„2023 წელს საქართველოში გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია”- დავითაშვილი

58
spot_img

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან პროგრესსა და პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11.1 მლრდ. კვტ/სთ-ს მიაღწია. მისი თქმით, ასევე, რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1.5 მლრდ  კვტ/სთ.

ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი ჩატარდა. მისი თქმით, მთავრობის ამ ინიციატივის მიმართ კერძო სექტორმა ძალიან მაღალი ინტერესი დააფიქსირა. პირველი აუქციონის შედეგად 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება.

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმძლავრის მეორე  აუქციონის გამოცხადება,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე. მათ შორისაა „ხუდონჰესის” პროექტიც. ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ალტერნატიული ვერსიების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ენერგეტიკული, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩევა პროექტის საუკეთესო  კონფიგურაცია, რის შემდეგაც  ინვესტორის შერჩევის პროცედურების დაწყებაა დაგეგმილი.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ამ მიზნით კერძო ინვესტორის გამოვლენის პროცესზე.

„გაზიფიცირება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ არაერთი წელია და მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები –  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში,  გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში – ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 7800-ზე მეტ ოჯახს მიეცა. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შემუშავდა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანართი – ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა.