გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირთა უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ

21
spot_img

გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ ნაბიჯით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დარჩენის უფლების არმქონე ადამიანებს უფრო სწრაფად მოუხდეთ ჩვენი ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

მისი თქმით, კანონი ასევე დაეხმარება ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.