Home Blog Page 1770

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

„სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.

სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას” – ანა დოლიძე

დღეს საქართველოს მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება, ამიტომ ვითხოვთ გალში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ასე ეხმაურება პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტს.

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თემურ კარბაია რეჟიმის მსხვერპლია.

„ჩვენს თანამოქალაქეს, თემურ კარბაიას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს უმძიმესი შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტის მძევლად რჩება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი, რეალურად არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი პარტია უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა გალის მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ეს საკითხი უკვე არაერთხელ დავაყენეთ, მაგრამ უშედეგოდ.

„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ყველას კეთილდღეობა, ის მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრების კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა-პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) რუბრიკით „კომენტარი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევის კონტრშეტევა მარცხით დასრულდა: პუტინის რუსეთის გამარჯვება ახლოვდება, ევროპის საფუძვლები ირყევა“ (ავტორი – დენიელ ჰანანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ უკრაინაზე მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა მიპყრობილი, შავი მიწით მდიდარ ქვეყანას სამხედრო-პოლიტიკური ბიძგები არყევს. უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ან უფრო რბილად რომ ვთქვათ ვოლოდიმირ ზელენსკის ენით – „სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია“.

იმის გამო, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლებით დაქანცულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების მიერ გამაგრებული ზღუდეები და დანაღმული ველები ვერ გადალახეს, ინიციატივა ხელში რუსმა დამპყრობლებმა ჩაიგდეს. რუსები იკავებენ ქალაქ მარინკას, მართალია, მთლიანად დანგრეულს, მაგრამ მას მაინც აქვს სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. რუსული რაკეტების კიევს ისევ ურტყამენ. უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია „ბი-ბი-სი“-ს სთხოვს, რომ ყველა გააფრთხილოს – „უკრაინას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება“.

ახლა უკრაინელების ჯერია, რომ სანგრები გათხარონ და რუსების წინსვლას აღუდგნენ – შეეცადნონ იმის შენარჩუნებას და დაცვას, არასაც ამჟამად აკონტროლებენ. ისევე როგორც 1914 წელს, ფრონტის ხაზი ახლაც დნეპრის დელტიდან დონბასის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრამდე გადის. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, სამხედრო ტექნოლოგიები თავდამსხმელებს უფრო ხელს უწყობს, ვიდრე თავდამცველებს, რომელთა მცირე მიღწევებს საშინელი ფასი აქვთ.

პირველი მსოფლიო ომი საბოლოო ჯამში მათი გამარჯვებით დასრულდა, ვისაც მეტი ცოცხალი ძალა, ანუ მეტი ჯარისკაცები ჰყავდა. ანტანტელმა მოკავშირეებმა გერმანიის შევიწროება შეძლეს მხოლოდ მაშინ, როცა 1918 წლის მარტისათვის ომში ამერიკაც ჩაერთო და ფრონტის ხაზზე უფრო მეტი ჯარისკაცები გაგზავნეს, ვიდრე „ცენტრალური ღერძის“ ქვეყნებმა [„ოთხთა კავშირმა“].

ამჯერად დემოგრაფიული უპირატესობა რუსეთის მხარეზეა, რომლის მოსახლეობა უკრაინისას სამჯერ აღემატება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ თავისი ომამდელი სამოქალაქო წარმოების მესამედი სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და უწყვეტად ამზადებს საომარ საჭურველს. რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს დრონების თვალსაზრისითაც. მოკლედ, რუსებს ახლა ვერავინ შეაჩერებს ისე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებს მავთულხლართებით და ტყვიამფრქვევებით აჩერებდა.

რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლას თავისი ნეგატიური ხასიათიც აქვს: ვლადიმერ პუტინმა საკუთარი ხალხი საშინელი მრავალწლიანი სიღარიბისა და შიმშილისათვის გაწირა, თუმცა ამ ეტაპზე მან თავისი საქმე გააკეთა: რუსეთი უკრაინის არმიის კონტრშეტევას გაუმკლავდა და მოწინააღმდეგე შეაჩერა, იძულებული გახადა სანგრები გაეთხარა და პოზიციურ ბრძოლაზე გადასულიყო. მოსკოვი ზამთარს უკრაინელთა გარღვევის გარეშე ხვდება.

ვაღიარებ, მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ელოდებოდა, რომ უკრაინის არმია აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა და ომს მალე გამარჯვებით დაასრულებდა.

2022 წლის განმავლობაში უკრაინის სარდლობა დარწმუნდა, რომ თუ „ყირიმ-დონბასის სატრანსპორტო დერეფანს“ არ დაარღვევდა და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს არ გადაუჭრიდა, ისე ომში წარმატება მიუღწეველი იქნებოდა. დერეფნის დარღვევით და აზოვის ზღვის გაკონტროლებით (ქერჩის ხიდის დანგრევის ჩათვლით) უკრაინის არმია ყირიმის რუსული გარნიზონს ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქცევდა, ელექტროენერგიას გამოურთავდა, სურსათს არ მიაწოდებდა და კრემლი იძულებული გახდებოდა მოლაპარაკების მაგიდას მისჯდომოდა. მაგრამ სიტუაცია ისე არ განვითარდა, როგორსაც ველოდი.

რატომ შევაფასე არასწორად სიტუაცია, რატომ შევცდი?
მე ვესაუბრე არა მარტო უკრაინელებს, არამედ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს და დამკვირვებლებს, რომლებიც კარგად იცნობენ საომარ მოქმედებებს. ისინი აკვირდებოდნენ უკრაინის არმიის საოცარ წარმატებას ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში 20022 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ წარმატებამ დასავლეთს გამარჯვების რწმენა გაუძლიერა და უკრაინას ისეთი შეიარაღება მისცეს, რომლებზეც ადრე თავს იკავებდნენ – ვაითუ რუსებს ჩაუვარდეთ ხელშიო.

კონტრშეტევის დაწყების წინ უკრაინას უკვე ჰქონდა შორი მოქმედების რაკეტები, განაღმვის საშუალებები და პრინციპში, თანამედროვე ამერიკული, გერმანული, ფრანგული და ბრიტანული მძიმე ჯავშანტექნიკა. იმავდროულად „ვაგნერელთა“ ამბოხმა დაადასტურა, რომ რუსეთის სიმტკიცე ფრონტის ხაზის მიღმა მაინცდამაინც ძლიერი არ არის.

მაგრამ დამპყრობლებმა წინა შეცდომებიდან დასკვნები გააკეთეს. იმ დროს, როცა გასულ გაზაფხულს უკრაინა თავის ჯარისკაცებს ახალი იარაღის გამოყენებას ასწავლიდა, რუსი ჯარისკაცები კილომეტრებით ნაღმავდა ველ-მინდვრებს და გზებს, აგებდა გამაგრებულ ზღუდეებს, თხრიდა სანგრებს და ტრანშეებს, აგროვებდა დრონებს და გამალებით ამზადებდა რაკეტებს და ჭურვებს.

ვლადიმერ პუტინს ახლა მხოლოდ 12 თვით გაძლება ჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არ აირჩევენ (იგი თავის აღტაცებას ვერ მალავს რუსი ტირანის მიმართ – ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ პუტინს უფრო მეტად ენდობა, ვიდრე თავის სპეცსამსახურებს), კონგრესმენი რესპუბლიკელები, მაინც ომის შეწყვეტას მოითხოვენ, ფულს არ გამოყოფენ და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედებენ. უფრო მეტიც – ახლახან, ფაქტობრივად, კონგრესის ორივე პალატამ უკრაინის დახმარების დაფინანსება დაბლოკა.

ალბათ, ბევრმა შეამჩნია ვლადიმერ პუტინის ზამბარისებური მოქმედების ეფექტი. დიდი ხნის განმავლობაში იგი საკმაოდ იყო დაშინებული და რუსული პოსტსაბჭოთა გავლენის სივრცის მიღმა ფეხს ვერ დგამდა.
გარდა იმისა, რომ მის მიმართ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოწერილი დაპატიმრების ორდერი არსებობდა, კრემლის ბინადარს, ალბათ, სხვა ბევრი მტერიც ჰყავდა და შიშობდა, მასზე თავდასხმა არ მოეწყოთ. ვლადიმერ პუტინის ერთადერთი უცხოური ვიზიტების მისამართი იყო ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და მეგობრული დიქტატურის ორი ქვეყანა – ირანი და ჩინეთი.
მაგრამ ამ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა უფრო შორეული ვიზიტების განახორციელა – არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში.

ვიდეოკადრებში აშკარად ჩანდა, რომ ეს პირადად დესპოტი ვლადიმერ პუტინი იყო და არა მისი ორეული. რატომ გაგულადდა რუსეთის ლიდერი და ისეთ ქვეყნებში გაემგზავრა, რომლებიც დასავლეთთან არიან დაკავშირებულნი უსაფრთხოების საკითხებში? რამდენად შესაძლებელია, რომ საემიროებსა და საუდიტებს დასავლეთმა სთხოვა, რომ ვლადიმერ პუტინს წინასწარ დალაპარაკებოდნენ სამშვიდობო შეხვედრის პრელიუდიის სახით?

თუ ეს მართლაც ასეა, დიდი რისკია იმისა, რომ ჩვენ სუეცის არხის 1956 წლის მსგავსი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ყოველი გარიგება, რომელმაც შეიძლება რუსეთის აგრესია წაახალისოს, იქნება სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსათვის, რომ ნატომ, მთელი თავისი რესურსებით და შეიარაღებით, ვერ მიაღწია მინიმალურ მიზანს – იმ ქვეყნის გადარჩენას, რომლის დაცვა ალიანსის ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა – აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ივალდებულეს.

ერთი მხრივ, დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ უკრაინაში დემოკრატია მოიკოჭლებს. მართალია, უკრაინა უფრო ლიბერალია, ვიდრე რუსეთი, მაგრამ მაინც ბევრი დემოკრატიული უფლება ირღვევა – არა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამო. აკრძალულია ზოგიერთი პარტია – დიახ, ისინი რუსოფილურები არიან, მაგრამ არის შიში იმისა, რომ აკრძალვები დასავლურ ოპოზიციურ პარტიებსაც დაემუქრებათ. მაგალითად, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიას. თვითონ პარტიის ლიდერს ამას წინათ ხელისუფლებამ საზღვარგარეთ ვიზიტის ნება არ დართო. მართალია, პეტრო პოროშენკომ, პატრიოტული მოსაზრებით, უარი განაცხადა ამ ინციდენტის გამო საერთაშორისო სკანდალის ატეხვაზე, მაგრამ ამ ფაქტმა მე პირადად ძალიან დამაფიქრა.

მეორე მხრივ, გავიხსენოთ, რომ 1939 წელს, პოლონეთს ავტორიტარული მთავრობა მართავდა, მაგრამ ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია გერმანიის თავდასხმისათვის. ჩვენ, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთის დაცვაზე ვალდებულება გვქონდა აღებული და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას ვაძლევდით – ისევე როგორც უკრაინას მივეცით 1994 წელს, როცა კიევმა თავის ბირთვულ არსენალზე უარი თქვა.

მართალია, ამჯერად ჩვენ ომში უშუალო მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მაინც იმდენად ვართ ჩარეული უკრაინის საქმეში, რომ რუსეთის გამარჯვება (ანუ კრემლის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცების საერთაშორისო დადასტურება), დასავლეთისთვის პრესტიჟის კატასტროფული დაკარგვა იქნება, პლუს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება დასავლურ ფასეულობებს – პირად თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

კონფლიქტები მსოფლიოში სულ უფრო მოიმატებს იმის კვალობაზე, როცა დიქტატორული რეჟიმები დარწმუნდებიან – „ქუჩაში წესრიგის დამცველი პოლიციელები აღარ დგანან“. ვენესუელას დიქტატორი პრეზიდენტის პრეტენზიები მეზობელი გაიანის მიმართ მადესტაბილიზებელი პროცესების მხოლოდ დასაწყისია.

„დასავლეთმა მშვიდობა მოიპოვა არა იმდენად თავისი იდეების, ფასეულობებისა და რელიგიის უპირატესობით, არამედ ორგანიზებული ძალადობის გამოყენების უპირატესობით“, – წერდა სემუელ ჰანტინგტონი, – „დასავლელები ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტს, არადასავლელებს კი ყოველთვის ახსოვთ“.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უკრაინის მარცხს. უკრაინამ რუსეთი ფაქტობრივად განდევნა შავი ზღვის აკვატორიის დასავლეთი ნაწილიდან და მისი პორტები საერთაშორისო ზღვაოსნობისა და ვაჭრობისათვის გახსნილები არიან. ამასთან ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმ ტენდენციისაგან, რასაც ჯორჯ ორუელი მეორე მსოფლიო ომის დროს ამჩნევდა – როცა ინტელექტუალები გადაჭარბებით აფასებდნენ ყოველ მიღწევას, ჩვეულებრივი ადამიანები კი მათ არ ეთანხმებოდნენ.

გავიხსენოთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროს ინტელექტუალებში გადაჭარბებული პესიმიზმი იგრძნობოდა („უკრაინას რუსეთი რამდენიმე დღეში დაიპყრობს!“), ხოლო ხერსონის დაბრუნების შემდეგ ასევე გადაჭარბებული ეიფორია („უკრაინა მალე გაათავისუფლებს ყირიმს და დონბასს!“). ამიტომაც დღეს ჩვენ ძალიან დიდ და შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ ამ წარუმატებელი შეტევის შემდეგ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომელიც ღიად არ აქეზებს აგრესორს შემდგომი ექსპანსიისაკენ. არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების შედეგად, უკრაინის აღმოსავლეთმა ნაწილმა [ვთქვათ, დონბასმა] ავტონომია მიიღოს სუვერენული უკრაინის შემადგენლობაში.

შესაძლოა მოხდეს ყირიმის დემილიტარიზება და რეფერენდუმი ჩატარდეს საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლით…

მაგრამ თუ საბოლოო ჯამში უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივ ანექსიას მოახდენს, წააგებს არამარტო დასავლეთი, არამედ მთლიანად ბოლო მოეღება საერთაშორისო წესრიგს, 1945 წლიდან არსებულს. მსოფლიოში სიცივე მატულობს, წინ გრძელი ღამეები გველოდება…

წყარო:

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვა.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

ცნობისთვის, 2024 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

“ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას” – შალვა პაპუაშვილი

მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი – ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომელიც რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჩეხეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს-იან ლიპავსკი

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები, რომელთან დაკავშირებითაც, დადებითი შეფასება არსებობს.

„არსებობს არსებობს გარკვეული შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა შესრულდეს. რამდენადაც მე მესმის, ასეთი ნაბიჯების დადებითი შეფასება არსებობს“, – აღნიშნა იან ლიპავსკიმ.

“საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრა შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუმხილა თუ რა თემები განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან. ეს ისტორიული მეგობრობა დღესდღეობით გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში. შუა დერეფანი,, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ასევე განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო.

რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებაზე და ჩვენს მოლოდინებზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მე ვხედავ, რომ არის პოზიტიური განწყობები და ოპტიმისტური მიდგომები, რომ სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე შედგეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

“საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას”- ვახტანგ ცინცაძე

თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია – GITI – გაიხსნა, რომელიც წელს მე-13 გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ორდღიანი კონფერენცია ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAD, GIZ და UNDP.
„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ვხედავთ ინოვაციას, როგორც ფუნდამენტს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან დადებითად შეაფასა ისეთი სადისკუსიო პლატფორმის არსებობა, როგორიცაა GITI და აღნიშნა, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროში საჯარო და კერძო სექტორის უახლესი მიღწევების, განვითარების პროგრესის და გამოწვევების წარმოჩენას, მონაწილეებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას.
ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე, კანონზე „ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ”, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები დანახარჯებით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების განვითარებას. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე, მათ შორის ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ქვეყანაში ციფრული ჰაბის ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე და შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტების” ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მასში ჩართული ყველა მხარის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, ასევე დიდი ძალისხმევაა მიმართული საქართველოს ციფრული ბაზრის ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებით.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში. მათ შორის, გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, ფინტექის, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების და სხვა აქტუალურ საკითხებზე. წლევანდელ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან. ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე გაიმართება IT კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

“სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში გამოიხატება” – ალუდა ღუდუშაური

სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში გამოიხატება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ევროკომისიამ თქვა, რომ ქვეყანას სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის და ჩვენ ამ რეკომენდაციის გათვალისწინების იმედი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამართლიანი დასასრული, რადგან საქართველო არამც თუ ახლა, არამედ გაცილებით ადრე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ნაწილი ვართ.

არ გვინდა, რომ სპეკულაციებში შევიდეთ. ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები კეთდება, როცა ე.წ. ექსპერტები თუ ოპოზიციის რადიკალი წარმომადგენლები რატომღაც აღტკინებით საუბრობენ დაბლოკვის თემაზე. ერთი წლის წინ სამეულთან მიმართებაში საქართველოსთვის უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ. დღეს, გვესმის, რომ თურმე, ეს ერთი პაკეტია. სინამდვილეში, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური ბმაა ერთმანეთთან. ვინც ფულს იხდიდა იმაში, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, მათგან ეს ყველაფერი არ გვიკვირს“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის – NDI

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

კითხვაზე, ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:

12% – ფული არ გვყოფნის საკვებზე;

28% – ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე;

45% – ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები;

10% – საშუალება გვაქვს შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა;

3%- საშუალება გვაქვს შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება;

1%- არ ვიცი.

1%- უარი პასუხზე.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

“იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს” – იაგო ხვიჩია

იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადსა.

ხვიჩიას თქმით, ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს.

„მეეჭვება, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კონკურენტი იყოს, თუმცა ხმებს დააკარგვინებს ოპოზიციურ „ნაცმოძრაობასაც“ და ოპოზიციასაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რამენაირად „ნაცური“ ხმები ერთად მოგროვდეს „ნაცების“ ყულაბაში და ის ხალხი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდათ და ამ მიზნით მიდიან ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში, ჩემი აზრით, ნაწილი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს. ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს და ნაწილი უკან დაბრუნდეს „ნაცებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა რესურსი ექნება ნიკა მელიას პარტიას, ხვიჩიამ აღნიშნა:

„არ მჯერა არცერთი პარტიის წარმატების, რომელსაც ჯერ არ უთქვამს, რა უნდა. შესაბამისად, მათზე პროგნოზირება –  წარმატებული იქნება თუ არა, შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას”

ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას, – ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება.

„დღეს აქ ვარ, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ ევროპული საბჭოს მიერ მოსამზადებელ საკითხებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, დმიტრო კულებას კითხვა დაუსვეს არგენტინაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ზელენსკი არგენტინაშია, მე ბრიუსელში. ამიტომ არ ვიყავი ჩართული ამ მოკლე საუბარში. არ შემიძლია, გაგიზიაროთ ატმოსფერო. მათ შორის იყო კომენტარების გაცვლა. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები. ეს იქნება ჩვენი პირველი პირისპირი შეხვედრა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ვფიქრობ, ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს, ვესაუბრებით უნგრეთს. როგორც ვთქვი, უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა განათლებისა და ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესახებ იმ მხრივ, როგორც უნგრეთს სურდა, შეცვლილიყო. ამიტომ, ეს ფაქტი უნდა დაფასდეს“, – აღნიშნა კულებამ.