩვენ გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. ასევე, ჩვენ ვისმენდით, რომ 27 ქვეყანას აქვს გაცხადებული, რომ მხარს უჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასე რომ ამ საკითხს წინ არაფერი უდგას, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მოველით 14-15 დეკემბრის სხდომას ევროპული საბჭოსი, რათა ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღოს ის კანდიდატობის სტატუსი, რაზეც წელიწად ნახევარია უკვე მუშაობს მთელი სახელმწიფო. ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადგან ლიდერები ვიყავით სხვა ქვეყნებთან მიმართებით. სამწუხაროდ შარშან არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, წელს ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ასე რომ ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

,,გასაკვირი ის არის, ,,ენმ” რღვევა დაიწყო იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე ”- ნინო წილოსანი

გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და საჯაროდ განაცხადეს არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ გამხდარა ამ პარტიის რღვევის წინაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე გაითვალისწინეთ, რომ არაფორმალური მმართველო პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახით მიმდინარეობს, ის კი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ აქვს უფლება რომ ერეოდეს პოლიტიკაში და მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“, – აღნიშნა წილოსანმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

 

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

 

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.