Home Blog Page 1770

“მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს” – ლევან დავითაშვილი

დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში, შეიძლება ასე ითქვას, და დავოსში ჩამოდიან მსოფლიოს ბიზნესის წამყვანი ლიდერები, ასევე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა დღის წესრიგი აქვს ზოგადად დავოსს და რა დღის წესრიგი აქვს საქართველოს დავოსში მონაწილეობისას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს, შევხვდეთ იმ სექტორების წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია, შეხვედრებს ვმართავთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ენერგეტიკის სფეროში, Real Estate-ის და სტუმარმასპინძლობის სფეროში, სამრეწველო და ტურისტული მიმართულებით. ჩვენ ასევე ვხვდებით საინფორმაციო და BPO წარმომადგენლებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, დინამიკური ახალი სექტორია საქართველოსთვის. ფაქტობრივად ყველა კომპანიის მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება, რომ საქართველოსთან ითანამშრომლოს. ზოგიერთი კომპანიის ფილიალები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოვიკვლიოთ და კიდევ უფრო მეტი იყოს ინვესტიციები საერთაშორისო წამყვანი კომპანიების მხრიდან ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, საქართველოსთვის დავოსში მონაწილეობა ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობით აჩვენებს იმას, რომ არის სტაბილური პოლიტიკური გარემო, სტაბილური, საიმედო და პროგნოზირებადი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება ენდონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა

უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

„არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ, მეუღლეზე ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა” – გიორგი ბოტკოველი

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და შესაბამისად, ამ ტიპის ყურადღება საქართველოს არ მოაკლდება.

„რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლა დღეს საქართველოში? დარწმუნებული ვარ, ეს უფრო კარგად იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომელი ხელისუფლებაც გვყავს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ხელდასმით და ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ ერთ კორუფციულ კლანს. სწორედ ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და ასეთი ყურადღება არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას და 2024 წელს დასრულდება იმ ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული საკითხებით, საკუთარი ჯიბეების გამდიდრებით არის დაკავებული და ის ვალდებულებები, რომელიც 2012 წელს აიღო მთავარმა კორუფციული ბუდის ავტორმა ივანიშვილმა და არ შეასრულა, 2024 წელს ქართველი ხალხი გასცემს ამ ყველაფერს პასუხს,“ განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს” – ენტონი ბლინკენი

ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ეფექტურ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას მოქმედება მხოლოდ ისრაელის მხარდაჭერითა და დახმარებით შეუძლია და არა მისი აქტიური წინააღმდეგობით. ყველაზე ეფექტურ ადმინისტრაციასაც კი ბევრი პრობლემა შეექმნება, თუ მას ისრაელის რომელიმე მთავრობა აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს, მაგრამ ამას დამოუკიდებლად, ისრაელთან პარტნიორობის გარეშე, ვერ მოახერხებს.

„ახლა შეკითხვა მდგომარეობს იმაში, არის თუ არა მზად ისრაელის საზოგადოება ამ საკითხების გადასაჭრელად? არის თუ არა იგი მზად მსგავსი ფიქრისთვის?“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი კომპანია Roommate სტუდენტების საცხოვრებლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს

კომპანია Roommate Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი,  ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს.

სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა. ის სტუდენტებზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, დახმარებოდა მათ, ეპოვათ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის გაყოფის მიზნით.

სტუდენტებისთვის ბინების ძებნის პროცესში გაირკვა, რომ ბინების მეპატრონეები არ ენდობოდნენ სტუდენტებს და არ სურდათ მათთვის ბინების მიქირავება ორი მიზეზის გამო – ერთი მხრივ სტუდენტებს არასანდო გადამხდელებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ჰქონდათ შიში, რომ სტუდენტები ბინას დააზიანებდნენ. ეს ცხადია, უფრო ართულებდა სტუდენტებისთვის ბინების პოვნის პროცესს.

ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა ბინების მეპატრონეებთან აქტიური მოლაპარაკებებით გადაწყვიტა:

„ბინის მეპატრონეების პრობლემის სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კითხვა ასე დავსვით – რა ღირებულებები უნდა შევუქმნათ ბინის მეპატრონეებს, რომ ბინები სტუდენტებზე თავისუფლად გააქირაონ? მათთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმებას მივაღწიეთ: ისინი ბინას უშუალოდ ჩვენ გვაბარებენ, ჩვენ ვაქირავებთ მას რამდენიმე სტუდენტზე, რომელთაგანაც ერთს აქვს ე.წ. ლიდერის როლი. ლიდერი ზრუნავს ბინაზე და ყოველთვიურად გვაწვდის ფოტოებს და განახლებულ ინფორმაციას ბინის შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენი პლატფორმის საშუალებით მიეწოდებათ ბინის მეპატრონეებს“, – ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.

ამ პრობლემის მოგვარებით Roommate-მა პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა გამართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სანდო სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯგუფურად იქირაონ ბინები და გაიყონ ბინის ქირის ხარჯები, რაც აქამდე მათ ძირითად პრობლემას წარმოედგენდა, მეორე მხრივ კი იცავს ბინების მეპატრონეების უფლებებსაც.

„ბინის მეპატრონეების მოთხოვნების დაკმაყოფილებამ დაგვანახა, რომ მათთვის კომფორტის შექმნით, რეალურად, სტუდენტების პრობლემებსაც უფრო ეფექტურად, ხარისხიანად და გრძელვადიანი პერსპექტივით ვაგვარებდით.  პლატფორმაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება, რასაც ჩვენი მომსახურების ხარისხიც უზრუნველყოფს. ჩვენი მარკეტინგიც სწორედ ჩვენი კონცეფციაა – ხარისხიანი, მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე  ორიენტირებული მომსახურება, რომელსაც ზურგს ხელშეკრულებები უმაგრებს. ხელშეკრულებებში დეტალურადაა გაწერილი როგორც მეპატრნეების, ასევე სტუდენტების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავირიდოთ პოტენციური გაუგებრობები. დღის წესრიგში დავაყენეთ, ასევე, ბინების დაზღვევის საკითხიც.“

პლატფორმა ერთი წელია მუშაობს და მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციისა და უკუკავშირის საფუძველზე, ყოველთვიურად იხვეწება. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპის პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტსაც, რომელშიც Roommate  ოქტომბრიდან მონაწილეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მოგვცა, არის კონტაქტბის დიდი ბაზა: გავიცანით წარმატებული სტარტაპერები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც ჩვენნაირი სტარტაპისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. მენტორებთან მუშაობამ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მათთან ურთიერთობის შემდეგ შევცვალეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმა და სტრატეგიაც. ამ მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული, რეალურ გამოცდილებაზე დამყარებული რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ. პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ, ასევე, ინვესტორებთან ურთიერთობის ტექნიკებიც. იანვარში კი, სხვა ფინალისტებთან ერთად, მივემგზავრებით ტალინში, სადაც უკვე საერთაშორისო ინვესტორებს შევხვდებით. ასეთი მაგარი გამოცდილება Impact Hub-ის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.“

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

 

R

“პრემიერი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას, რომ გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან”

ამ შესაძლებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყენებს, რომ ერთის მხრივ მან პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან გამართოს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური შეხვედრები ექნება, პარალელურად, შესაძლებლობა იქნება, რომ მან სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა.

„ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო გამოჩნდეს და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება მოხდეს. შესაბამისად, ამ შესაძლებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იყენებს, რომ ერთის მხრივ, მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებთან და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორივე მიმართულებით გამართავს შეხვედრებს. იქნება პოლიტიკური შეხვედრები და პარალელურად, შესაძლებლობა იქნება, რომ მან სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ეხება, როგორც ევროპას, ევროკავშირს, არსებულ გამოწვევებს ზოგადად. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, შედეგიანი დისკუსიები და საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ქვეყანამ, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა, მის მიმართ გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების მხრიდან, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა და სწორედ, ამ ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის გამართული შეხვედრები მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები, იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა” – ირაკლი ზარქუა

ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას ცხვირწინ დაუდო – თქვენს ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, – ეს განცხადება პარლამენტში დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ხელწერა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირია, როცა ყველაფერი ფუნდამენტურად გამოიცვალა და ხელახლა გაკეთდა, “კორუმპირებული უგულავას პერიოდში კი პროექტები ზედაპირულად კეთდებოდა“.

“დიახ, გულგრილი დამოკიდებულება, შეცდომებითა და ხარვეზებით მუშაობა არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, როცა აეროპორტის გზა იგებოდა, ხარვეზები მაშინაც იყო, არ მოგვეწონა, მიუღებელი იყო და კომპანია იძულებული გახდა, ის საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა.

ახლა ამ ხელმოცარულებს თემა არა აქვთ. საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ჩაფლავდნენ, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ჩაფლავდნენ, სანქციების ნაწილში საქართველომ ხალხთან ერთად გაიმარჯვა და აქედანაც გამარჯვებული გამოვედით. ახლა, როცა ყველა მიმართულებით ხელმოცარული გახდნენ, ჩასაფრებული არიან – აბა, პროექტი რომ კეთდება როგორ კეთდება, აგვიანდება თუ არა. ერთი სული ჰქონდათ კახი კალაძეს ეთქვა, რომ პროექტმა ერთი ან ორი თვით გადაიწია. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილი და ამ ხელმოცარულებს ფრონტი აქვთ გახსნილი.

როგორც იყო დაგეგმილი, წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლომდე ორმხრივი მოძრაობა აღდგება – ამიტომ გაგიჟებული არიან და არ იციან რა ქნან“, – განაცხადა ზარქუამ.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სამების საკათედრო ტაძრიდან მატრონას ხატი გაიტანეს

სამების საკათედრო ტაძარში აღარ არის განთავსებული მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. მის ადგილას კედელზე ახლა წმინდა მატრონას სხვა ხატი კიდია.

უცნობია, ვინ გაიტანა ხატი ტაძრიდან, ასევე ისიც – დაბრუნდება თუ არა იგი ცვლილებების შემდეგ სამების ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეტალების გარკვევა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან სჯობს.

„მხოლოდ მამა იოვანეს ეცოდინება დეტალები. საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება და დაევალა სამების ტაძარს ამის სისრულეში მოყვანა. ამიტომ, რასაც მამა იოანე გეტყვით, იმით იხელმძღვანელეთ“ , – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

“წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე” – ლევან დავითაშვილი

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო.

„გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო. ამაზე ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიებიც და შეხვედრებიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, ეს აქტუალობას არც 2024 წელს არ კარგავს და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს იქნება აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ წლებშიც. გვექნება არაერთი შეხვედრა და დიალოგი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეებთან. წლევანდელი დავოსის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც წამყვან მოთამაშეებთან ინტენსიური შეხვედრები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას”

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ არიან ადამიანები, პირთა წრე და სამწუხაროდ მათ ჰქვიათ ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს არა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ქვეყანაშია, ხელი შეუშალოს.

„სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მართლაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ნებისმიერ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.

“მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში” – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ირანის მიერ ერაყზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოუწოდა მხარეებს, თავი აარიდონ კონფლიქტის ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„კარგი ურთიერთობა მეზობლებს შორის არ არის მსგავს ქმედებებზე დაფუძნებული, არამედ დიალოგსა და თანამშრომლობაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში“, – ამბობს რომის პაპი.

პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ხალხს, რომ ილოცონ ომში გარდაცვლილებისთვის, კერძოდ კი უკრაინაში, ღაზაში, პალესტინის ადმინისტრაციასა და ისრაელში.