მაინტერესებს, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც „ეფესბეს“ აგენტ ოთარ ფარცხალაძეს პირველი მილიონი აშოვნინა? , – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს 200 000 ლარად ქონება მისცა, ხოლო შემდეგ 1 200 000 ლარად გამოისყიდეს.
„პირველი მილიონი ფარცხალაძემ იშოვა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დახმარებით. ვგულისხმობ იმას, 200 000 ლარად რომ მისცეს ქონება ფარცხალაძეს და მერე 1 200 000-ად გამოისყიდეს და ამასობაში ეკონომიკის სამინისტროში ისევ ის მოადგილეები არიან დასაქმებულები, ვინც თურნავას დროს იყვნენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი კორუფციაშია „ყელამდე ჩაფლული“.
„ასევე მინდა ვისაუბრო თქვენ მოადგილეებთან დაკავშირებით. გავიგე, რომ ვინც ქურდულ-კრიმინალურია და ზოგადად კორუფციასთანაა დაკავშირებული, ყველა თანამდებობაზე გინდათ იყოს, მაგრამ 2023 წელს აუდიტის დასკვნა თუ წაიკითხეთ მიქაუტაძეზე? – წერენ, რომ საწვავს იპარავდა „თბილსერვისში”, როცა კალაძესთან მუშაობდა. ტენდერებს რომ აფორმებდა, კორუფციაში იყო ყელამდეო. თუ მის დეკლარაციაში ჩავიხედავთ, 4-5 მილიონის ქონება აქვს დაგროვებული. მდიდრდება ეს ადამიანი იმ ფონზე, როცა 400 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 99 875 ადამიანს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.