,,უმძიმესი მდგომარეობაა შოვში, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს ”- მდინარაძე

39
spot_img

უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას. მისი თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას ხან კომუნისტების დროს აგებული კოტეჯების მშენებლობის ნებართვის გაცემა დააბრალეს, ხან ვერტმფრენის თემით შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. მისი განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციებით, რადიკალური ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს. „ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ხელისუფლებას უწევს იბრძოლოს იმ კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში გვაქვს. ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა -სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ. ხელისუფლებას ხან კოტეჯებზე ნებართვების გაცემას აბრალებენ, რომელიც კომუნისტების დროიდან იქ დგას რამდენიმე ათეული წელიწადია და ჩვენზე უფროსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვობაში ამ კოტეჯებში ისვენებდნენ. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი, რომლის საჭიროება რაც იყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილი იყო და არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.