“თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა” – ირაკლი ზარქუა

16
spot_img

ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას ცხვირწინ დაუდო – თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, – ეს განცხადება პარლამენტში დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ხელწერა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირია, როცა ყველაფერი ფუნდამენტურად გამოიცვალა და ხელახლა გაკეთდა, “კორუმპირებული უგულავას პერიოდში კი პროექტები ზედაპირულად კეთდებოდა“.

“დიახ, გულგრილი დამოკიდებულება, შეცდომებითა და ხარვეზებით მუშაობა არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, როცა აეროპორტის გზა იგებოდა, ხარვეზები მაშინაც იყო, არ მოგვეწონა, მიუღებელი იყო და კომპანია იძულებული გახდა, ის საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა.

ახლა ამ ხელმოცარულებს თემა არა აქვთ. საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ჩაფლავდნენ, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ჩაფლავდნენ, სანქციების ნაწილში საქართველომ ხალხთან ერთად გაიმარჯვა და აქედანაც გამარჯვებული გამოვედით. ახლა, როცა ყველა მიმართულებით ხელმოცარული გახდნენ, ჩასაფრებული არიან – აბა, პროექტი რომ კეთდება როგორ კეთდება, აგვიანდება თუ არა. ერთი სული ჰქონდათ კახი კალაძეს ეთქვა, რომ პროექტმა ერთი ან ორი თვით გადაიწია. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილი და ამ ხელმოცარულებს ფრონტი აქვთ გახსნილი.

როგორც იყო დაგეგმილი, წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლომდე ორმხრივი მოძრაობა აღდგება – ამიტომ გაგიჟებული არიან და არ იციან რა ქნან“, – განაცხადა ზარქუამ.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.