უკრაინამ საფრანგეთისგან „სკალპის“ ტიპის რაკეტები მიიღო

79
spot_img

უკრაინამ საფრანგეთისგან „სკალპის“ ტიპის რაკეტები მიიღო. ახალი რაკეტები პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჰაერო ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგინა და ერთ-ერთ რაკეტაზე წარწერა „დიდება უკრაინას“ გააკეთა. მოგვიანებით, ღამის ტრადიციულ მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, ტერორისტ სახელმწიფოს ომს ჰაერშიც მოუგებს.

„დღეს მოვისმინე მოხსენება ჩვენი მებრძოლების მიერ „პეტრიოტისა“ და „აირისის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შესახებ. მადლობა ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, რომლებიც საჰაერო სისტემებით დაგვეხმარნენ. მათ შედეგი უკვე მოიტანეს. ყველა განადგურებული რუსული რაკეტა, განსაკუთრებით კი „კონჯალის“აერობალისტიკური რაკეტები, რომლითაც რუსი ტერორისტები ძალიან ამაყობდნენ, არის იმის ნიშანი, რომ ტერორისტი სახელმწიფო ვერ დაარღვევს ჩვენს უსაფრთხოებას. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათ სხვადასხვა ტიპის 65 რაკეტა გვესროლეს, რომელთა უმრავლესობაც ჩამოვაგდეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა უკრაინის საჰაერო ფარი გავაძლიეროთ. ზუსტად აქ, ზუსტად უკრაინის ცაზე დავამტკიცებთ, რომ ტერორი დამარცხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.