საქართველოს უმსხვილეს კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, რეპუტაციის დაკარგვასთან ერთად ფინანსური კრახი ელის.
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პროკურატურას GCA-ს აუდიტორული შემოწმების მასალები გადასცა.
კოლექტიური მართვის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის სისხლის სამართლებრივი დევნა საავტორო ჰონორარების გაფლანგვასა და მითვისებაზე -უახლოესი დღეების საკითხია. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თავად GCA-ის ბედია.
შეძლებს თუ არა ორგანიზაცია 14 მილიონიანი ხვრელის ამოვსებას და გაკოტრების თავიდან აცილებას? სწორედ ესაა ამ სფეროში ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა.
შეგახსენებთ, რომ აუდიტორულმა შემოწმებამ, რომელიც ავტორებისა და დეპუტატების მრავალჯერადი მოთხოვნის საფუძველზე, საქპატენტის დაკვეთით ჩატარდა, GCA-ს შემოსავლებსა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს შორის გასაოცარი შეუსაბამობა გამოავლინა.
წესდების თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას საკუთარი აპარატის არსებობისთვის შეგროვილი ჰონორარებიდან მხოლოდ 20%-ის გახარჯვა შეუძლია. როგორც გაირკვა, ამ ხარჯების რეალურმა წილმა კი 47% შეადგინა. მხოლოდ 2021-2022 წწ. შეგროვილი 3 822 000 ლარიდან, „მენეჯმენტის ხარჯებზე“ 1 791 597 ლარი
დაიხარჯა.
თვალსაჩინოებისთვის, გადახარჯვის რამდენიმე ეპიზოდის მოყვანა შეიძლება. 2021 წელს GCA-ს თავმჯდომარემ სარგებელის სახით 233 062 ლარი მიიღო, ხოლო 2022 წელს უკვე 336 569 ლარი (ხელფასი – 143 750 ლარი, პრემია – 27 500 ლარი, ბონუსი – 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი). ლოგიკურია, რომ ჩნდება კითხვა: მსოფლიო ქვეყნების რეიტინგის ქვედა საფეხურზე მყოფი კიდევ რომელი ქვეყნის, უფლებების მმართველი კოლექტიური ორგანიზაციის თავმჯდომარე იღებს წელიწადში 128 000 დოლარს? იქნებ ბატონი კობალაძე ავტორებისთვის იმდენად დიდ თანხებს კრებდა, რომ სინდისის ქეჯნის გარეშე შეეძლო თავადაც კარგად ეცხოვრა? და კვალავ, არა – ყველაზე ცნობილი მუსიკოსები ხშირად კვარტალში მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ ან წლების განმავლობაში სამ თვეში ერთხელ ერთიდაიგივე თანხა ერიცხებოდათ.
“წლების განმავლობაში მიჩნდებოდა კითხვა, რატომ ვიღებდით მე და ჩემი კოლეგა სამ თვეში ერთხელ ზუსტად თანაბარ X თანხას.”- იხსენებს ნინი ბადურაშვილი, მომღერალი.
ცხადია, რომ კობალაძის საქმეს ბანალური დანაშაულებრივი ნიშნები აქვს. ყველაფერი კანონიერი გზით წავა – GCA-ს თავმჯდომარის ბედს გამოძიება და სასამართლო განსაზღვრავენ.
თუმცა, ქვეყნისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთათვის არსებობს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი: შეძლებს თუ არა კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, ამჟამინდელი მენეჯმენტისგან მიყენებული კოლოსალური დანაკარგების შემდეგ, ფეხზე დადგომას?
როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძე აღნიშნავს, აუდიტის მიერ აღმოჩენილი დანაკარგების კომპენსაცია შეუძლებელია: „ჩემი აზრით, არც ერთი ბანკი არ მისცემს GCA-ს სესხს, რადგან არავითარი გარანტიები არ ექნებათ.
გარანტორად არც სახელმწიფო დაუდგება და არც არავინ. შეიძლება დადგეს – ორგანიზაციის ბანკროტობა. გაკოტრებულად გამოცხადდეს და შეიქმნას ახალი, ალტერნატიული ორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა დაფაროს ის ვალდებულებები? მე რომ კობალაძის ადგილზე ვიყო, გამოვაცხადებდი ბანკროტად
ორგანიზაციას. აუდიტს ჩავატარებდი, ვალებთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ვერ ვფარავ და გავაკოტრებდი ორგანიზაციას. ჩამომეჭრებოდა ვალები. ავტორ-შემსრულებლებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა ალტერნატიულ ორგანიზაციასთან, მაგრამ, სავარაუდოდ, იმ თანხებს ვერ დაიბრუნებენ.
ეკონომისტი რამაზ გერლიანის თქმით, აუდიტორული შემოწმების მასალებმა ნათლად აჩვენა, რომ გიგა კობალაძის ბოლო 12 წლიანი ხელმძღვანელობის დროს, GCA-ში თავიდანვე მანკიერი ბიზნეს-მოდელი ჩამოყალიბდა, რომელიც პროცესების გაუმჭვირვალობაზე, კერძოდ კი ტოპ-მენეჯმენტის კონტროლის არ არსებობაზე იყო დაფუძნებული:
„იმ პირებს, ვისი ცუდი მენეჯმენტის გამოც მოხდა გადახარჯვა, პასუხისგება უნდა მოეთხოვოთ. ეკონომიკური დანაშაულის სფეროში არსებული კანონმდებლობით, თუ ორგანიზაციას არ აქვს სახსრები, ეს არ ნიშნავს, რომ დირექტორი არ იქნება პასუხისმგებელი მისი ქონებით ან თუნდაც მისი ნათესავების ქონებით.აშკრადაა საჭიროა კრიზის- მენეჯმენტი. ვალების რეკონსტრუქციის გეგმა უნდა იყოს შემუშავებული. მე ზოგადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი სახელმწიფოს ჩარევების მიმართ, მაგრამ იქნებ მედიაცია გასწიოს სახელმწიფომ, იმიტომ რომ ადამიანები ზარალდებიან. სულ ცოტა, დროებითი მმართველის დონეზე ჩარევა საჭიროა.“
როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რათა მენეჯმენტის მხრიდან კვლავ არ მოხდეს ფულის ფლანგვის პრეცენდენტი, თორემ ყველა დახარჯავს ფულს, შემდეგ გადადგება, და ვალდებულებები დარჩება ვალდებულებად. GCA-ს არ აქვს ისეთი აქტივები, რომლის ლიკვიდაცია შესაძლებელია, რადგან საუბარია
ინტელექტუალურ საკუთრებაზე. ექსპერტების თქმით, შესაძლებელია, GCA-ს ჰქონდეს გარკვეული აქტივები, მაგრამ ეს იმდენად მცირედი იქნება,რომ ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ.