აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა. დღეს კი ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.
აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია: 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.