„ფაქტობრივი გარემოებები არის ის, რომ 2019 წლიდან, მთელი ამ წლების განმავლობაში, ზუსტად იდენტური სახით, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი აგზავნიდა მოთხოვნას მსგავსი შინაარსის მითითებით (52-ე მუხლის)“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე განხილვისას სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.
მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპორციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.
49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინების ავტორებს და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს უსმენენ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.