Home Blog Page 1761

“ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევის შემდეგ არ უჩვენებია” – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე დღეშია და ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ 60 პროცენტი გვაქვსო. არადა, არცერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, მსგავსი შედეგი არ ჩანს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევის შემდეგ არ უჩვენებია და მაშინაც კი არ აუღიათ 60 პროცენტი.

„მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ზენიტში იყო და ლამის სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ მიუღია. ხალხმა „ქართული ოცნებისგან“ ვერაფერი ხეირი და სარგებელი ნახა. ქუჩაში ხალხთან შეხვედრისას მთავარი კითხვაა, ესენი როდის მოშორდებიან აქედან. ოპოზიციის გეგმაა, რომ ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია გვქონდეს. ხალხთან მეტი სიახლოვე უნდა გვქონდეს – კაბინეტიდან და იატაკიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას ხალხთან კომუნიკაცია და ველზე გასვლა სჭირდება. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ფეხს სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ. „ქართულ ოცნებას“ დალხენილი ცხოვრება რომ ჰქონდეს, ეს კაცი დასასვენებლად იყო წასული და უკან რატომ დააბრუნეს?“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

„უკრაინის მასმედია ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა „საინფორმაციო არმიის“ სამიზნე გახდა“ – Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის მასმედია ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა „საინფორმაციო არმიის“ სამიზნე გახდა“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი), რომელშიც მიმოხილულია პროსამთავრობო მასმედიის ბრძოლა დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლობის კამპანიის გამო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეპუტაციას მასმედიის თავისუფლების დაცვის საქმეში ჩრდილი მიადგა.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „მედიარუხი“ – უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ასოციაცია – იშვიათად აკეთებდა განცხადებებს, თუმცა ორი დღის წინ ორგანიზაციამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაგმოს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები და მათი გამოძიება კონტროლზე აიყვანოს, დამნაშავეთა გამოსავლენად.

„უცნობი აგრესორები ცდილობენ არაობიექტურად წარმოადგინონ უკრაინელი ჟურნალისტების საქმიანობა და ისინი „ხალხის მტრებად“, „რუსეთის აგენტებად“, „ნარკომანებად“ შერაცხონ და მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – ნათქვამია განცხადებაში, – „დაფიქსირებულია ჟურნალისტთა დევნისა და თვალთვალის, უკანონო სატელეფონო მოსმენების ამსახველი ფაქტები, რაც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევასა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას წარმოადგენს. ეს ყველაფერი მიმართულია ზეწოლის განსახორციელებლად დამოუკიდებელ მასმედიაზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასოციაციის განცხადების პასუხად, აღნიშნა, რომ ნებისმიერი ზეწოლა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია და რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება მომხდარი ფაქტების თაობაზე.
უკრაინაში მასმედიის თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია რუსეთთან ომის გამო, რასაც ქვეყნის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოებისა და უკრაინის ინტერესების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ამასთან,ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კიევის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ომის გამო [დაწესებული შეზღუდვები] ხელს უშლის უკრაინული მასმედიის არსებობას.

უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ცილისმწამებლური კამპანია [სოციალურ ქსელებში] ადრეც ხორციელდებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ასეთი ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა რეალურ ცხოვრებაში. ჟურნალისტი-გამომძიებელი იური ნიკოლოვი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციის შესახებ წერს, ამას წინათ რამდენიმე უცნობი მამაკაცის აგრესიის სამიზნე გახდა – ისინი ჟურნალისტს ბინასთან მიეჭრნენ და კარზე უკაკუნებდნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ მას დაიჭერდნენ და ფრონტზე გაგზავნიდნენ. უცნობმა პირებმა მისი ბინის კარზე ააკრეს პლაკატები – „აქ ცხოვრობს ქვეყნის მოღალატე“ და „პროვოკატორი ჟურნალისტი“.

თავის დროზე იური ნიკოლოვის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გადადგომამდე მიიყვანა – სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პირდაპირ იყო დადანაშაულებული, რომ იგი ხელს უწყობს მექრთამეობისა და კორუფციის აყვავებას სამინისტროს სტრუქტურებში.

ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე მამაკაცების ფოტოსურათები პროსამთავრობო Telegram-არხებში იქნა ნაპოვნი, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ინციდენტი ერთ-ერთი სამართალდამცველი ორგანოს „ლოცვა-კურთხევით“ განხორციელდა.

ნატალია ლიხაჩოვა – Detector Media-ს მთავარი რედაქტორმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადრე არასასურველი ჟურნალისტების მიმართ მთავრობის კარნახით და ნებართვით ონლაინ-შეტევები ვირტუალურად ხდებოდა, ახლა კი ეს შეტევები რეალურად, ფიზიკურად ხორციელდება.

პროსამთავრობო ონლაინ-გამოცემები, რომლებიც საკუთარ თავს „საინფორმაციო არმიას“ უწოდებენ, ყველაზე მზაკვრული სახით მოქმედებენ – ისინი ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მთავრობის მოქმედებას [სამართლიანად და ობიექტურად] აკრიტიკებს, რუსეთის აგენტებსა და ქვეყნის მოღალატეებს უწოდებენ და პრეზიდენტის მტრებად წარმოაჩენენ.

იური ნიკოლოვს თავსგადახდენილი ინციდენტის შემდეგ მსგავსმა პროსამთავრობო გამოცემებმა ყურადღება მიაპყრეს საინფორმაციო სააგენტო Bihus.info-ს საქმიანობას, რომელიც დაკავებული იყო უკრაინის მთავრობაში კორუფციის ფაქტების გამოვლენა-გამომჟღავნებით.

როგორც სააგენტოს დამაარსებელი დენის ბიგუსი ამბობს, მისი რამდენიმე თანამშრომელი ხელისუფლების სტრუქტურების თვალთვალის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნეს. სულ მალე ინტერნეტში ვიდეოკადრები დაიდო – ჟურნალისტები კერძო საახალწლო საღამოზე იყვნენ მიწვეულნი, კიევის ახლოს, ერთ-ერთ სახლში და ისინი თითქოსდა აკრძალულ ნარკოტიკებს იყენებდნენ. დენის ბიგუსის თქმით, კოტეჯში ფარულად იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა, მფლობელის ნებართვის გარეშე. ისმინებოდა სატელეფონო საუბრებიც.
საქმე იმაშია, რომ Bihus.info-ს ჟურნალისტებმა მიაკვლიეს და მოიპოვეს ბიუჯეტიდან მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებული იყო უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალები, რომლებშიც გაკრიტიკებული იყო პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ქვეყნის მთავრობა და სხვა სახელმწიფო უწყებები. კომპანიას აკონტროლებს ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო იმ საახალწლო საღამოს კადრების ნახვა, მაგრამ ეს ფაქტი, თავის მხრივ, იმასაც ადასტურებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს ფულიც ბევრი აქვთ, დროც და შთაგონებაც მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე ამგვარი სისტემატური თვალთვალის განსახორციელებლად, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – ამბობს დენის ბიგუსი.

თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა განცხადება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე Bihus.info-ს თანამშრომლების სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ ჩაწერის გამო. მასში აღნიშნულია, რომ „დამოუკიდებელი მასმედიის გამჭვირვალე და პროფესიული მუშაობა უკრაინის დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს“.

ვიდეოკადრები ატვირთული იყო „იუთუბ-არხზე“ სახელწოდებით „ხალხის სიმართლე“, რომელსაც, უკრაინელ „ფაქტჩეკერთა“ (Ukrainian fact checkers) აზრით, ქალი ხელმძღვანელობს. მისი გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

„ხალხის სიმართლე“ გარეგნულად და ტაქტიკით 2013 წლის პროექტს მოგვაგონებს, სახელწოდებით „უკრაინული სიცრუე“, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც იმდროინდელ პრორუსულად განწყობილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აკრიტიკებდნენ.

იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ათი წლის წინათ „უკრაინული სიცრუის“ სამიზნეში მოხვდნენ, ოქსანა რომანიუკიც იყო – იგი იმ დროს არასამთავრობო ორგანიზაციის „მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის“ დირექტორად მუშაობდა. მას ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს და ყველა პირადი ხასიათის მასალა ინტერნეტში გამოუქვეყნეს.

„ძალზე სამწუხაროა, რომ მომხდარი ფაქტები ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდს გვაგონებს. მათი ადგილი 2024 წელს არ უნდა იყოს““, – აღნიშნა ოქსანა რომანიუკმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში.

პოლიტიკოსებმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო უკმაყოფილონი არიან, ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და შეშფოთება გამოხატეს.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო (იგი ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა) ამბობს, ასეთი ფაქტები მთავრობისათვის არასასურველი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას წარმოადგენს. „ის, რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს ერთიანობასა და მისი არსებობის დემოკრატიულ პრინციპებს ანგრევს. ეს არის უკრაინის რეპუტაციისადმი მიყენებული ზიანი“, – დაწერა კიევის მერმა თავის Telegram-არხში.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვის თავისუფლების საკითხებში იროსლავ იურჩიშინმა განაცხადა, რომ „Bihus.info-ს ჟურნალისტების მიყურადება და თვალთვალი მათზე განხორციელებულ უკანონო ზეწოლას წარმოადგენს“.

„თუ უკრაინის ხელისუფლების სამართალდამცველი ორგანოები გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს ვერ დაადგენენ, ამით დადასტურდება ეჭვი – ისინი უკანონოდ ხელისუფლების ზოგიერთი მოღვაწის სახელით მოქმედებდნენ“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

წყარო

ისრაელ-ჰამასის ომს, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

“ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„აშკარად იკვეთება, რომ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლებას, მმართველ პარტიას გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც არის კონკრეტულ საქმეზე, მიღწევებზე დამყარებული და რომელიც არის აგრეთვე კონკრეტული სამომავლო გეგმებით გაჯერებული. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მან გამარჯვებისათვის რეალურად იფიქროს. ოპოზიცია არის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა და სხვა დანაყოფებად, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობის გამო დაიშალნენ და დღეს ფუჭ მოძრაობაში არიან იმასთან დაკავშირებით, გაერთიანდებიან თუ არა ისევ. ოპოზიციის ეს მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია იმით, რომ მათ თავიდან ბოლომდე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოზიცია და პოლიტიკა აირჩიეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის განწირულია. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა ყველა მცდელობა ჯერ უშედეგო აღმოჩნდა.

“ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით” – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას სურს საქართველო იყოს ბორანი ევროპასა და აზიას შორის, რომელსაც, ვისაც უნდა მიაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადააყვანინებს თავს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საქართველოსგან ხიდს ქმნის ევროპასა და აზიას შორის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილი აღნიშნულს ეთანხმება და სოციალური ქსელის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რა გზა განვლო საქართველომ გლობალური სატრანზიტო მაგისტრალების რეალიზება-განვითარებაში.

„აბრეშუმის გზაზე მდებარეობამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციით დატვირთა საქართველო. წლების განმავლობაში რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ევროპა ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებდა და სწორედ საქართველოზე გატარდა დღეს უმნიშვნელოვანესი მილსადენები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ნავთობს აწვდის და გაზის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც ევროპის ქვეყნებისთვის ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელების პერსპექტივით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების შემდეგ ეს იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი 10 000-კონტეინერიანი ტანკერების მისაღებად.

აბრეშუმის დიდი გზის საქართველოს მონაკვეთზე ბოლო წლებში, ასევე, მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტი განხორციელდა – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ მაგისტრალით, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო თბილისსა და შემდეგ თურქეთის ქალაქ ყარსს უკავშირდება, უნიკალური მარშრუტი შეიქმნა. დღეს უკვე შესაძლებელია უმოკლეს დროში ჩავიდეს საკონტეინერო მატარებელი ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს დასავლეთში – ლონდონში. ამ რკინიგზას „აბრეშუმის რკინიგზასაც“ უწოდებენ, რომელზედაც ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი ჩინური საკონტეინერო მატარებელი 2015 წლის 13 დეკემბერს შედგა და სატესტო მარშრუტი დანიშნულების ადგილამდე წარმატებით გაიარა.

საერთაშორისო დანიშნულების ეს სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს გახსნეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სატრანზიტო მაგისტრალების რეალიზება-განვითარებაში, მონაწილეობს ეკონომიკურ პროცესებში და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შუა დერეფანზე, იგივე აბრეშუმის გზაზე გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდინარეა საქართველოსთვის, კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რომელთა გამოყენებისთვისაც კონკრეტულ სახელმწიფოებთან ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება და ამ შესაძლებლობებს ქართული სახელმწიფო გამოიყენებს. მინაწერი: ოპოზიციის დიდი სურვილის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო არ იქნება ბორანი, რომელსაც სახელმწიფოები საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ – მიაწვებიან და ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე თავს გადააყვანინებენ. ქართულ სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით, ექნება კარგად გამოკვეთილი, ღირსეული ადგილი ყველა სხვა სახელმწიფოს გვერდით, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის არსებული „ხიდით“ სარგებლობას მოინდომებენ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება – ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში”

ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

მან მრევლსა და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები „სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“.

„დღეს ყველა ტაძარში იგალობება შემდეგი საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. ეს ნიშნავს, რომ ვინც მოვინათლეთ, ქრისტე შევიმოსეთ. ეს საგალობელი ყოველთვის იგალობება, როდესაც ადამიანი ინათლება როგორც ერთგვარი ეკლესიის მოწოდება მისდამი. ამ სიტყვებში შეიძლება ითქვას, რომ გადმოცემულია მთელი მთავარი აზრი იმისა, თუ რა არის ნათლობის საიდუმლო და რისთვის ინათლება ადამიანი. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვლა, რისთვის არის საჭირო, როგორ ხდება ეს? ეს არის საჭირო ჩვენი სულის გადარჩენისთვის და სულის გადარჩენა რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს უფალი იესო ქრისტე და ცოდვა დაამარცხოს ჩვენს გულში, იმიტომ, რომ ადამიანს ღვთის შეწევნის გარეშე ცოდვის დამარცხება არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ძლიერი ნებისყოფის თუ კარგი აღზრდის წყალობით ზოგიერთი ცოდვა არ ჩავიდინოთ, თავი შევიკავოთ მათგან, მაგრამ ცოდვის როგორც ჩვენი სულის თვისების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა ადამიანს საკუთარი ძალით არ შეუძლია. იმიტომ, რომ როდესაც თავდაპირველად ადამმა შესცოდა და განშორდა ღმერთს, მისი ბუნება დაზიანდა და ეს დაზიანება გადაეცა შემდგომ მთელს კაცობრიობას. მას მერე ყოველი ადამიანი იბადება ამ დაზიანებული ბუნებით და ეს სენი იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის განკურნება. მაგალითად: შეუძლებელია, რომ ამპარტავანი ადამიანი საკუთარი მეცადინეობითა და შრომით გახდეს თავმდაბალი; ან კაცთმოძულე და შურიანი ადამიანი გახდეს მოსიყვარულე; ან მრისხანე გადაიქცეს მშვიდად; მატყუარა ადამიანმა შეიძულოს ტყუილი და შეიყვაროს სიმართლე შინაგანად, თავისი გულით; ხარბი და ვერცხლისმოყვარე გახდეს ხელგაშლილი, მოწყალე და ლმობიერი და ა.შ. ამ და სხვა ვნებების დამარცხება და ჩვენი გულიდან წარხოცვა შესაძლებელია ღვთის მადლით. ამისთვის საჭიროა უფალი იესო ქრისტე შევიმოსოთ ჩვენ. ამიტომ იგალობება ეს საგალობელი, რომ ქრისტე თავისი მადლით შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენი ცოდვები წარხოცოს. ამისთვისაც საჭიროა ერთი თვისება, რომლის გარეშეც უფლის მადლი ჩვენ გულში არ შემოვა. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს. ჩვენ, სიმდაბლეც უნდა შევიმოსოთ. ერთი წმინდა მამა ამბობს და პატრიარქსაც, ილია მეორესაც გაუმეორებია “სიმდაბლე ღმერთის შესამოსელია“. აი, სიმდაბლეს თუ შევიმოსავთ, მაშინ მადლიც მოვა, მოვიზიდავთ სულიწმიდის მადლს, რომელიც როგორც ჩვენი სამყაროს დიდი შემოქმედი ძალა, რომელიც მამისაგან გამოვალს, მოვა ჩვენს გულში და წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და მოახდენს ჩვენს ფერისცვალებას. ჩვენ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და სრულებით ახალი ადამიანები გავხდებით. სწორედ ამ ფერისცვალებისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, რომ მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის უფლისთვის მთავარი, ვიდრე ჩვენი ამქვეყნიური წარმატებები, მიღწევები თუ კეთილდღეობა. ამისთვის ივნო მან ჯვარზე, ჩვენი ცოდვებისთვის. ამისთვის დააარსა მან თავისი ეკლესია. ამიტომ წმინდა ეკლესიაც, ჩვენი სარწმუნოება, ქრისტიანობა არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ღმერთთან ყოფნა. როგორც სახარებაშიცაა ნათქვამი, ვინც თავისთვის კი არ მდიდრდება, არამედ ღმერთისთვის მდიდრდება. გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ. წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ. და როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან აღარ ვიყოთ ღვთისთვის უცხო, არამედ სახლეურ ღვთისა“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

“შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას”

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

წილოსანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ მიიღო, საინტერესოა საქართველოს შემთხვევაშიც, ვინაიდან საუბარი შეეხო სახელმწიფოს პოზიტიურ როლს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში.

„შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალგანვითარებული გეოგრაფიული არეალია, განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა ლინ-განგის სპეციალური ზონა, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო ტერიტორიის და კონცეფციის მოწყობას.

გამოცდილება, რომელიც აქ შეხვედრის დროს მივიღეთ და პრეზენტაციისას მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას. ეს არის სპეციალური საგადასახადო სისტემის შეთავაზება დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ტვინების მოზიდვის კუთხით სპეციალური ბენეფიტების დაწესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და დაინტერესების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, იმისთვის, რომ კონკრეტულად ასეთი ზონები სათანადოდ განვითარდეს და წამყვანი ფუნქცია ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ქართული ოცნების“ დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პეკინსა და შანხაიში, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

“დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

18 იანვარს, ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს შემდგომი დაფინანსების გამოყოფა უნგრეთისთვის, სანამ უნგრეთის მთავრობა არ დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც მიმართულია კანონის უზენაესობის ეროზიის შეჩერებაზე.

“ამ საკითხებთან დაკავშირებით ფინანსურად ვერ დაგვაშანტაჟებენ”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

“არანაირი თანხა არ დაარწმუნებს უნგრეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებების შეზღუდვის შესახებ”, – დასძინა ვიქტორ ორბანმა.

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ფრონტზე უფრო ცხელა“ – გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა

გასულ დღეს, 18 იანვარს, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და დამპყრობლებს შორის 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

როგორც გენერალურმა შტაბმა დილის ბრიფინგზე განაცხადა, მოწინააღმდეგემ 18 შეტევა განახორციელა ხარკოვის რეგიონზე, მაგრამ თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამავე ცნობით, ლიმანის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 15 თავდასხმა და კიდევ 8 თავდასხმა –  ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკაში. ბახმუტის მიმართულებით რუსებმა ორი წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.

„ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ დამპყრობლის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას. უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვას და მნიშვნელოვან დანაკარგს აყენებენ ოკუპანტებს. ამგვარად, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 27 თავდასხმა და კიდევ 17 თავდასხმა დონეცკის ოლქის  მახლობლად“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, ამავდროულად, ბრძოლები მიმდინარეობდა მარიინსკის მიმართულებით კრასნოგორივკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას, დონეცკის ოლქში. შეიარაღებულმა ძალებმა 15 თავდასხმა მოიგერიეს. შახტარსკის მიმართულებით ოკუპანტმა 4 შეტევა განახორციელა, მაგრამ ისინი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების 5 თავდასხმა. ხერსონის მიმართულებით მოწინააღმდეგემ 11 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა უკრაინული ჯარების პოზიციებზე.

“როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი”- Newsweek

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი“ (ავტორები – მაიკლ გეფლერი და დევიდ რანდელი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის სანქციების შედეგები – დაზარალდა თუ არა კრემლი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ემბარგოთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა უკვე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ნეგატიური შედეგები დასძლია – სანქციებისა, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა კრემლის ეკონომიკის დასანგრევად შემოიღო – იმ იმედით, რომ რუსეთს უკრაინიდან გასვლას აიძულებდა. მაგრამ მოსალოდნელი კოლაფსის ნაცვლად რუსული ეკონომიკა იზრდება. 2023 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ თუ კვარტლების შედეგებით ვიმსჯელებთ – შარშან მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებამ 5,5% შეადგინა- მთლიანი წლის მშპ 3%-ზე მეტი უნდა იყოს.

ბედის ირონიით, ამ მხრივ რუსებს საქმე უფრო კარგად აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებმაც კრემლს სანქციები გამოუცხადეს: აშშ-ის ეკონომიკა 2023 წელს მხოლოდ 2,4%-ით გაიზარდა, გერმანიაში მშპ საერთოდ შემცირდა, ევროკავშირში კი ზრდა მხოლოდ 1%-ით გამოიხატა.
უკრაინიდან ჯარის გაყვანის ნაცვლად, რუსეთმა კიდევ უფრო გაადიდა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 190 ათასიდან 600 ათასამდე.

ომის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ისეთი კომპლექსი დააწესეს (13 პაკეტი!), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყნის მიმართ არ მომხდარა, თუმცა რუსეთის ეკონომიკას ამით მაინცდამაინც არაფერი არ დაჰკლებია. იყო მხოლოდ ზომიერი რეცესია 2022 წელს, რომელიც სწრაფად იქნა გადალახული. რუსული რუბლის კურსი დროებით დაეცა, მაგრამ მალე ისევ თითქმის ტრადიციულ ნორმას დაუბრუნდა… და ეს იმ დროს, როცა საომარ მოქმედებებს უზარმაზარი რესურსები ხმარდება.
როგორ მოახერხა რუსეთმა წარმატების მიღწევა? სრულიად მარტივად: რუსებს აქვთ ბევრი ოქრო, ბევრი მარცვლეული, ბევრი ნავთობი და გაზი, ჰყავთ ბევრი მეგობარიც. მათ მარჯვედ გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები სანქციების გვერდის ავლის მიზნით. კაცმა რომ თქვას, ამის პროგნოზირება ადვილად შეიძლებოდა და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს,
2022 წლის მარტში „დიდი შვიდეულის“ წევრებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეტ არსებული რეზერვები გაყინეს – თითქმის 300 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევარს შეადგენს. დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რუსულ რუბლს „მტვრად აქცევდა“, მაგრამ ეს არ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ოქროზე მიბმა გადაწყვიტა და ეს ოპერაცია ოქროს დიდძალი რეზერვებითა და საწარმოო სიმძლავრეებით განამტკიცა.

რასაკვირველია, ამის გრძელვადიანობა სარისკოც იყო, მაგრამ მოსკოვმა დრო მოიგო – სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში კრემლმა შეძლო ნავთობისა და გაზის ნაკადები ევროპიდან აზიისაკენ შეებრუნებინა და ქვეყნის ეკონომიკა დასავლური სანქციების საპასუხოდ გარდაექმნა.

რუსეთს დიდი დრო არ დაუხარჯავს ნავთობისა და გაზის ექსპორტის ინდოეთისა და ჩინეთისაკენ მიმართვისათვის. კრემლმა პეკინს და ნიუ-დელის მნიშვნელოვანი შეღავათები შესთავაზა. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს ეს ორ სახელმწიფო რუსული ნავთობ-გაზის საექსპორტო მოცულობის 90%-ს იღებს.

ევროპა თუ ადრე რუსული ენერგო შემცველების 40%-ს იღებდა, ახლა მხოლოდ 4-5%-ს. დასავლური ჯარიმებისაგან თავი რომ აერიდებინა, რუსეთმა ისეთი ქვეყნებისაგან დაიქირავა ნავთობისა და გაზის ტანკერები, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. დღეისათვის რუსეთს დიდი „ჩრდილოვანი ფლოტი“ აქვს შექმნილი, რომლის მეშვეობით დღე-ღამეში 7,5 მილიონ ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენს, ანუ მცირედით ნაკლებს, ვიდრე საუდის არაბეთი.

რუსებმა ისარგებლეს მეგობრების შესაძლებლობებითაც – დახმარებისთვის მიმართეს ჩინეთს და თურქეთს, ყირგიზეთს, განსაკუთრებით კი ირანს და ჩრდილოეთ კორეას, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სანქციების გადალახვის სფეროში. მათი მეშვეობით, ტრანზიტულად, რუსეთი იმპორტიორებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას – მიკროჩიპებს (ინტეგრალურ ელექტრონულ სქემებს), ავტომობილებს, სათადარიგო ავიანაწილებს. მაგალითისათვის ეს ციფრიც კმარა: 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთ-ყირგიზეთის ვაჭრობა 5500%-ით გაიზარდა!

რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოა – მას განუზომელი ბუნებრივი რესურსები აქვს: ხე-ტყე, მტკნარი წყალი, ენერგო შემცველები, იშვიათი ლითონები… და მარცვლეული, რომლის რეკორდულ მოსავალს იღებს ბოლო წლებში და რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. რუსეთის ხორბლის უდიდეს ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.

ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური დათბობა, რომელსაც რუსეთისათვის გარკვეულ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოზიტიურიც მოაქვს – ციმბირში ტემპერატურამ მოიმატა და მარცვლეულის თესვის არეალი გაფართოვდა, თეთრი დათვების გასაჭირი კი ვლადიმერ პუტინს მაინცდამაინც არ აღელვებს.

ნატოს მიერ ნაჩუქარმა „სასწაულებრივმა იარაღმა“ – ამერიკულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა HIMARS-ებმა, ტანკებმა – „ლეოპარდებმა“ (გერმანია), „ჩელენჯერებმა“ (დიდი ბრიტანეთი), „ბრედლებმა“ და „აბრამსებმა“ (აშშ) და სხვა უამრავმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინის კონტრშეტევას წარმატება ვერ მოუტანა. დასავლელმა დიპლომატებმა ვერც შეძლეს რუსეთის იზოლირებაც: მოსკოვისაკენ მიილტვიან „გლობალური სამხრეთის“ (უწინდელი „მესამე სამყაროს“) ქვეყნები – კრემლს BRICS-ში გაწევრიანების მსურველები ქვეყნების რიგი უდგას. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი ჩაიფუშა.

დღეისათვის რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი საზღვარგარეთული აქტივები გაყინულია, ანუ წესით ზემოთ აღნიშნული 300 მილიარდი დოლარით ვერავინ ვერ უნდა ისარგებლოს, მაგრამ ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი აცხადებს, რომ ფული კონფისკებული უნდა იქნას და უკრაინას გადაეცეს.

რასაკვირველია, ყველას აქვს სიტყვის თქმის უფლება, მაგრამ გააჩნია რას იტყვი – ამ შემთხვევაში რუსეთის კუთვნილი თანხების კონფისკაცია სრული უგუნურებას და გიჟურ იდეას წარმოადგენს. თუ დასავლეთი, უპირველესად კი აშშ, ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა ამერიკული დოლარის ალტერნატივის ძებნას დაიწყებს, სარეზერვო ვალუტის სახით.

გამოდის, რომ თუ ვაშინგტონს რაიმეს აწყენინებ, ფინანსური საფრთხე დაგემუქრება. 300 მილიარდის კონფისკაცია და უკრაინისათვის გადაცემა ისეთი ნაბიჯი იქნება, რასაც რუსების დასავლეთისადმი სიძულვილის გაღვივება მოჰყვება – როგორ, ამერიკა და ევროპა ჩვენ ფულს ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს? ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. რას იზამს ვლადიმერ პუტინი?

ალბათ, პირველ ეტაპზე კრემლიც რუსეთში არსებული ყველა დასავლური კომპანიის აქტივების კონფისკაციას მოახდენს. მზად არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კომპენსაცია გადაუხადოს მათ მფლობელებს?

სანქციების გამოცხადება იოლია, მაგრამ იშვიათად თუ ამართლებენ. ერთი შეხედვით თითქოსდა სერიოზულ ზომებს ჰგვანან, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ეკონომიკურ „მოჩვენებითობას“ წარმოადგენს.

სანქციებმა უკრაინას სასიკეთო ვერაფერი შემატა – კიევს ცოცხალი ძალის მწვავე დანაკლისი აქვს, უმთავრდება ფული, საბრძოლო მასალები… მას ვადებიც კი აღარ აქვს საკმარისი ომის გასაჭიანურებლად.

დროა დასავლეთმა შეწყვიტოს ფულის მიცემა „ჯიბეგახვრეტილი კაცისათვის“.

წყარო:

“უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება”- Der Standard

ავსტრიულმა ყოველდღიურმა გაზეთმა „დერ სტანდარდმა“ (Der Standard) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა სუსტდება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთთან მძიმე ომის გამო, თავისი პოლიტიკური პროგრამის რეალიზება ვერ შეძლო“ (ავტორი – დიტერ ზეგერტი, პოლიტოლოგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი მრავალი წლის განმავლობაში იყო მსახიობი და იმავდროულად ბიზნესმენიც. სატირულ კინო-სერიალ „ხალხის მსახურში“ მან გამოგონილი პრეზიდენტის ვასილ გოლობოროდკოს როლი შეასრულა, რომელმაც საოცრად იოლად მოაგვარა უკრაინის ბევრი სერიოზული პრობლემა – კორუფცია, ოლიგარქების გავლენა, ნათლიმამობა და ა.შ. ისტორიის მასწავლებელი და შემდგომ უკვე პრეზიდენტი ვასილ გოლობოროდკო (ვოლოდიმირ ზელენსკი) წარმატებებს ადვილად აღწევს და მოხერხებულად უვლის გვერდს არაკეთილმსურველების მიერ დაგებულ ხაფანგებს.

კინოსერიალი „ხალხის მსახური“ 2015 წელს უკრაინის იმ ტელეარხით გადაიცემოდა ეთერში, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ეკუთვნოდა. ეს ის დროა, როცა პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო… მან თავის მიერ გატარებული პოლიტიკით (წინამორბედების მსგავსად) ამომრჩეველთა უკმაყოფილება დაიმსახურა და როცა 2019 წელი მოახლოვდა – საპრეზიდენტო არჩევნების დრო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა პარტია „ხალხის მსახური“, თავისი კანდიდატურა წარადგინა და არჩევნებში დამარწმუნებელი გამარჯვება მოიპოვა.

მსახიობიდან პრეზიდენტობამდე

პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 30% მიიღო, ხოლო მეორე გადამწყვეტ ტურში – 73% უკრაინაში ასეთი მაღალი მაჩვენებლებით არცერთ პრეზიდენტს არ მოუგია არჩევნები, ასეთი მტკიცე გამარჯვება ეფუძნებოდა უპირველესად კონტრპროგრამას პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, რომლის ლოზუნგი იყო „არმია! ენა! სარწმუნოება!“. პეტრო პოროშენკო გამოდიოდა რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მიღწევისათვის, რუსული ენის შეზღუდვისათვის და (მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი) უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის პრიორიტეტისათვის, რომლის დაარსებას თვითონ შეუწყო ხელი.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის, პეტრო პოროშენკოსაგან განსხვავებით, რუსეთთან მოლაპარაკება და მშვიდობიანი თანაარსებობა სურდა, არ უნდოდა რუსული ენის ჩაყენება შეზღუდულ მდგომარეობაში და ამომრჩევლებს ოლიგარქებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ჰპირდებოდა. პრეზიდენტად არცევის შემდეგ მან დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ „ხალხის მსახურმა“ ყველაზე მეტი მანდატი მიიღო – კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა.

ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედმა, საბოლოო ჯამში ვერც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ განახორციელა თავისი საარჩევნო პროგრამის რეალიზება, რადგან ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. ძველმა პარლამენტმა ჯერ კიდევ დათხოვნის წინ მიიღო რუსული ენის შემზღუდავი კანონი, რომლის თანახმად, უკრაინული ენა ერთადერთი სახელმწიფო ენა ხდებოდა ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო და სასამართლო ორგანოებში. ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთთან დონბასის გამო მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობდა მინსკის შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზნის მიღწევაში ხელი უკრაინის ნაციონალისტურმა ძალებმა შეუშალეს. თავის მხრივ, სიტუაცია გაართულა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც, რომელმაც დონბასის ადგილობრივ სეპარატისტულ რუსულენოვან მოსახლეობას რუსეთის მოქალაქის პასპორტები დაურიგა.

რაც შეეხება ოლიგარქებთან ბრძოლას, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხშიც, როგორც იტყვიან, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“: იგი პეტრო პოროშენკოს ოლიგარქების გამო აკრიტიკებდა, რომ „მის ზურგს უკან უცხოეთში რეგისტრირებული ყალბი კომპანიები დგანანო“, მაგრამ კრიტიკა შეწყდა მას შემდეგ, როცა ე.წ. „პანამის დოკუმენტებით“ გაირკვა – თურმე მსგავსი კომპანიები ვოლოდიმირ ზელენსკისაც ჰქონია დარეგისტრირებული. მოკლედ, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი რეიტინგი 24%-მდე დაეცა.

რუსეთის თავდასხმა – „მაშველი რგოლი“ ზელენსკისათვის

2022 წლის 24 თებერვლიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტეტის გაზრდისათვის ახალი შანსი გაუჩნდა – მისი რეიტინგი გაიზარდა იმის გამო, რომ რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მან, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციის შესრულება დაიწყო და მოსახლეობას ყოველდღიურად მიმართავდა სიმტკიცე გამოეჩინათ და პარალელურად, დასავლეთის სახელმწიფოებს დახმარებისათვის მიმართავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკის უეჭველად საფრთხე ემუქრებოდა, მან კიევი არ დატოვა და საზოგადოების წინაშე უშიშრად გამოდიოდა. შესაბამისად, მისი რეპუტაცია მოსახლეობაში 90%-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის გამოსვლები უკრაინელებს იმედსა და რწმენას მატებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ყირიმს უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად 2023 წლის ზაფხულში რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლდებოდა.

დიდი იმედგაცრუება დიდი მოლოდინის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლების პრობლემა იმით გამოიხატებოდა, რომ ერთი მხრივ, თავისი მიმართვებით იგი მოსახლეობას გამარჯვების იმედს უსახავდა, მაგრამ მეორე მხრივ, რეალური სამხედრო შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა. არარეალური და ცრუ პროგნოზები კი ტრადიციულად გადადგომის ფაქტორებს წარმოადგენენ. 2023 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი არარეალურ მიზნებს ისახავდა და მოსახლეობა გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩინა. ექს-მრჩეველმა მოსახლეობას ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ ჩადენილი ზოგიერთი არასწორი ქმედებაც გაუმხილა: მისი თქმით, პრეზიდენტის გარემოცვა ატერორებდა და თრგუნავდა ბიზნესის წარმომადგენლებს, არღვევდა პოლიტიკურ კონკურენტთა უფლებებს და შიდასახელისუფლებო ტირანიას ამყარებდა.
„ხალხის მსახურებმა“ ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უფლებამოსილება შეუზღუდეს და საზღვარგარეთ გამგზავრება პოლიტიკური ნიშნით აუკრძალეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის რისხვა თავს დაატყდა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთ პოლიტიკურ კონკურენტს, კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს, რომელმაც შვეიცარიული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

მაგრამ საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო ღია უთანხმოებამ, რომელიც უკრაინის არმიის მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გაჩნდა, ქვეყნის სამხედრო მდგომარეობის შეფასების მხრივ.

საქმე იმაშია, რომ ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული ჟურნალის – „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო სიტუაცია „ჩიხში შევიდა“, არმიის კონტრშეტევა შეჩერდა, მოწინააღმდეგის [რუსეთის] ძალები არასწორად იქნა შეფასებული და რომ რუსეთზე გამარჯვებისათვის დასავლეთის მეტი დახმარებაა საჭირო, ცოცხალი ძალის დანაკარგები დიდია და არმიის შესავსებად ფართო მობილიზაცია აუცილებელია. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაეთანხმა გენერლის პოზიციას და განაცხადა, რომ სიტუაცია ჩიხში შესული არ არის.

გადახრა ავტორიტარიზმისაკენ?

ბოლო დროს, როცა აშკარა გახდა, რომ უკრაინას წინ გაჭიანურებული ომი ელოდება და დასავლელმა მოკავშირეებმაც კიევს ფულითა და იარაღით დახმარება შეუმცირეს, პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერებს ეჭვი გაუჩნდათ – რამდენად საიმედო და რეალურია ვოლოდიმირ ზელენსკის დაპირება ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანისა და 1991 წლის დროინდელი საზღვრების აღდგენაზე. პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის შემცირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უეცრად არ დაწყებულა, მისი სიმპტომები შეუმჩნევლად გაჩნდა და თანდათანობით გაძლიერდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა პრეზიდენტის გუნდმა დემოკრატიის შეზღუდვა დაიწყო: აიკრძალა გავლენიანი ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“; უნიფიცირებული გახდა სატელევიზიო პროგრამები და გაძლიერდა ცენზურა; შეიზღუდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (რომელიც ადრე რუსეთის საპატრიარქოსადმი იყო დაქვემდებარებული, თუმცა მოგვიანებით მოსკოვთან კანონიკური კავშირები გაწყვიტა) და ის პრორუსულად შერაცხეს, პარლამენტმა მიიღო კანონი (პირველი მოსმენით) მისი საქმიანობის საერთოდ აკრძალვის შესახებ; ამჟამად განიხილება კანონპროექტი, რომლის თანახმად, არმიაში მამაკაცების თანაბრად, ქალებიც შეიძლება გაიწვიონ, რადგან უკრაინის არმია ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებს განიცდის. კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლების დასჯაც.

ამასთან, ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დემოკრატიის პრინციპების დარღვევა და კანონების გადაჭარბებული გამკაცრება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

პრეზიდენტის ბედი

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ერთი წლის წინ მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობა, დღეს თავის მომხრეებს თანდათან კარგავს, მის მიერვე გატარებული პოლიტიკის გამო. როგორც ჩანს, თუ არჩევნები ჩატარდება (ან შესაძლოა არჩევნების გარეშეც), იგი თავისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს და შეიძლება პოსტი დაკარგოს.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განასხვავებს ფილმში გამოგონილი ისტორიის მასწავლებლის ვასილ გოლობოროდკოსაგან, ისაა, რომ მან წარუმატებლობა განიცადა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში, რუსეთის აგრესიის ჟამს.

წყარო