Home Blog Page 1763

“ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად, სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდში დგომა”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების გამხნევება.

მისი თქმით, გლოვის დღეს არ ღირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

„დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა  ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით.

ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ „სანსეტ შოვის“ ტერიტორიის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

„იმედის“ ინფორმაციით, „ქრონიკამ“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეოკადრები.

„საუბარია, სასტუმრო „სანსეტ შოვის“​ კამერების ჩანაწერებზე. მასალა კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ სასტუმროს ტერიტორიის დატოვების პერიოდს ასახავს, 3 აგვისტო – 14:08 საათზე. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ კალაძის ოჯახის წევრები კურორტს საკუთარი ავტომობილით ტოვებენ“, – ნათქვამია „იმედის“ ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით შვილები სტიქიის ზონიდან გამოიყვანა. მისივე თქმით, დიდი სიბოროტეა, როდესაც ცრუ ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.

„ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე. გაქვთ ამის მცდელობა და რა თქმა უნდა, აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემ მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ. ზუსტად ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუე და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება. დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ.

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა ნებართვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია და მათაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება ანგრევს და აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ხვალინდელ დღეს. დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ“, – აღნიშნა კალაძემ.

“ერდოღანს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, პუტინს შუამავლობა შესთავაზოს” – რუსული მედია

ერდოღანს სურს, პუტინს შუამავლობა შესთავაზოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, – ამის შესახებ რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

„ბატონი პრეზიდენტი შესთავაზებს თავის შუამავლობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში, გაიმეორებს თეზისს, რომ ომში არ იქნება გამარჯვებული და სამშვიდობო პროცესში არ იქნება დამარცხებული“, – აცხადებს თურქული წყარო.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ანკარა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

როგორც წყარო აღნიშნავს, ერდოღანი „ერთადერთი მსოფლიო ლიდერია“, რომელიც სარგებლობს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის „გულწრფელი ნდობით“, ინარჩუნებს მათთან კონტაქტს და „ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო კვირაში გაიმართება.

“ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით”

ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით, – ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს.

“ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მთავრობის წევრებმა რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის მთავრობის წევრებმა 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს, გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობს.

„არ ვიცი ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი, იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც მაგალითად ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან სხვების დასახმარებლად შებრუნდა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჯარისკაცებს, მოხალისეებს, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით. მზად ვართ, ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდით დავუდგეთ, როცა ამის აუცილებლობა იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება” – ანა ბუჩკური

გლოვის დღეა, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა, მაგრამ მალე მოვა დრო, რომ ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი გაეცეს – ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რა იყო სიმართლე, ვინ დამალა და რა დამალა. ეს კითხვები აუცილებლად დაისმება. დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მხოლოდ მწუხარებით შემოვიფარგლები, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

“15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში” – უკრაინის საგარეო უწყება

15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

“კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს” – USA Today

კლიმატური ცვლილების შედეგები, როგორც წესი, ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ დგება, მაგრამ ამ ზაფხულს ეს შედეგები ყველგან ჩანს, – ამის შესახებ USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, სათაურით „მსოფლიო გლობალური დათბობის სახიფათო გარდამტეხ მომენტებს უახლოვდება“.

სტატიის ავტორი ელიზაბეტ ვიზი აღნიშნავს, რომ ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები მუდმივად ახლდება, ოკეანეებში წყალი ცხელდება, მსოფლიო ლიდერები კი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ ამ პროცესებს „გლობალური დუღილის ერა“ უწოდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გლობალური ამინდის სისტემა, რომლებზეც მეცნიერები შარშანაც ღელავდნენ, წელს მზარდი მოწყვლადობის ნიშნებს აჩვენებს.

კერძოდ, ანტარქტიკაზე წყლის ყინული რეკორდულად დაბალ დონეზეა, ტყის ხანძრები კანადაში ჰაერს აბინძურებს, ოკეანეებში წყლის რეკორდული ტემპერატურა კი მარჯნებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ატლანტის ოკეანის დინებები შესაძლოა მოსალოდნელზე სწრაფად დაიმსხვრეს, რაც ამინდისა და კლიმატის სწრაფ ცვლილებას გამოიწვევს.

სტატიაში ასევე მოყვანილია 5 გარდამტეხი მოვლენა, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდეს:

1. მყინვარების დნობამ შესაძლოა ოკეანეები გადატვირთოს;

2. ატლანტის ოკეანეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დინებები შესაძლოა გაჩერდეს და შეცვალოს კლიმატი აშშ-სა და ევროპაში;

3. ამაზონის ტროპიკული ტყეები შესაძლოა გაუჩინარდეს;

​4. ტყის ხანძრები ალასკასა და კანადაში ტყეებს საძოვარ მიწად გადააქცევს;

5. ოკეანის წყლის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა მარჯნის რიფები „მოხარშოს“.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს პროგნოზი არა დანებებისკენ, არამედ ქმედებისკენ მოწოდებაა.

ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს… – ნიკოლოზ რაჭველი

“მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი შოვში მომხდარ სტიქიურ კატასტროფას.

მისი თქმით,  რომ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობით უმნიშვნელოვანესი რამდენიმე საათი დაიკარგა:

“მე ვერასდროს ვერავის ვერ ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…
არანაირი ძალა და ძალაუფლება არ გამაჩნია პასუხი ვაგებინო ამაში დამნაშავე პირებს, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ ბოლომდე მძულდეს გადაწყვეტილების მიმღები ყველა ჩინოსანი, ვინც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საათი დააკარგვინა მეწყერის მსხვერპლებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად!
არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციალური მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო გვაქვს ეს ტრაგიკული რეალობა, რომელიც დაატყდა ჩემ რაჭას და მის მკვიდრებს თუ მასპინძლებს!
ამასთანავე მახრჩობს სიბრაზის შეგრძნება ყველა იმ ადამიანის საბურველში გამოწყობილი გარეული ცხოველის მიმართ, ვინც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილებს პოლიტიკურ გემოვნებას და სოციალურ აქტიურობას უხსენებს, როგორი კომენტარებიც არაერთი შემომხვდა უკვე“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად – ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.

საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.

განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II , რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება , რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უკრაინამ საფრანგეთისგან „სკალპის“ ტიპის რაკეტები მიიღო

უკრაინამ საფრანგეთისგან „სკალპის“ ტიპის რაკეტები მიიღო. ახალი რაკეტები პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჰაერო ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგინა და ერთ-ერთ რაკეტაზე წარწერა „დიდება უკრაინას“ გააკეთა. მოგვიანებით, ღამის ტრადიციულ მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, ტერორისტ სახელმწიფოს ომს ჰაერშიც მოუგებს.

„დღეს მოვისმინე მოხსენება ჩვენი მებრძოლების მიერ „პეტრიოტისა“ და „აირისის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შესახებ. მადლობა ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, რომლებიც საჰაერო სისტემებით დაგვეხმარნენ. მათ შედეგი უკვე მოიტანეს. ყველა განადგურებული რუსული რაკეტა, განსაკუთრებით კი „კონჯალის“აერობალისტიკური რაკეტები, რომლითაც რუსი ტერორისტები ძალიან ამაყობდნენ, არის იმის ნიშანი, რომ ტერორისტი სახელმწიფო ვერ დაარღვევს ჩვენს უსაფრთხოებას. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათ სხვადასხვა ტიპის 65 რაკეტა გვესროლეს, რომელთა უმრავლესობაც ჩამოვაგდეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა უკრაინის საჰაერო ფარი გავაძლიეროთ. ზუსტად აქ, ზუსტად უკრაინის ცაზე დავამტკიცებთ, რომ ტერორი დამარცხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს კი ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია: 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.