Home Blog Page 1766

,,ქალბატონო თინა, თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა”- პაპუაშვილი

ქალბატონო თინა, თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური განაჩენია, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს, სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მისი ფრაქციის წევრებიც კი არ ესწრებიან.

„სიჩუმე ყველაზე კარგი პასუხია თქვენს ისტერიულ გამოსვლაზე. ქალბატონო თინა, თქვენ ხართ პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე და თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა. ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური განაჩენი თქვენი ისტერიისთვის,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,გერმანიაში ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა”- თამარ ჩუგოშვილი

„ფაქტობრივი გარემოებები არის ის, რომ 2019 წლიდან, მთელი ამ წლების განმავლობაში, ზუსტად იდენტური სახით, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი აგზავნიდა მოთხოვნას მსგავსი შინაარსის მითითებით (52-ე მუხლის)“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე განხილვისას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.

მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპორციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.

49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინების ავტორებს და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს უსმენენ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

“გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში შეძლო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა” – ლევან დავითაშვილი

საქართველომ შეძლო არამხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზედიზედ, ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა – 2022 და მიმდინარე 2023 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. 2022 წელს დაფიქსირდა ექსპორტის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა. ეკონომიკური ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება – იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დონე, ამასთან, გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე. მისივე განცხადებით, შედეგად, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე წლიურად, პარალელურად, გაიზარდა სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლები.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა, უმუშევრობა და სიღარიბის კიდევ უფრო შემცირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – სწორედ აქეთაა მიმართული ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ის ასევე მოიცავს ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეფასებასა და კვლევას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს პროგრესს ადასტურებენ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, OECD-ის „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში“ საქართველო კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, ინოვაციური პოლიტიკა და ა.შ.

„მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება იმ ფონზე, როცა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა. სარეიტინგო კომპანიების – Fitch, S&P, Moodys’ შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისების დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. ამასთან, წლის დასაწყისში Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ. სარეიტინგო სააგენტოების შეფასებით, რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმება აუცილებელია” – დიმიტრი პესკოვი

საზოგადოების გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმება აუცილებელია, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ოთხშაბათს რუსეთის მასშტაბით წინასწარ დაგეგმილი საჯარო გამაფრთხილებელი სისტემის შემოწმების შემდეგ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სირენების სისტემის ტესტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პესკოვის თქმით, ასეთი ტესტირება „არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელია“. მან პარალელი გაავლო იაპონიაში სეისმური საფრთხის გამო არსებულ საევაკუაციო წვრთნებთან. პესკოვის აზრით, აუცილებელია წვრთნები სხვა სფეროებშიც ჩატარდეს.

„ტელეგრამის“ ადგილობრივ არხებზე გაზიარებული ვიდეოების მიხედვით, სირენების ხმა ოთხშაბათ დილით მოსკოვის ცენტრსა და რუსეთის სხვა რამდენიმე რეგიონში ისმოდა.

რომის პაპი აცხადებს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებების გამო კოლაფსის ზღვარზეა

რომის პაპის თქმით, მსოფლიო კლიმატის ცვლილებების გამო კოლაფსის ზღვარზეა. „ბიბისის“ ცნობით, ფრანცისკემ მკაცრად გააკრიტიკა გლობალური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანიზაციები და მათ არაეფექტური უწოდა.

პონტიფიკოსმა ასევე გაკიცხა ის ადამიანები, ვისაც კლიმატის ცვლილებების არ სჯერა.

პაპის თქმით, კლიმატისთვის მიყენებული ზიანის ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება და იმის უარყოფა, რომ გარემოს ცვლილებათა ნაწილი ადამიანების ქმედებებითაა გამოწვეული, შეუძლებელია.

რომის პაპის განცხადებაში ასევე გაკიცხულია დასავლეთში გავრცელებული „უპასუხისმგებლო ცხოვრების წესი“.

მისი თქმით, თითოეულ ადამიანზე გაანგარიშებით სათბური აირების ემისიის რაოდენობა აშშ-ში ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში და შვიდჯერ მეტია ღარიბ ქვეყნებთან შედარებით.

„ფართო ცვლილებების შეტანა დასავლურ სამყაროსთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო ცხოვრების წესში, მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგის მომტანი იქნება“, – აცხადებს ფრანცისკე.

„პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი” – დავით ქართველიშვილი

რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტს ორი გზა ჰქონდა – ან დაეიგნორებინა ეს სასამართლო პროცესი, ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები ეპოვა, ვინც ყველაფერზე იყო წამსვლელი.

„პირველЯდ შემეცოდა მადამ პღეზიდანი მისი ორივე წარმომადგენლის მოსმენისას. აქამდე ჯერ კიდევ ზედაპირზე ტივტივს ახერხებდა, ხოლო ამათმა ხომ საბოლოოდ ჩაძირეს. პრინციპში, ამ ჩიხურ და თავიდანვე წამგებიან პოზიციაში, სხვა რა გამოსავალი ჰქონდათ?

ან საერთოდ იგნორი უნდა გამოეცხადებინა სასამართლო მოსმენისადმი, იქ თავის წარმომადგენლობაზე უარის თქმის ჩათვლით. ან ისეთი “კამიკაძე” იურისტები მოეძებნა, ვინც გარკვეული ფინანსური პრეფერენციის სანაცვლოდ ამ სუიციდურ სიტუაციაში შევიდოდა თუნდაც საკუთარი სარეპუტაციო ზიანის ხარჯზე.

რა ბენეფიტებს მოიხვეჭს ამ პროცესიდან ყოფილი საკონსტიტუციო კომისიის მდივანი ჩუგოშვილი, მართლაც საეჭვოა ჩემთვის. მაგრამ ერთი და იგივე საგანში, ერთსა და იგივე უმაღლეს სასწავლებელში (თუ არ ვცდები?) ორი ლექტორის – კობახიძის და კოპალეიშვილის სტუდენტები ამ “დუელს” ხომ ადევნებენ თვალყურს? თსუ-ს ბაზაზე ამ სტუდენტებს შორის რაიმე “ბატლი” რომ შედგეს, გავანებოთ თავი მოგებულს, რაც ჩემში ეჭვსაც არ იწვევს, უნივერსიტეტი ორივე მხარეს ერთნაირ დიპლომს გადასცემს?” – წერს ქართველიშვილი.

უცხოური ვალუტის კურსი 5 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6806 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6806 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8154 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8097 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.

კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

“შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით?” – მოსამართლე ჩუგოშვილს

შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?- ამ შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ევა გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს.

მოსამართლე დაინტერესდა, რა კეთილი განზრახვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას.

„ამბობთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ეს შეხვედრები განახორციელა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. იმაზე მეტს რას გვეუბნება, რომ მას ჰქონდა კეთილი განზრახვა? ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია? ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ამ ორ ფაქტს შორის? რადგან მან 12 პუნქტზე არ ისაუბრა, რადგან ზოგადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ეს თავისთავად, რაზე მეტყველებს, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია საგარეო ურთიერთობებში და პოლიტიკის საკითხებზე არ გამოუთქვამს აზრი, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია? ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ქალბატონი სალომე საქართველოს საზიანოდ განზრახ მოქმედებს. ძალიან რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ამ ორ გარემოებას შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას? შეიძლება კარგი საქმე ვაკეთოთ კონსტიტუციის დარღვევით? ჰიპოტეტურად, ზოგადად. მაშინ, რა მიმართება აქვს იმას, რომ საქართველოს სასიკეთოდ საქმიანობდა?. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სასამართლო და უნდა დაგვეხმაროთ, დავადგინოთ – არის თუ არა დარღვევა“, – მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელს თამარ ჩუგოშვილს შეკითხვით ევა გოცირიძემ.

მოსამართლეს თამარ ჩუგოშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„კონკრეტულად ამ ვიზიტებში, საქართველოს პრეზიდენტი, 49-ე მუხლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა საქართველოს. ის არ წარმოადგენდა მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. ის წარმოადგენდა საქართველოს სამივე მნიშვნელოვან პირებთან შეხვედრაში. საფრანგეთი და გერმანია, ფაქტობრივად, გადამწყვეტი ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა აზრსაც უდიდესი გავლენა აქვს [სტატუსის მინიჭების] გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში” – თამარ ჩუგოშვილი

პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში, ქვეყნის დეკლარირებულ, მთავრობის საგარეო პოლიტიკას მხარდამჭერები მოუმრავლოს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

„ჩამოყალიბდა ამგვარი პრაქტიკა, რომ 52-ე მუხლის საფუძველზე მიმართვა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი ტოვებდა ქვეყანას და ვიზიტით მიემგზავრებოდა უცხოეთში. ჩემი აზრით, წარდგინებაში სწორედ ამიტომ არის უცხოეთზე აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გეოგრაფიასთან საერთოდ არ არის კავშირში და შესაძლებელია, მაგალითად, თბილისში გარკვეული ქმედებების თუ ღონისძიებების განხორციელებითაც შესრულდეს, მაგრამ პრაქტიკა ამდაგვარად ჩამოყალიბდა. მგონი, ვხდებით, რომ რა პრაქტიკაც იყო შექმნილი, სულ მცირე, მას გადახედვა სჭირდება, მაგრამ არის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ერთი – გარდა ცერემონიული ხასიათის ვიზიტებისა, ნახავთ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ასევე თან ახლავს ინფორმაცია პარალელურად, სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვის შესახებ, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. როდესაც პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის, ესწრება, ქვეყანა უნდა იყოს წარმოდგენილი, ცერემონიული არის თუ როგორიც არის. უამრავი სხვა ქვეყანაა წარმოდგენილი. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრეზიდენტი იყენებს შესაძლებლობას, თავისი მანდატის ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს დაელაპარაკოს. ყველა ასე მოიქცეოდა, ეს არის მისი საქმე, ეს უნდა აკეთოს და რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი დაარწმუნოს, რომ ქვეყნის მიერ დეკლარირებულ, მთავრობის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას მოუმრავლოს მხარდამჭერები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რატომ აკეთებდა პრეზიდენტი ამას? რადგან მისი გადმოსახედიდან, ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლებთან ერთად განეხორციელებინა შეხვედრები. მისი სურვილი არ იყო, უბრალოდ, ჩასულიყო და ვიღაცას პირადად დალაპარაკებოდა, არამედ უნდოდა, წარმოდგენილი ვყოფილიყავით როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი. შესაბამისად, ამ ტიპის კომუნიკაციები შემდგარიყო ამ ფორმით. ამის მისაღწევად ითხოვდა თანხმობას. ჩემი აზრით, არასწორად მოხდა 52-ე მუხლის განმარტება. პარლამენტიც ამბობს, რომ ეს პრაქტიკა იყო არასწორი. ისინი სხვა კუთხით ფიქრობენ, რომ შეზღუდვის ხარისხი უნდა გაიზარდოს, მაგრამ პრაქტიკა რომ არასწორი იყო, ამას ჩვენც და ისინიც ამბობენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“კარვების რევოლუციას ელოდებით?!” – რომან გოცირიძე უმრავლესობას

კარვების რევოლუციას ელოდებით?! – თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ.

„დღეს დააპატიმრეს სეიშელის რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერი პატრიკ ელიმინია და ბრალი წაუყენეს მას ჯადოქრობასა და არაბუნებრივი და ცრუმორწმუნეობრივი ქმედებების მუხლით. თურმე ეს კაცი მთავრობის წინააღმდეგ შელოცვებს აწარმოებდა და მტკიცებულების სახით მას ტელეფონში უპოვეს ბრჭყვიალა ქვები და ჯადოს გასაკეთებელი ფხვნილები. ეს საწყალი კაცი შელოცვით რევოლუციის მოხდენის ბრალდებით ზის ციხეში. დაახლოებით ასეთი სულელური და სასაცილო განცხადებაა, რაც გააკეთეთ თქვენ და არცხვენთ ქვეყნის სპეცსამსახურებს. ისინიც საწყლად იმეორებენ, რასაც ეუბნებით. თურმე რაღაც რევოლუციები ხდება, თურმე რაღაც “ოტპორი” ყოფილა. არადა ეს “ოტპორი” მილოშევიჩის წინააღმდეგ მოქმედებდა და მან სად დაამთავრა სიცოცხლე… მოკვდა ჰააგის ციხეში. ლანძღავთ, რომ რაღაცა ჯგუფები არისო, ასეთი იყო „პორა“ უკრაინაში, „კმარა“ საქართველოში და თურმე საკუთარ თავს აიგივებთ იანუკოვიჩთან, მილოშევიჩთან, ლუკაშენკოსთან, შევარდნაძესთან და დესტრუქციულ ძალებად მოგყავთ ის ანტირუსული ძალები, რომლებიც ავტორიტარიზმს ებრძოდნენ. რა ზღაპრებსაც ამ 11 წლის განმავლობაში ამბობთ, საბურავებს აგროვებდნენ ვიღაცები და ბოლოს მიხვედით იქამდე, რომ რევოლუციის მთავარი ინსტრუმენტი ყოფილა კარავი. თურმე ამ კარავში ბომბების შენახვა შეიძლება.

რასაც აკეთებთ, ეს არის დეგრადაციის უკანასკნელი სტადია. ყველა რევოლუციური თეორიები წავიკითხე, მაგრამ კარავი ვერ აღმოვაჩინე. თუ გინდათ, რომ რევოლუცია არ მოხდეს, მეტი იფიქრეთ ხალხზე, ნაკლები იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, არავითარი რევოლუცია არ მოხდება, შიშები გაგიქრებათ და ღამითაც კარგად დაიძინებთ.

არ შეიძლება ეს კანონპროექტი 15 დეკემბერს წარმოგედგინათ? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვამდე. რატომ ამთხვევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში? ეს ყველაფერი ხომ ქრონოლოგიურად ავტომატურად ხდება. როცა საქართველოს ბედი წყდება, აქ თქვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უყრით კენჭს. რატომ? რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას, პრორუსულ ქმედებებს და პრორუსული კანონების ინიცირებას მაშინ, როცა წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი? თქვენ დეკემბრამდე კიდევ ერთ საშინელებას ჩაიდენთ, ამის პროგნოზს ვაკეთებ. ისეთ რამეს, რომელიც იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გამაღიზიანებელი. თქვენ გაქვთ ყოველთვიური ამოცანა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ევროკავშირს დაგვაშორებს. თუ გაქვთ სეზონური გამწვავებები, ხან საგაზაფხულოდ და ხან საშემოდგომოდ ბოლოსდაბოლოს გადაიტანეთ 2024 – ში. ერთი თვის განმავლობაში გაჩერდით, ხმა არ ამოიღოთ, არაფერი გააკეთოთ და მოგვცემენ ამ სტატუსს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი დროში არასწორია.

„შინაარსითაც არის არასწორი. კარვის აკრძალვით ქვეყანაში მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება რომ შეიძლებოდეს, ამას ავტორიტარული ქვეყნები, პირველ რიგში, მიიღებდნენ. ძალიან სასაცილოდ იქეცით, ძალიან შეშინებულები ხართ. ის რაც სასაცილო გახდება, საშიში არაა, არავის ეშინია თქვენი კანონების და სუს-ის განცხადებების. მოსახდენი მოხდება! თუ რევოლუციას დაიმსახურებთ, მოხდება! თუ წესიერად მოიქცევით, ნორმალური ტრანსფორმაცია მოხდება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ვადები და სხვა საკითხები, რაც ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადებს ბაქოსთან ერთად განსაზღვრავენ.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„ვადები და სხვა საკითხები, რაც რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად, როგორც ეს მანამდეც ვთქვით. თუ ვსაუბრობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაშინ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ზახაროვამ.