შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი, ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც, 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო აღნიშნული მოწყობილობა შოვში დარიალის ხეობის მსგავსად დამონტაჟებული, პაპუაშვილმა ასე უპასუხა: „რამდენადაც ვიცი, დარიალში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ამუშავება საჭირო ყოფილიყო“.
„მას შემდეგ, რაც დევდორაკის მყინვარზე იყო ბუნებრივი კატასტროფა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ სისტემით დაიფაროს მთლიანად საქართველო. 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის მიხედვით, დღეს, ეს დარიალის ხეობაში, თბილისში – ვერეს ხეობაშია დამონტაჟებული და ეტაპობრივად მიდის, შეიძლება, 3 წელი არ ეყოს მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს. 200 ასეთი მოწყობილობა უკვე შეძენილია და მისი დამონტაჟება მიდის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, გარდა ამისა, სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, აღდგენილია, 2 რადარია დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ სურვილი იყო, 2-3 წელიწადში ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ დრო სჭირდება, ვინაიდან ეს ტექნიკურად რთული საკითხებია. ამას გარდა, მნიშვნელოვანია არა სპონტანურად მონტაჟი სხვადასხვა ადგილას, არამედ, საჭიროებს მიხედვით მონტაჟი და პრიორიტეტების განსაზღვრა.
ვინ თქვა, რომ ეს წინასწარ შეტყობინების მოწყობილობები მწყობრიდან არის გამოსული? სამწუხაროდ, ამ კრიტიკულ, კრიზისულ მომენტში, როცა მნიშვნელოვანია მობილიზება, თანადგომა, გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, სამწუხაროდ, ფაქტობრივად, საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველო და დღეს, ბოდიშების მოხდა უწევთ ხან, კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებულ საკითხზე, თითქოს, გარემოს სააგენტოს ანალიზი იყო, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი, სინამდვილეში ტყუილი იყო…რამდენჯერმე მივმართე „მწვანე ალტერნატივას“, რომ ტყუილის უარყოფა გაეკეთებინათ, სამწუხაროდ, თითი თითზე არ დააკარეს და ეს ტყუილი შეინარჩუნეს… გასაგებია, რომ ხალხმა გეოლოგია არ იცის, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა, არა?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რისკების შესაფასებლად გაკეთდა თუ არა მაქსიმუმი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გეოლოგების და სხვადასხვა ექსპერტების დასკვნა, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტების, ყველა თანხმდება ერთ შეფასებაში.
„საქართველოში გვყავს ერთი-ორი გეოლოგია, თუ ვინაა პროფესიით, არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით, ერთი ქალბატონი, გვყავს ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს აბსოლუტური ტყუილით. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამბობდა, თითქოს, 2 დღის განმავლობაში დაგუბება იყო იქ, ამას ამბობდა, „მთის ამბებიც“, რომ თითქოს, 2 დღე წყალი არ მოდიოდა ბუბას ხეობაში, რაც ასევე ტყუილი იყო, მეცნიერულად დასტურდება, სენსორია ჭანჭახზე დაყენებული, რომლის შენაკადიც არის მდინარე ბუბა. თვის მონაცემები მეც ვნახე, არანაირი ცვლილება 3 აგვისტომდე წყალთან დაკავშირებით დაფიქსირებული არ არის. ამიტომ ეს იყო ტყუილი, რომელსაც მეორე ტყუილი დაემატა, თითქოს, ზემოთ რაღაც გუბდებოდა და ღია ტბა იყო, ეს აბსოლუტური ტყუილი ვრცელდებოდა კრიზისის დროს, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სამაშველო სამსახურების მხრიდან, შესრულდა.
„ვერტმფრენი იყო იქ, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა ვერტმფრენი, 1 საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი, ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც, 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.