,,ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში”- კობახიძე კოპალეიშვილს

254
spot_img

ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, საკუთარი წარსულისთვის მიეხედა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათაშორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად იმოქმედებთ ჩემზე“, – მიმართა მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს.

„რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა“, – უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელს ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ არასოწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.