Home Blog Page 1761

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, რომელიც უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი კიევის ოლქის ქალაქებში მოშჩუნშიბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რომლებიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და სადაც რუსეთის სამხედროების მიერ სასტიკი დანაშაულები იქნა ჩადენილი.

„მჯერა, რომ ამერიკა არის თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი. აქ ჩემი, როგორც კერძო მოქალაქის ჩამოსვლამ, უკრაინელი სამხედროების გმირობის საკუთარი თვალით ხილვამ, ირპენში ადგილობრივი მოსახლეობის გმირობის დანახვამ, რომლებმაც შეაკავეს რუსეთის არმია, მათ ოჯახებთან შეხვედრამ, რომელთა სახლებიც დაიბომბა რუსეთის უგუნური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დროს, მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, გავაგრძელო უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი ძლიერი ამერიკული მხარდაჭერის მოწოდებით გამოსვლა“ , – განაცხადა მაიკ პენსმა NBC-სთან საუბარში.

“მიხარია, რომ გვაქვს პატივი მიგიღოთ პარლამენტში” – პაპუაშვილი უკრაინელ ბავშვებს

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩამოსულ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოზარდების უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ გამოცადა, ამიტომ ქართველებს ყველაზე კარგად ესმით, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი.

„მიხარია, რომ გვაქვს პატივი, მიგიღოთ პარლამენტში, ვიყოთ თანაორგანიზატორი თქვენი საქართველოში ყოფნის და ამ რთულ პერიოდში, რასაც უკრაინა გადის, გაჩვენოთ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ სიტყვით და საქმით, არამედ ჩვენს ოჯახებში თქვენი მიღებით.

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საშუალება, გადმოგცეთ ჩვენი სიყვარული, მეგობრობა და ამით ყველამ ერთად ოპტიმიზმით გავიხედოთ წინ. ვინაიდან, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რაც საქართველომ გამოცადა და ალბათ, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი, რას გრძნობთ თქვენ, ბავშვები. ჩვენ გვინდა გაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა და მეგობრობა, რომ იმ იმედის სინათლეს, რომელიც თქვენში ასე ძლიერია, ჩვენი ენერგიაც შევმატოთ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტში უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის ვიცე-სპიკერს, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არჩილ თალაკვაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ რამდენიმე ასეთი ჯგუფი გვყავდა და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ მხრივ უკრაინის პარლამენტთან. მეგობრობის ჯგუფებს შორის თბილი ურთიერთობაა, ჩემს კოლეგასთან, რუსლან სტეპანჩუკთან მაქვს ასევე ძალიან თბილი ურთიერთობა და ხშირი კონტაქტი და მიხარია, რომ თქვენც ამ მეგობრობის წრეში ჩვენთან ერთად ხართ. მინდა მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა პარლამენტის ვიცე-სპიკერს და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არჩილ თალაკვაძეს, სწორედ მისი და მისი უკრაინელი კოლეგის და ზოგადად, პარლამენტებს შორის თბილი ურთიერთობის წყალობით არის, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული უკრაინელი ბავშვების მიღებაში პარლამენტში”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინელ მოზარდებს სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ ყველას გვჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობა და მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება. ვიდრე თქვენს ქვეყანაში არის ომი, თავისუფლებისთვის, ომი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თქვენ ხედავთ, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი ქვეყნის – საქართველოს კარი ყოველთვის ღიაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ მთავრობასთან ერთად შევძელით გვემასპინძლა უკრაინელი მეგობრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის არაერთხელ და ახლაც მოხარული ვართ, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ აქ მშვიდობიანი და ბედნიერი დღეები გაატარეთ და ყოველთვის დაგამახსოვრდებათ თუ როგორ დაგხვდათ საქართველო და თუ როგორ გაგიხსნათ გული ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს პარლამენტს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის, შრომის და პატრიოტიზმის ხანგრძლივი ისტორია და ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს უკრაინის ახალ თაობას ვმასპინძლობთ აქ, საქართველოს პარლამენტში, ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ზრუნავს თქვენზე, საქართველოს თქვენ უყვარხართ, ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ჩამოსვლა საქართველოში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, ახალგაზრდობის სააგენტოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის საელჩოს საქართველოში და საქართველოს ელჩს უკრაინაში პროექტის დაფინანსების, ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილმა მოზარდებს საინტერესო, შემოქმედებითად მრავალფეროვანი დღეები უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა და პარლამენტის წევრებმა უკრაინელ სტუმრებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მათთვის პარლამენტის სასახლეში ექსკურსია გაიმართა.

სამუსიკო სკოლის 46 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოში 22 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით დარჩებიან და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“მოლდოვა, უკრაინა და საქართველო იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს” – გიტანას ნაუსედა

ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ წარმატება იქნება მიღწეული აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო – ყველა მათგანი იმსახურებს პოზიტიურ შედეგს, პოზიტიურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვამ სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეძლო,  გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.

„მახსოვს ჩვენი გზა ევროკავშირის წევრობისკენ. თავდაპირველად, ალბათ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაცია იყო, თუმცა ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შევძელით, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრები სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა ლატვიასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან, მალტასთან და კვიპროსთან ერთად.

კომპანია “პროსერვისი“ 2023 წლის Golden Brand Award-ის გამარჯვებული ჰოსტინგ პროვაიდერია

კომპანია „პროსერვისი“ 2023 წლის Golden Brand-ის გამარჯვებულია. კომპანიამ ჯილდო ჰოსტინგ პროვაიდერის ნომინაციაში მოიპოვა. პროსერვისი ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს, და დღეს ქვეყანაში არსებული ჰოსტინგის ბაზრის 31 % ფარავს. ყოველ წლიურად მომხმარებლების რიცხვი იზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას უჩენს კომპანიის მფლობელებს და თანამშრომლებს.

„პროსერვისი“ 24/7 ზე გამართული, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი TR3 სტანდარტის დატა ცენტრის საშუალებით საუკეთესო სტანდარტებს და მოქნილ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მრავალფეროვანი შეთავაზება, უწყვეტი ტექნიკური დახმარება და პროფესიონალთა გუნდი მუდმივ რეჟიმში წყვეტს ყველა გამოწვევას, რაც წარმოიქმნება კომპანიებში, რომლებიც სარგებლობენ ჰოსტინგის მომსახურებით.

კომპანიას დღეის მდგომარეობით 15000 კორპორატიული მომხმარებელი ჰყავს და 17000 ზე მეტ დარეგისტირებულ დომენს უწევს ჰოსტინგ მომსახურებას.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა გამოკითხვის საფუძველზეც ჩვენი კომპანია დასახელდა No 1 ბრენდად. მიღებული ჯილდო დამატებითი მოტივაციაა ჩვენი გუნდისათვის მეტი ძალისხმევა მივმართოთ მომსახურების გაუმჯობესების და ახალი სერვისების შეთავაზების კუთხით“- ამბობს რევაზ ნატროშვილი, კომპანია „პროსერვისის“ დამფუძნებელი.

ნომინაციის შესახებ: Golden Brand -ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

კომპანია “პროსერვისის” შესახებ: კომპანია “პროსერვისი” წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას. Pro-Service 1999 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. კომპანია არ ღალატობს მის ძირითად პრინციპებს: პროფესიონალიზმს , პასუხისმგებლობას და საქმის ერთგულებას .

“სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი” – ალეკო ელისაშვილი

სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“.

„წელიწად-ნახევარი ის და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია. მთელი მედია ამას იყო აყოლილი და წელიწად-ნახევარი სხვა არაფერი არ იყო, რომ თურმე კოსმოსიდან ასხივებდნენ, ასე უშვრებოდნენ, ისე უშვრებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი თაღლითია. ამ სიტუაციიდან ვინ მოიგო? ქართულმა ოცნებამ. იმიტომ, რომ მეტი სალაპარაკო არ იყო. წელიდად-ნახევარი იყო სააკაშვილი, სააკაშვილი. კარგი დიეტოლოგივით დამდევდნენ ჟურნისტები, რომ რა სჭირს. მე რა ვიცოდი, სააკაშვილს რა სჭირდა. მსაყვედურობდნენ, რატომ არ შედიხარ, რომ მომენახულებინა, რა დიაგნოზი უნდა დამესვა? ჩამოვიდა ჯგუფი სტრასბურგიდან, შეისწავლეს და ნახეს, რომ არაფერი არ სჭირს ამ კაცს და მშვენიერ პირობებშია. კიდევ ერთხელ დასტურია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერი როგორი მავნებლები არიან ამ ქვეყნის მიმართ. ეს ქვეყანა როგორ ფეხებზე ჰკიდიათ. ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ოღონდ თავისუფლებაზე გამოვიდეს სააკაშვილი, ქვა-ქვაზე არ დარჩენილა საქართველოში. წელიწად-ნახევარი ვერაფერზე ვერ ვილაპარაკეთ იმის გარდა, ვაიმე, რა სჭირს სააკაშვილს, ჯანდაბა სჭირდა და დოზანა, ახია. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც სააკაშვილმა, ორგზის პრეზიდენტმა და ორგზის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ქართული პასპორტი გადახია, დაიხურა ქუდი და დაიწყო აფერისტობა უკრაინის ჰიმნზე, რომ მღეროდა და ცრემლები რომ მოსდიოდა. ასეთი რაღაც როგორ შეიძლება, ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ახლა დადასტურდა კიდეც და სააკაშვილი ამ თავის აფერისტობაში დაიხლართა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს E60 Shipping Line-ის მიერ პირველი რეისის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია E60 Shipping Line ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ ექვსი საათი დასჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის – E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან. ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის. E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები“, – ნათქვამია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიშა მშვილდაძე პოლიციაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე პოლიციაში დაიბარეს.

როგორც მშვილდაძემ „ფორმულასთან“ განაცხადა, მასზე მოხდა ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუს-ი მონაწილეობენ.

ამასთან, მისივე თქმით, შეეცდე ბა, რომ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიებას სრული სურათის დანახვაში დაეხმაროს.

„მთავარი მოტივაციაა დავეხმაროთ გამოძიებას, რომ დანაშაული სრულად დაინახოს. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ მტკიცებულებებს, სადაც ვხედავთ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურები და სუსი მონაწილეობენ.

ყველა სუბიექტის და ყველა ჩართულო აქტორის დაწვრილებით იდენტიფიცირება კიდევ მოხდება. ფაქტია, რომ ეს ამბავი არ არის ის, რადაც უნდათ რომ მოგვასაღონ. არავინ დაიჯეროს, რომ ვიღაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც შეიძლება არარსებულ ამბავზე გაბრაზდეს, მოვიდეს და საციხოდ გაიხადოს საქმე.

ამ ამბავში ყველაფერი გაირკვევა, ვის როგორ იყენებს, ვის რით აშინებენ, ვის რა მოტივაცია აქვს“, – განაცხადა მშვილდაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ.

მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.

“ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება” – ერდორანი

შვედეთში ყურანის დაწვა, ისევე როგორც ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ვინც ამას უშვებს აზრის თავისუფლების საფარქვეშ, ვინც თვალს ხუჭავს ამ სისულელეზე, ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არასოდეს მოიხრის ქედს პროვოკაციული ან მუქარის პოლიტიკის წინაშე.

„ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას უძლიერესი ფორმით, ვიდრე ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციებს და ისლამის მტრებს. ჩვენ საბოლოოდ ვასწავლით დასავლელ ამპარტავნებს, რომ მუსლიმთა წმინდანების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სარგებლიანობის შესახებ, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი – ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” სამედიცინო ბლოგში წერს.

ექიმი, ვარჯიშის ექვს სასარგებლო თვისებას გამოარჩევს:

“ყველასთვის ცნობილი ფაქტებია, რომ ვარჯიში გვიხსნის დაძაბულობას, ზრდის კუნთებს, აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას და აძლიერებს ტვინის მიერ ბედნიერების ჰორმონების, ენდორფინების გამომუშავებას. თუმცა, ვარჯიშს სხვა სარგებელიც აქვს, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:

1. ვარჯიში გვეხმარება მუცლისა და კანქვეშა ქსოვილში კონცენტრირებული თეთრი ცხიმის გარდაქმნაში ყავისფერი ცხიმის მსგავს სუბსტანციად. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესი ნაწილი თეთრი ცხიმისგან შედგება, რომელიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ყავისფერი ცხიმი აძლიერებს მეტაბოლიზმს. ის ძირითადად მდებარეობს კისერსა და მხრებზე, ანაწევრებს სისხლში არსებულ შაქრის და ცხიმის მოლეკულებს, გამოიმუშავებს სითბოს და წვავს კალორიებს.

2. ვარჯიში ცვლის ათასობით გენის გამოხატულებას. გენები, როგორიცაა მაგალითად, ADRB2, ვარჯიშის საპასუხოდ არეგულირებენ წონას. როდესაც კვირაში სამ საათზე მეტს ვვარჯიშობთ, ხდება APOA1 გენის “ჩართვა”, რომელიც მონაწილეობს HDL-ის ანუ კარგი ქოლესტერინის წარმოებაში. ვარჯიში “გამორთავს” FTO გენს, რაც ეხმარება ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის ნორმალიზებას.

ეპიგენეტიკა არის სწავლება, რომლის მიხედვით, ჩვენი გარემო, ცხოვრების წესი და დიეტა გავლენას ახდენენ ჩვენი გენების მუშაობაზე და შეუძლიათ სპეციფიური გენების “ჩართვა” ან “გამორთვა” დნმ-ის ცვლილების გარეშე.

3. ვარჯიში ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და კარგი ქოლესტერინის, HDL-ის დონეს სისხლში. ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია “გამოვრთოთ” დიაბეტის გენები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ქალებს, რომლებსაც აქვთ LIPC-ის გენის ერთ-ერთი ვარიანტი, უუმჯობესდებათ HDL-ის დონე და ინფარქტის უფრო ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე აღნიშნული გენის იგივე ვარიანტის მქონე არააქტიურ ქალებს.

4. აუმჯობესებს მეთილაციას. მეთილაცია არის უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესი, რომელიც ეპიგენეტიკის საფუძველია და გადამწყვეტ როლს ასრულებს გენის ექსპრესიისა და სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. მეთილაცია უმჯობესდება ერთჯერადი ვარჯიშის შედეგადაც კი. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით მეტ ცვლილებებს იწვევს მეთილაციის და ეპიგენეტიკური თვალსაზრისით, რაც კუნთებს ეხმარება უკეთ აითვისონ სისხლში არსებული შაქარი და გაძლიერდნენ.

5. ვარჯიში აქვეითებს არტერიულ წნევას. მე მაქვს მაღალი წნევის ოჯახური ისტორია. თუმცა, ჩემთვის გამოსავალი არის ვარჯიში. გენი, სახელად ენდოთელინ-1 ( EDN1 ) სისხლძარღვების ძლიერ შევიწროვებას იწვევს, რაც წნევის მომატებასთანაა კავშირში.

EDN1 გენის ჩემი ვარიანტი ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ მაყენებს თუ ფიზიკურად არააქტიური ვიქნები; სანამ რეგულარულად ვვარჯიშობ, ჩემი წნევა არ მოიმატებს.

6. ვარჯიში ზრდის ჰორმონ ირისინის დონეს, რომელიც კუნთების მიერ ვარჯიშის საპასუხოდ გამომუშავდება და რომელსაც, ვარჯიშის ჰორმონსაც უწოდებენ.
ირისინი “ატყუებს” თეთრ ცხიმს, მოიქცეს ყავისფერი ცხიმის მსგავსად, აყალიბებს კუნთებს, ააქტიურებს წონის კლებას და ბლოკავს დიაბეტს.

მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ინტერვალურ შიმშილთან კომბინაცია ზრდის ჰორმონის დონის მომატებასაც უწყობს ხელს”, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება” – იენს სტოლტენბერგი

აჯანყება, რომელიც შაბათ-კვირას ვნახეთ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსულ სისტემაში არის ბზარები და განხეთქილება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნების გაკეთება, რადგან ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ ვაგნერის ძალის რა ნაწილი აღმოჩნდება ბელარუსში ან სხვა ადგილებში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

„ნატოსთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. სამიტზე ველოდები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს, ჩვენ ასევე შევთანხმდებით მრავალწლიან პროგრამაზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინა ნატოსთან სრული თავსებადი იყოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“, – განაცხადა სტოლკტენბერგმა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივნისს 08:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, მუხრანი. ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ქსოვრისი, ხილიანი, ცხვარიჭამია.

„11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს ავჭალის მასივში, გლდანში, ავჭალაში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

12:00-დან 18:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, წითურები, ქვემო ღარისწყალა, ქერიაანთკარი, ლაფანაანთკარი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

16:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, გოჯიაანები, კვერნაულა, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.