,,ყველას ვთხოვ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ”- პაპუაშვილი

63
spot_img

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში რჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ძებნა-შველის ღონისძიება გრძელდება.

„გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, იმისთვის, რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა კურორტ შოვში – ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და კიდევ ერთხელ, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე მიმართა საზოგადოებას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც მოაქვს დაბნეულობა,

„ახლა არის სოლიდარობის და კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება, როგორც სპეცტექნიკის ჩართულობის თვალსაზრისით, ისე ვერტმფრენების უზრუნველყოფით, ყველა საჭირო რესურსის სრული მობილიზაციით, იმისათვის, რომ სამაშველო სამუშაოებზე დაბრკოლება არ ყოფილიყო.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა როგორც მაშველებს, ისე პოლიციელებს, ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხდეს.

სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 17 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.