“ეს ომი საქართველოსათვის კატასტროფული იყო, თუმცა მას გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა” – დავით ზარდიაშვილი

498
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“თითქოს გუშინ იყო, მაგრამ უკვე 15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დაწყებიდან. ეს ომი საქართველოსათვის კატასტროფული იყო, თუმცა მას გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა და დიდწილად განაპირობა დღევანდელი ტურბულენტობა; შექმნა ის დღევანდელობა, რასაც ბევრი “დიფუზას” უწოდებს და მეც ვიზიარებ ამ შეხედულებებს: საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ასე თუ ისე, ავად თუ კარგად მუშაობდა, საფუძველი გამოეცალა. ცხადია, 8 აგვისტო გარდამტეხ, კრიტიკულ მომენტს, რასაც “ბიფურკაციის წერტილს” ეძახიან, წარმოადგენდა. გლობალურად, 8 აგვისტომდე არსებობდა მოვლენათა განვითარების ორი გზა, გარემოებათა ორი შესაძლო ლოგიკა – ომი, უწესრიგობა, ტურბულენტობა, სამართლის ნგრევა და მეორე გზა – სამართალზე, სამართლიანობაზე, სიმართლეზე დაყრდნობით წესრიგისა და მშვიდობის შენარჩუნება; შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ეს კითხვა არა მხოლოდ საქართველოსათვის , არამედ, უფრო მეტადაც – მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული ბედისწერის მთავარ საჭირბოროტო საკითხს უკავშირდება. როგორც დღეს ჩანს – არ შეიძლებოდა, რადგან მოხდა ის, რაც მოხდა: საერთაშორისო ურთიერთობებმა ამ ომით გადალახა ის მიჯნა, ის წითელი ხაზები, რამაც დღევანდელ “დიფუზურ” მდგომარეობამდე მიგვიყვანა და არც მომავალი გამოიყურება უკეთ: საუბედუროდ, უარესობა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე უკეთესობა.

ამ ომის შესახებ არსებობს ერთგვარი საერთაშორისო რეფლექსია – ოფიციალური დოკუმენტიც, ფაქტების დამდგენი მისიის, “ტალიავინის კომისიის” ვრცელი დასკვნა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დასკვნა არ გახლავთ კონიუნქტურული (რის დამტკიცებასაც ამაოდ ცდილობენ), ობიექტურია, დადგენილ ფაქტებს ეყრდნობა და მოვლენები შეფასებულია მიუკერძოებლად, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პოზიციით და შესაბამისი სამართლებრივი კრიტერიუმებით.

ვინც ამ დასკვნას იცნობთ, უნდა იზიარებდეთ შეხედულებას, რომ მას პრევენციული ხასიათი ჰქონდა: იგი აფრთხილებდა მხარეებს, რომ სამართლის ფეხს ქვეშ გათელვა, რამაც მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე, თუკი მხარეები სათანადო პასუხისმგებლობებს არ გამოიჩენდნენ და განაგრძობდნენ იგივე დაჟინებით სამართლისათვის ძირის გამოთხრას – გარდაუვლად გამოიწვევდა უარეს კატასტროფებს და მსოფლიოს შეიყვანდა ჩიხში. ისეთივე ჩიხში, როგორშიც მაშინ ყველაზე მეტად საქართველო აღმოჩნდა ამ ომის შედეგად.

ტლიავინის დასკვნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ აგვისტოს ომის გამო პასუხისმგებლობას, მათი ქცევის შესაბამისი დოზებით, აკისრებს ყველა მხარეს: რუსეთს იმიტომ, რომ სწორედ მან შექმნა წლების განმავლობაში სეპარატიზმის გაღვივებითა და აქტიური მხარდაჭერით საქართველოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე და მის მიზანს წარმოადგენდა ამ სეპარატიზმის გამოყენებით საქართველოზე მუდმივი ზეწოლა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებით სადავო საგნად გადაქცევა, რამაც შეუქცევად ესკალაციამდე და ბოლოს აგვისტოს ომამდე – რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე და ამ ტერიტორიების სეცესიამდე, კვაზი-სახელმწიფოების ე.წ. დამოუკიდებლობის ცალმხრივ, უკანონო აღიარებამდე მიგვიყვანა; საქართველოს იმიტომ, რომ მან არ მიიღო სათანადო სამართლებრივი და დიპლომატიური ზომები ესკალაციის სხვაგვარად შესაჩერებლად და კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია, რამაც იგი რუსეთთან ფართომასშტაბიან ომამდე მიიყვანა; საერთაშორისო თანამეგობრობას (უწინარესად დასავლეთსა და ნატოს, რომელიც იმ დროინდელი მსოფლიო წესრიგით ზიდავდა პასუხისმგებლობის უდიდეს ტვირთს საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე) იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ შეაჩერა და უარესიც, ყველა საშუალება დაუთმო რუსეთს, რათა სეპარატიმის მხარდაჭერითა და აქტიური გამოყენებით მუდმივი პრესის ქვეშ ჰყოლოდა საქართველო, რაც იყო კიდევაც – გარდაუვალი ესკალაციის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი.

საუბედუროდ, ეს დასკვნები “წერე და იკითხე” აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მისი აუცილებლად გათვალისწინება მართებდა. გაგრძელდა საერთაშორისო სამართლის, ზოგადად – სიმართლისა და სამართლიანობის, კიდევ უფრო ინტენსიურად ნგრევა, ხოლო 2014 წლის შემდგომ – გარდაუვალი გახდა ომი უკრაინაში.

დღეს მდგომარეობა სერიოზულად, რამდენიმე თანრიგით, ხარისხობრივად არის გაუარესებული: აგვისტოს ომის შეჩერება, მაშინ საერთაშორისო ძალისხმევით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო გაწირვის ხარჯზე, მოხერხდა. რეფლექსიისა და დასკვნების გამოსატანადაც ტალიავინის კომისია შეიქმნა. სწორი დასკვნებიც იქნა გამოტანილი, მაგრამ: კვლავაც ისევე და უარესადაც უგულებელყოფილი, როგორც მანამდე საერტაშორისო სამართალი, რამაც ის აგვისტოს ომი განაპირობა. ახლა – არანაირი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, რეფლექსიაც არ შეინიშნება, რომ სამართალზე, სამართლიანობასა და სიმართლეზე დაყრდნობით მოხერხდეს ჯერ ესკალაციის შეჩერება და შემდგომ, საერთაშორისო წესრიგის აღდგენა. კატასტროფა, რაც მოსალოდნელია, კიდევ უარესად მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეთაგან არავინაა – არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, უწინარესად – არც დასავლეთი მზად ობიექტურად შეაფასოს ვითარება და თვალი გაუსწოროს სიმართლეს, როგორც ეს ტალიავინის კომისიამ გააკეთა. ამიტომ: 15 წლის წინ დაწყებული კატასტროფა მისი გაღრმავების კრიტიკულ სტადიაზეა.