Home Blog Page 1765

,,ზარზმის აკადემიის” 38 მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა

ზარზმის აკადემიის” 38-მა მოსწავლემ სწავლა კომაროვში გააგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაგდა ბობოხიძე ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, სოფელ ზარზმაში, ბერად აღკვეცილმა მათემატიკოსმა იმდენი მოახერხა, რომ 38 მოსწავლე კომაროვში ჩაირიცხა.

“ერთი ამბავი უნდა იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და აღმაფრთოვანებელი:

ადიგენში, სოფელ ზარზმის სკოლაში, არის “ზარზმის აკადემია”, რომელშიც ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად და გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა.

ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან; მაგალითად, ერთი ბიჭი, კვირაში 3-ჯერ, 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში, გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს.

ისტორია არის ასეთი: მათემატიკოსი ჩამოვიდა ზარზმაში და გადაწყვიტა ბერად აღკვეცა, ასეც მოიქცა. მერე სოფელში დაიწყო მათემატიკის სწავლება, იმდენი მოახერხა, რომ “ზარზმის აკადემიის” 38-მა მოსწავლემ ჩააბარა კომაროვის გამოცდები და კომაროვში გააგრძელა სწავლა.

“რაღაც პერიოდის მერე ვცდილობთ ინგლისურად მოვიტანოთ ამოცანები, რომ ბავშვები ამ ენასაც შეეჩვიონო”.

რისი აღწერაც რთულია, არის ემოციური ნაწილი: როგორი გადამდები ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან.

ახლა ცდილობენ აკადემიაში დაამატონ ინგლისური და ეკონომიკა. ეძებენ დაფინანსებას.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და იმედი მაქვს, რომ მათი მაგალითი მოტივაციის მომტანი იქნება სხვებისთვისაც.” – წერს მაგდა ბობოხიძე სოციალურ ქსელში.

,,წარმოიდგინეთ, მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ „კაკაფონიას” 7-8 საათის განმავლობაში’- კობახიძე

წარმოიდგინეთ მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ „კაკაფონიას” დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში, ასეთი მძიმე შეგრძნებაა. უბრალოდ გაუგონარი რამეა, რასაც ვისმენთ ჩვენ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები ისეთ არაკომპეტენტურობას ავლენენ, რომ ეს მათი მიკერძოებითაც კი ვერ გამართლდება.

„ძალიან მძიმე მოსასმენია. აქ სისუსტეზეც კი არ არის საუბარი. ასეთი რამ შეიძლება დააბრალო პოლიტიკურ მიკერძოებას, რაღაც ინტერესებს, მაგრამ რაღაც ელემენტარული კომპეტენცია თუ გაქვს, ასეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ ილაპარაკებ. უბრალოდ გაუგონარია, რასაც ისინი ლაპარაკობენ.

სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებდნენ ამ ყველაფერს და უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. მაგალითად, სხვადასხვა რამე რომ გგონია „წარმოადგენს“ და „ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს“ ეს არის სირცხვილი. როცა ვერ არჩევენ ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი. იურიდიული თემაც არაა, ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. არაკეთილსინდისიერებაა მაინც მთავარი პრობლემა და არა არაკომპეტენტურობა იმიტომ, რომ ასეთი არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელია და გაუგებარი. გვესმის მათი პოლიტიკური მიკერძოება, ორივე მათგანი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ისინი არიან მხარის წარმომადგენელი, თუმცა მაინც ვერ გამართლდება გაუგონარი არაკომპეტენტურობა, რასაც ისინი ავლენენ მთელი პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ჰქონდა გარანტიები”- კობახიძე

ჩვენ არ გვგონია, რომ პარლამენტში 100 ხმა იქნება იმპიჩმენტის გარშემო, ერთი მარტივი მიზეზის გამო – დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასწარ ჰქონდა გარანტიები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მან ზუსტად იცოდა, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერდა მის იმპიჩმენტს. სწორედ ამის გამო გაბედა გარისკვა. გარისკა და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან ვერ გარისკა ბიუჯეტის ფულის გამოყენება, რადგან ოპოზიციონერები არ იღებენ გადაწყვეტილებას არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით, – განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება.

,,ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში”- კობახიძე კოპალეიშვილს

ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, საკუთარი წარსულისთვის მიეხედა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათაშორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად იმოქმედებთ ჩემზე“, – მიმართა მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს.

„რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა“, – უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ არასოწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა ხვალ განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.

პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც დღეს ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

,,ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”- თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის წევრს თამარ ჩარკვიანს უპასუხა, რომ „კარვების კანონში” ლეიბებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იგეგმება. „მინდა თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვები არ არის დაგეგმილი”. – უთხრა თალაკვაძემ ჩარკვიანს. მანამდე ამავე პლენარულ სხდომაზე თამარ ჩარკვიანმა თქვა, რომ სწორი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვებსა და ლეიბებს ითხოვდა. „როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა?“, – თქვა ჩარკვიანმა და ამ კანონს „რუსული კანონი 2“ უწოდა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 4 ოქტომბერს შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, ე.წ. „კარვების კანონს” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად იზრდება”- დავითაშვილი

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების,  კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება. ამ საკითხებზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის დროს მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმიდან  შემოსავლების რეკორდულ ზრდას და, ზოგადად, ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც  პანდემიის შემდეგ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონეს 7.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 182.5% შეადგინა.  ჯამურად, ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს  5.5 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა  პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით 24%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა,  რაც 2019 წლის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა.  მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ  6.6 მილიონ  საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70.1% აღდგენაა.

ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია – ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად ვიმუშავეთ ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხზე” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველო დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც მართლმადიდებელ ეკლესიას დღესაც განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, რისი დადასტურებაც არის თუნდაც ის ფაქტი, რომ, კვლევების თანახმად, საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და ეკლესია მოსახლეობისთვის დიდი ავტორიტეტს წარმოადგენს.

„მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ქართული ტრადიციები და ფასეულობები. მღვდელმთავრებმა ხაზი გაუსვეს ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის საჭიროებას, რის შესახებაც ჩვენს პოზიციას მუდამ ვაფიქსირებდით.

ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ ნიშნავს ეროვნულობის და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაკარგვას, პირიქით, ევროპა ხელს უწყობს განსხვავებული ერების დაახლოებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობით არამხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს, არამედ თავად ევროკავშირიც, რადგან საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით მნიშვნელოვანი წევრი და შენაძენი გახდება ევროკავშირისთვის.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემები. გულისტკივილით აღინიშნა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი.

მეუფე შიომ და მღვდელმთავრებმა ევროკავშირის ელჩს ვიზიტისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული მოღვაწეობა უსურვეს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

,,თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა?”-ხაბეიშვილი

მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა? , – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს 200 000 ლარად ქონება მისცა, ხოლო შემდეგ 1 200 000 ლარად გამოისყიდეს.

„პირველი მილიონი ფარცხალაძემ იშოვა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დახმარებით. ვგულისხმობ იმას, 200 000 ლარად რომ მისცეს ქონება ფარცხალაძეს და მერე 1 200 000-ად გამოისყიდეს და ამასობაში ეკონომიკის სამინისტროში ისევ ის მოადგილეები არიან დასაქმებულები, ვინც თურნავას დროს იყვნენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი კორუფციაშია „ყელამდე ჩაფლული“.

„ასევე მინდა ვისაუბრო თქვენ მოადგილეებთან დაკავშირებით. გავიგე, რომ ვინც ქურდულ-კრიმინალურია და ზოგადად კორუფციასთანაა დაკავშირებული, ყველა თანამდებობაზე გინდათ იყოს, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე? – წერენ, რომ საწვავს იპარავდა „თბილსერვისში”, როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდა, კორუფციაში იყო ყელამდეო. თუ მის დეკლარაციაში ჩავიხედავთ, 4-5 მილიონის ქონება აქვს დაგროვებული. მდიდრდება ეს ადამიანი იმ ფონზე, როცა 400 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 99 875 ადამიანს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„2023 წელს საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია”- დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან პროგრესსა და პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს მიაღწია. მისი თქმით, ასევე, რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1.5 მლრდ  კვტ/სთ.

ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი ჩატარდა. მისი თქმით, მთავრობის ამ ინიციატივის მიმართ კერძო სექტორმა ძალიან მაღალი ინტერესი დააფიქსირა. პირველი აუქციონის შედეგად 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება.

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმძლავრის მეორე  აუქციონის გამოცხადება,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე. მათ შორისაა „ხუდონჰესის” პროექტიც. ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ალტერნატიული ვერსიების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ენერგეტიკული, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩევა პროექტის საუკეთესო  კონფიგურაცია, რის შემდეგაც  ინვესტორის შერჩევის პროცედურების დაწყებაა დაგეგმილი.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ამ მიზნით კერძო ინვესტორის გამოვლენის პროცესზე.

„გაზიფიცირება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ არაერთი წელია და მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები –  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში,  გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში – ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 7800-ზე მეტ ოჯახს მიეცა. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანართი – ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა.

,,დასავლურ სამხედრო ძალებს საბრძოლო მასალა ეწურებათ”- BBC

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალ რობ ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლურ სამხედრო ძალებს საბრძოლო მასალა ეწურებათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ადმირალის თქმით, ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისმა ინვესტიციებმა გამოიწვია ის, რომ ნატოს ქვეყნებმა სანახევროდ სავსე საწყობებიდან დაიწყეს უკრაინისათვის საბრძოლო მასალის მიწოდება.

“ჩვენ გვჭირდება დიდი მოცულობები. ეკონომიკა, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ 30 წლის განმავლობაში ჩვენს ლიბერალურ ეკონომიკებში, კარგია ბევრი რამისთვის, მაგრამ არა შეიარაღებული ძალებისთვის, როდესაც ომი მიმდინარეობს”, – აღნიშნა ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება და ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი დახარჯონ თავდაცვის სფეროზე.

,,კონსტიტუციის დარღვევაა პრემიერმა ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა”- ჩუგოშვილი

მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„რა შემთხვევაში დაარღვევს პრეზიდენტი 52-ე მუხლს? პირველ რიგში, სტატუსიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ნაბიჯი თუ კონტაქტი, რომელიც შეიძლება დაამყაროს, საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ის ვერ აიღებს ვერანაირ ახალ ვალდებულებას, ვერ შევა მოლაპარაკებებში, მას შეუძლია მხოლოდ ესაუბროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა იმ პოლიტიკისთვის, რაც დეკლარირებული აქვს პარლამენტსა და მთავრობას.

მაგალითად, რა იქნებოდა დარღვევის ყველაზე მკაფიო და უკიდურესი ზომა? ნებისმიერი კონტაქტი ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც მაგალითად აღიარებული აქვთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები და არ ცნობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მაგალითად, ის, რაც პრემიერმა გააკეთა და რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს – ჩინეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს მთავრობის მხრიდანაც დარღვევაა და ეს რომ პრეზიდენტსაც განეხორციელებინა, 52-ე მუხლის დარღვევა იქნებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციით განსაზღვრა, რომ საქართველოს მიზანია იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი – ეს მთავარი ხაზი უკვე განსაზღვრულია. პრეზიდენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს პარლამენტის მიერ დადგენილი და მთავრობის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ, ეს იქნება მისგან არაკონსტიტუციური ქმედება.

პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით მოიცავს კონტაქტს, მაგრამ არ მივყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე, თუ სხვა ტიპის შედეგამდე, წარმოდგენილი საგარეო პოლიტიკის ცვლილებამდე პრეზიდენტის მხრიდან არის კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინების ავტორებს და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს უსმენენ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.