პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით წერილობით მიმართა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, პარტია „ხალხისთვის“ ამოცანაა, ხალხმა დაინახოს, რომ „ოცნებას“ პროგრესული ალტერნატივა ჰყავს და ის იზრუნებს იმისთვის, რომ „საქართველოს სიკეთეები ყველასთვის გადანაწილდეს“.
„შოვის ტრაგედია ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხრივ, აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა განაშენიანებასთან, კოტეჯების ადგილმდებარეობასთან, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.
ჩვენი პარტიის ამოცანაა, ხალხს ვაჩვენოთ, რომ „ოცნებას“ პროგრესული ალტერნატივა ჰყავს და ის იზრუნებს იმისთვის, რომ საქართველოს სიკეთეები ყველასთვის გადანაწილდეს.
ჩვენ დანამდვილებით უნდა გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია, რომ ის ადრეული შეტყობინების სისტემები არ იყო, ჩვენ მოახლოებული სტიქიის შესახებ დროულად ვერ გავიგეთ, რამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით ნაბიჯებს არ დგამდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ სათავეში იყო.
ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოვითხოვეთ, რისი საშუალებაც ოპოზიციას აქვს. მას აქვს საკმარისი რაოდენობა ხელმოწერების შესაგროვებლად. საგამოძიებო კომისიას შეუძლია სურათი დადოს, თუ რამ გამოიწვია სტიქია – ნეპოტიზმმა, კორუფციამ, გულგრილობამ და შესაბამისად, შემოგვთავაზოს სისტემური ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს საზოგადოებამ არაერთი ჩავარდნა იხილა და არსებობს შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას დროულად. ანა დოლიძის განცხადებით, კრიზისულ მომენტში ხალხმა საკუთარი პრემიერი „სანთლით არ უნდა ეძებოს“.
გარდა ამისა, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, ტერიტორია გეოლოგიური მიმართულებით ზონალურად დაყოს, რაც მმართველმა პარტიამ 2026 წლამდე გადადო და საჭიროა ხალხმა ამის შესრულება მოითხოვოს.
„ეკოლოგია, გარემო და მდგრადი განვითარება ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს. შოვში რაც მოხდა, ეს ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს აშენებულ კოტეჯში ვინმე დაზიანდება თუ არა. მათთვის მთავარია, რომ ვიღაცამ მშენებლობის ნებართვა გასცა და ამით შემდეგ სხვამ ფული გააკეთოს.
გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ სამაშველო სამუშაოები, რომლის დროსაც არაერთი ჩავარდნა ვიხილეთ. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნით მაშველებსა და პოლიციელებს, რომლებიც ძალიან თავდადებულები არიან. მაგრამ საპატრულო პოლიციაც და მაშველებიც თავად ძალიან ცუდ შრომით პირობებში არიან. ასევე, საინტერესოა, რატომ არ ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ადგილას თავის დროზე. კრიზისულ მომენტში ხალხმა საკუთარი პრემიერი სანთლით უნდა ეძებოს?
იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა, ის ყველა თანამდებობის პირს გამოიძახებდა. ასეთია გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი სააგენტოების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მმართველები. ასევე, მოუხმობდნენ მოსახლეობას, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იქ გეოლოგების ჩასვლას. 2020 წელს გიორგი გახარია სწორედ იმიტომ ჩავიდა შოვში, რომ მოსახლეობა გეოლოგების ჩასვლას ითხოვდა.
ეს ყველაფერი სასამართლოებზე და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმიტომ., რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მეწყერსაშიშია. აქ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები, დასვენება ყველგან საშიში იქნება. მთავარი პასუხისმგებლობა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ ტერიტორია გეოლოგიური მიმართულებით ზონალურად დაყოს, ეს მას არ შეუსრულებია და 2026 წლამდე გადადო. ოდესმე ამის შესრულებაც ხომ უნდა დავაძალოთ?!“ – განაცხადა ანა დოლიძემ.