Home Blog Page 1759

“სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუება ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება”

ყველანაირი სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუება, რომ არ შედგა ესა თუ ის გაერთიანება, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მსგავსი სპეკულაციების ნაცვლად, პოლიტიკურმა პარტიებმა მათ გარშემო რწმენის მქონე ადამიანებისა და მხარდამჭერების რაოდენობა უნდა გაზარდონ.

“მხოლოდ შინაარსზე ბევრი საუბრის შემდეგ, ადამიანთა დარწმუნების შემდეგ, უნდა ვიფიქროთ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს შინაარსობრივი სიახლოვე და ვისთან ღირს პრაგმატულად არჩევნების წინ გაერთიანება, რათა ამომრჩეველთა რაოდენობა გამსხვილდეს ბარიერის გადასალახად. ეს არის სწორი და არა ის მუდმივი სპეკულაციები, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შიგნით”,- განაცხადა ბოკერიამ.

“უსამშობლო არახამიას ვურჩევდი საქართველოს თავი დაანებოს” – ალუდა ღუდუშაური

უსამშობლო არახამიას ვურჩევდი საქართველოს თავი დაანებოს – გამოძიება სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაზე დაიწყონ ან ღიად თქვან, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის თანამდებობის პირები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური არახამიას ურჩევს, რომ „უკრაინის შიდა საქმეებით დაკავდეს“ და „რესურსები, თუ ასეთი გააჩნია“ უკრაინელ ხალხს მოახმაროს“.

ღუდუშაურის თქმით, არახამიასი და არც „მისნაირების“ არ ეშინიათ.

„არახამიას ქცევები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ნორმალურობისგან და ყოველგვარი რეალობისგან დაცლილია. როგორც ჩანს, არახამიას სხვა საქმე არ აქვს, ვურჩევდი უკრაინის შიდა საქმეებით დაკავდეს, როცა ძალიან მძიმე ვითარებაა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს მოახმაროს რესურსები, თუ ასეთი გააჩნია და თავი დაანებოს საქართველოს. მკაფიოდ მინდა ვუთხრა – არავის გვეშინია! მით უმეტეს, არახამიას და მისნაირების როგორ შეიძლება გვეშინოდეს, ეს უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია. როგორც ჩანს, სუბრეალურ რეალობაში იმყოფება და რეალობას მოწყვეტილია, თუ დაბრუნდება რეალობაში, მისთვის ეს კარგი იქნება. გამოძიების დაწყებას რაც შეეხება, იმ ადამიანის კვალიფიკაციაზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომელიც რეალობისგან დაცლილია და ყოველგვარი წითელი ხაზი აქვს გადაკვეთილი. აბსოლუტურად წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამოძიება უნდა დაიწყოს, თან მკვლელობის მომზადებაზე. მე მას ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს მათ შორის, უკრაინის კანონმდებლობა და თუ გამოძიება რამეზეა დასაწყები, ყველა მტკიცებულება სახეზე აქვთ და დაიწყონ გამოძიება როგორ უკანონოდ გადმოკვეთა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი და თუ ეს ასე არ მომხდარა, მაშინ განმარტება გააკეთოს და ღიად თქვას, რომ უკრაინის საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს და ამაში ჩართულნი იყვნენ უკრაინის თანამდებობის პირები. კიდევ ვურჩევდი, ქართველ ხალხს და საქართველოს ამ უსამშობლო ადამიანმა თავი დაანებოს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, დავით არახამიას განცხადებით, მას შეუძლია უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართოს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

„რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, მკვლელობის მცდელობაა“, – განაცხადა არახამიამ.

,,გლობალური ომის პარტია” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და ბიძინა ივანიშვილზე”

,,გლობალური ომის პარტია” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე, – წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ბოჟაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილეს, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას.

მისი თქმით, ამ დაბრკოლების მიზეზი ერთია – „გლობალური ომის პარტიას” სურს, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და წნეხის ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას.

,,გლობალური ომის პარტია” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე.

ზეწოლის ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და არსებულო წნეხის ფონზე, შეასრულოს მათი მთავარი მიზანი, საქართველოში გაიხსნას რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტი! მიუხედავად იმისა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუყენებია პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე წინ, პირიქით, სწორედ სახელმწიფოს გადასარჩენად შემოვიდა პოლიტიკაში 2011 წელს და არა მხოლოდ ქონება, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა. დღესაც, მიუხედავად ასეთი მასშტაბის ზეწოლისა და ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, საქართველოს სახელმწიფო და ხალხი არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და ომს, პირიქით, გარე და შიგა მტრების ჯინაზე იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

“ვილნიუსი და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ორიენტირი“ – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული რადიო Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვილნიუსი და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ორიენტირი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ვილნიუსის სამიტამდე მთავარი კითხვა ის იყო, გასცდებოდნენ თუ არა მოკავშირეები „ბუქარესტის სამიტის პათოსს“. გადაწყდა, რომ უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმა“ აღარ დასჭირდება და ნატო მას გრძელვადიან პერსპექტივაში, ალიანსთან თავსებადობის გასამყარებლად აქტიურად დაეხმარება. სად არის ამ პროცესში საქართველო? რა მიიღო ან ვერ მიიღო ქვეყანამ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარდაქმნების ეპოქაში? ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ნაკლები აქტიურობა და დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები ალიანსისთვის მნიშვნელოვან კითხვად რჩება.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი სადაა ახლა საქართველო ამ პროცესში. მე იმდენად ოპტიმისტურად აღარ ვარ განწყობილი, როგორც რამდენიმე წლის წინ. განსაკუთრებით კი, როცა თქვენი პრემიერ-მინისტრისგან „გლობალური უსაფრთხიების“ ფორუმზე მოვისმინეთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატოს გაფართოებამ გამოიწვია“, – ამბობს ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი.

ჰოჯესი, სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, შიდა თუ საერთაშორისო ტრიბუნებთან გაკეთებული განცხადებები, დასავლეთში ქვეყნის დემოკრატიულ კურსთან თუ გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

„ეს [გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადება] ჩემთვის ისე ჟღერდა, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ სურს, რადგან არ სურთ გამოიწვიონ კიდევ უფრო მეტი რუსული აგრესია. პრემიერი არ ამბობდა, – ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ნატოს წევრობით, მაგრამ ეს ჟღერდა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არ არსებობს ინტერესი ან დაუყოვნებლობის განცდა. და როცა საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობამ გამოიწვია, ეს ჩემთვის გამამხნევებლად ნამდვილად არ ჟღერს“, – ამბობს თადარიგის გენერალი.

ალიანსის კომუნიკეში მოკავშირეეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და თქვეს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. თუმცა, ამისთვის, უკრაინისგან განსხვავებით, წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე მაპი, პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება. დაახლოების გზაზე კი ქვეყანამ „უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების მიმართულებით, უმთავრესი დემოკრატიული რეფორმების ჩათვლით“.

ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია უკრაინას წევრობის კონკრეტული ვადები ალიანსისგან არ მოუსმენია, მაგრამ მან გაწევრიანების გზაზე წინ გადადგა ნაბიჯები. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს შესახებ, კომუნიკეში “ხარისხობრივი განსხვავება” არაა და ის, რომ უკრაინისადმი ყურადღება ომითაა განპირობებული, თბილისს “არ უნდა შეშურდეს”. კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის წევრობის საკითხი კვლავ ბუნდოვანია და ალიანსი კომუნიკეშიც იმეორებს, რომ ის მოსკოვთან კონფრონტაციას არ ცდილობს.

წელს, ნატოს სამიტზე, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. მმართველი გუნდის წევრებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც, სამიტის წინაც და მისი დასრულების შემდეგაც, არაერთი კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ საქართველოს გაწევრიანების საწინააღმდეგო გონივრული არგუმენტები უბრალოდ აღარ არსებობს, რომ ნატო თავად ტოვებს ბუნდოვანების „რუხ ზონაში“ საქართველოსა და უკრაინას და ეს რუსეთს რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად გართულების საშუალებას აძლევს. მოლოდინის პროცესი კი თავადაა რისკის შემცველი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ერთი მხრივ არასაკმარისი აქტიურობა, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ თემაზე ორაზროვანი განცხადებები კეთდება, დასავლეთში ეჭვებს აჩენს, რამდენად სურს საქართველოს ხელისუფლებას დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი გახდეს და ხედავს თუ არა მას უსაფრთხოების და რუსეთის აგრესიისგან დაცვის გარანტიად.

მაჰალ ბარანოვსკი, „გერმანიის მარშალის ფონდის“ რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ ვერ ხედავს საქართველოს მთავრობის წარმატებას ნატოსთან დაახლოების გზაზე. „ჩვენ ვხედავთ კრემლის ნარატივების გახშირებულ გამეორებას ისეთ თემაზე, როგორიცაა ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ომი უკრაინაში. ახლახან, პრემიერმა პრაქტიკულად გაიმეორა, რომ ომის პროვოცირება ნატომ მოახდინა. ეს ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“, – მიიჩნევს ბარანოვსკი.

რეგიონის მკვლევრების თქმით, როცა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია განიხილება, ამგვარი განცხადები თუ ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები, ერთიან კონტექსტშია დანახული და შეფასებული.

„ჩვენ საქართველოს შეშფოთებით ვუყურებთ. ბევრი კრიტიკა გამოიწვია რუსეთთან ფრენების აღდგენამ და ახლა უკვე შეჩერებულმა კანონმა „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ დადებით წინსვლას საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამო. ვიმედოვნებ, საქართველო იპოვის განსხვავებულ გზას წინ წასასვლელად, იმის ნაცვლად, რომ იყოს ერთგვარად გაჩერებული და იჯდეს ღობეზე იმის გადასაწყვეტად, მიუახლოვდეს თუ არა დასავლეთს“, – ამბობს „გერმანიის მარშალის ფონდის“ რეგიონული დირექტორი.

თუკი 2008 წლის შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს გაფართოების კონტექსტში გამუდმებით ერთად მოიაზრებოდნენ, ანალიტიკოსების აზრით, ვილნიუსის სამიტმა ამ ორი ქვეყნის გზების გაყოფა კიდევ უფრო გამოკვეთა. უკრაინა ნატოს უახლოვდება, საქართველოს მიმართ კი რიტორიკა, უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ არ იცვლება.

ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა „გაფართოების ერთ კალათში იყვნენ“ და წლების განმავლობაში საქართველოს წევრობა უფრო აქტიურადაც კი განიხილებოდა.

„საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში საქართვლოს უდიდესი და ძალიან შთამბეჭდავი კონტრიბუცია შეჰქონდა. ეს ყოველთვის უძლიერესი არგუმენტი იყო. მაგრამ, ეს შეიცვალა… ნატო არაა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მათემატიკური ჯამი. ეს ასევე არის ორგანიზაცია, რომელიც კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, ლიბერალურ ეკონომიკას, კორუფციასთან ბრძოლას ეფუძნება. შიდა დემოკრატიის ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია… აქ კი ბევრ პრობლემას ვხედავთ. არ მინდა კონკრეტიკა, მაგრამ ეს ყველაფერი ზოგად სიტუაციაში ირეკლება და ხსნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება“, – ამბობს ლინკევიჩიუსი, რომელიც მინისტრობამდე თავად იყო ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში 2005-2011 წლებში.

ის, რომ უკრაინა დასავლელი მოკავშირეების ყურადღების ცენტრშია, არ უკვირს ანა ბორშჩევსკაიასაც, “ვაშინგტონის უნივერსიტეტის” უფროს მკვლევარს. თუმცა ამბობს, რომ გარდა აქტიური საომარი მოქმედებებისა, საქართველო-უკრაინა ახლა „შიდა საკითხების მიხედვითაც სხვადასხვა ადგილას არიან“:

„ის, რომ ნატოს გზავნილები საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩა, მაგრამ შეიცვალა უკრაინის მიმართ, ცხადია უპირველესად იმ მიზეზითაა განპირობებული, რომ უკრაინა კონფლიქტის ეპიცენტრშია. მეორე მიზეზი ალბათ ქართული პოლიტიკის მდგომარეობაა. საქართველო კვლავ მიისწრაფვის ნატოსგან, ქართველ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია და ეს კონსტიტუციაშიცაა ასახული. მაგრამ, როცა საუბარია პროგრესზე, ამ კუთხით ორივე მხარეს, წლების განმავლობაში იმედგაცრუება გროვდებოდა. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ პროგრესი არ ყოფილა, საქართველო და უკრაინა უპირისპირდებიან მსგავს პრობლემებს და მსგავს გარემოებებში არიან. თუმცა, ეს ორი ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც და შიდა საკითხებითაც ახლა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება“, – ამბობს ბორშჩევსკაია.

მაშინაც კი, როცა ანალიტიკოსების აზრით, ინტეგრაციის პროცესის სისწრაფესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეიძლება ლოგიკური და სამართლიანიც იყოს, ლიეტუვის ყოფილი პირველი დიპლომატი ამბობს, რომ ეს არაა საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები ხელისუფლებამ შეურაცხყოფად მიიღოს და მათ სერიოზულად არ მოეკიდოს:

“თუკი შენი მეგობრების რეკომენდაციებს, რომლებსაც სურთ, რომ მათ კლუბში გაერთიანდე, არ ისმენ, უგულებელყოფ და შეურაცხყოფილადაც კი მიიჩნევ თავს, ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში პროგრესს ელოდე. პირველ ყოვლისა, უნდა გაიაზრო, როგორია რეალობა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობს და უნდა გავწიოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ის გადავჭრათ”, – მიიჩნევს ლინკევიჩიუსი და დასძენს, რომ ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი ქვეყნის დასავლური მისწრაფებები უნდა იყოს და არა – შიდა პოლიტიკური დისკუსიები:

“როცა შენ მართლა ფიქრობ შენი ქვეყნის მომავალზე და მართლა გჯერა, რომ ეს ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ, ევროპულ საზოგადოებას ეკუთვნის, უნდა გადალახო პარტიული ინტერესები და შენი მთავარი ფოკუსი, სახელმწიფო ინტერესები და პრიორიტეტები უნდა იყოს”, – განმარტავს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყოფილი თავდაცვისა და საგარო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ლინკევიჩიუსი საქართველოს მოქალაქეეებს იმედის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვტილებები არა “უარი” ან “დაკარგული შესაძლებლობა”, არამედ “სიგნალია”.

“ჩემი აზრით, ეს არაა ყველაზე ცუდი შედეგი. ნამდვილად ახლოსაა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობასთან, თუმცა ჯერ ასე არაა. ესაა სიგნალი, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მივიღოთ და ჯერ ის ყოვველივე, რაც მიღწეულია, რისი პირობაც მიღებულია, განადგურებული არაა. საქართველო კვლავ ამ გზაზეა. იგივე ეხება ევროკავშირის წევრობასაც – საქართველო არ გამოუტოვებიათ, მას მიანიჭეს ევროპულ პერსპექტივა… ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ. მე არ ვარ რომელიმე კონკრეტული მთავრობის მეგობარი, მე საქართველოს წარმატების ნახვა მინდა. მგონია, რომ ის იმსახურებს ამას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს თქვენ ნაცვლად ვერ გავაკეთებთ. ეს, თქვენი თავისთვის, თქვენვე უნდა გააკეთოთ”, – განმარტავს ყოფილი დიპლომატი.

ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ნატო ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა, ქვეყანამ ნატოსთან დასაახლოებლად ამ დრომდე შექმნილი პლატფორმები სრულად უნდა გამოიყენოს და დემოკრატიული რეფორმების კუთხით პროგრესი აჩვენოს.

წყარო

“სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა”- დავით არახამია

სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა. მე, როგორც სახალხო დეპუტატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მომზადების საქმეზე, – „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში, საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არახამიას თქმით, რაც ხდება, ეს არის მკვლელობის მომზადება.

 

„ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ ევროპის რაც შეიძლება მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სტრატეგია იმუშავებს. მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე“, – განაცხადა დავით არახამიამ.

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” აუზში 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” აუზში ბავშვი დაიხრჩო.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მომხდარზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მოგვიანებით, ადმინისტრაციის მხრიდან განცხადება აუცილებლად გაკეთდება”, – აცხადებს  სასტუმრო “ოაზისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოდრეკელიძე.

„უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინული საზღვაო დრონის შეტევა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვანიშნებს“ (ავტორი – როლანდ ოლიფანტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყირიმის ხიდზე უპილოტო აპარატების შეტევა ზღვიდან – მანამდე კი სევასტოპოლზე  ჰაერიდან დრონების თავდასხმა – მოწმობს იმას, რომ ყირიმი რუსეთის მოწყვლად ადგილს წარმოადგენს. მომხდარი ამბები ადასტურებს რუსეთისათვის იმ არასასიამოვნო სიმართლეს, თუ რა ზიანს აყენებს უკრაინა ყირიმს დისტანციური დარტყმებით.

რასაკვირველია, ოფიციალური კიევი ზოგადად თავშეკავებულად ეკიდება რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიისადმი მსგავსი თავდასხმების ფაქტებს: უკრაინელი სახელმწიფო ჩინოვნიკები გადაკრულად, ორაზროვნად და დაუზუსტებლად ლაპარაკობენ და თავიანთ პასუხისმგებლობას არ აღიარებენ.

მაგრამ ამჯერად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ადგილობრივ მასმედიას აცნობა, რომ ოპერაცია განხორციელდა სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად საზღვაო უპილოტო მცურავი აპარატების გამოყენებით.

არსებობს ვიდეოკადრები, თუ როგორ მოქმედებენ საზღვაო დრონები. დაკვირვებით რომ შევხედოთ, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება მათზე: როგორ გამოიყურებიან ისინი და როგორ მოახერხეს დიზაინერებმა ჰიბრიდის შექმნა – თანამედროვე ნავიგაციური ტექნოლოგიის გამოყენება საწყლოსნო სპორტის ტექნიკაში – მოტორიან ნავში ძველმოდური წესით ბომბის დასამზადებლად.

დრონები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, 5,5-მეტრიან ჩქაროსნულ, სწრაფმავალ კატერებს ჰგავნან. მათ წინა ნაწილთან („ცხვირთან“) ახლოს პატარა კოშკურაზე დამონტაჟებული აქვთ მოძრავი ვიდეოკამერა, ხოლო უკან, კიჩოსთან – აპარატურა, რომელიც, როგორც ჩანს, ოპერატორთან კავშირის საშუალებას წარმოადგენს, ალბათ, Starlink-ის ტერმინალი.

ძრავაც, როგორც ჩანს, სამხედრო წარმოებისა არ არის, ცვეულებბრივი ბენზინის მოტორს ჰგავს, რომელსაც კანადის კომპანია ამზადებს სამოქალაქო ჰიდროციკლებისათვის.

ერთადერთი, რაც სამხედრო პროდუქციად შეიძლება ვაღიაროთ, არის დეტონატორი, რომელიც საბჭოური ავიაბომბიდან არის მოხსნილი და კატერზე დაყენებული.

საერთოდ, უპილოტო კატერ-ბომბდამშენები (ანუ ბრანდერები) რაიმე ახალი აღმოჩენა არ არის: სერ ფრენსის დრეიკმა მსგავსი ტექნიკა ჯერ კიდევ 1588 წელს გამოიყენა, ესპანური „უძლეველი არმადის“ წინააღმდეგ.

დასავლური სამხედრო-საზღვაო სტრუქტურები – კერძოდ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო  ძალები, რასაკვირველია, ითვალისწინებდნენ იმას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სწრაფმავალი კატერების თავდასხმის მოგერიება – ეს მოხდა მას შემდეგ, როცა „ალ-ქაიდას“ ტერორისტმა კამიკაძემ ჩქაროსნული კატერით ამერიკულ ხომალდს – Cole-ს  შეუტია, 2000 წელს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია გახდა მსგავსი კატერების ნაკლები დანახარჯებით დამზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე საჭირო აღარ არიან მესაჭე-კამიკაძეები მიზანთან მიახლოებისათვის.

როცა ათამდე უკრაინულმა უპილოტო კატერმა სევასტოპოლის ნავსადგურში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შეუტია, ზოგიერთმა სამხედრო ექსპერტმა ამ ფაქტში საზღვაო ბრძოლების გარდამტეხი მომენტი დაინახა.

მართალია, შეტევის შედეგად არცერთი რუსული გემი არ ჩაძირულა (თუმცა ორი საკმაოდ დაზიანდა), უპილოტო კატერებმა აჩვენეს, რომ შავ ზღვაზე ახალი და სერიოზული ძალა გამოჩნდა.

17 ივლისს ყირიმის ხიდის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მიგვანიშნებს, რომ საფრთხე მატულობს და ვითარდება. ალბათ, ამ ფაქტს რიგი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები ყურადღებას მიაქცევენ და შეისწავლიან.

ქერჩის ხიდი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და მოწყვლად ობიექტს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. ქერჩის ხიდი მნიშვნელოვან საინჟინრო მიღწევად და ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის დაუფლების სიმბოლოდ იქცა. ხიდის ექსპლოატაციაში გაშვებამ შეამცირა საზღვაო ბორნების დატვირთვა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მატერიკული ნაწილიდან ნახევარკუნძულთან კავშირი ხორციელდებოდა.

დღეს ხიდი რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ ქსელში (უკრაინის სამხრეთში) კრიტიკულად სუსტ და იმავდროულად მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. უკრაინელებმა ხიდს პირველად გასული წლის ოქტომბერში შეუტიეს, როცა მასზე საბარგო ავტომობილი ააფეთქეს. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე კვირით გამოვიდა. ორშაბათის შეტევა ადასტურებს, რომ მიუხედავად ვლადიმერ პუტინის შარშანდელი ბრძანებისა ხიდის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, 12-კილომეტრიანი ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სულ უფრო ძნელი ხდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმის (ქერჩის) ხიდი კომპლექსურია – მასში შედის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ხიდიც და დაზიანდა მხოლოდ საავტომობილო ნაწილი, აფეთქების ფაქტი სამხედრო მომარაგებაზე რაიმე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან ყველაზე მეტი ტვირთი რკინიგზით გადაიზიდება, მაგრამ თვით ხიდის დაზიანება რუსეთის ჯარზე, რომელიც უკრაინელთა კონტრშეტევას იგერიებს, მორალურად მაინც უარყოფითად იმოქმედებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმის(ქერჩის) მხრიდან მატერიკისაკენ (ტამანისაკენ) მიმავალი ავტომობილების ნაკადი როსტოვისაკენ „ახალი ტერიტორიების“ (ყირიმ-დონბასისსახმელეთო დერეფნის) გავლით მიმართეს, რაც სამოქალაქო მგზავრებისათვის სარისკოა.

ქერჩის ხიდზე შეტევა, როგორც შარშანდელი, ასევე ახლანდელიც, უხერხულ მორალურ-ეთიკურ მომენტებთანაც არის დაკავშირებული. პირველი ინციდენტის დროს ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. არავინ იცის, ზუსტად როგორ იყო ორგანიზებული აფეტქება. ბევრი კითხვა ისმება: ნებაყოფლობით მონაწილეობდა თუ არა მძღოლი? თუ ასე არ არის, მაშინ აქვს თუ არა რაიმე გამართლება იმას, რომ სამოქალაქო პირს ბომბების წაღებას აძალებ? მეორე აფეთქების დროს კი, 17 ივლისს, მშვიდობიანი მოქალაქეები – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა, მათი გოგონა კი დაიჭრა.

ქერჩის ხიდი უკრაუინისათვის კანონიერ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ტოტალური ომის დროს, როცა ხალხი ეროვნული გადარჩენისათვის იბრძვის და მტრისაგან თავს იცავს, ზოგიერთი თანმდევი ზარალი გარდაუვალია. ხიდის აფეთქებისაგან გამოწვეული მსხვერპლი ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთის არმიის მხეცობას ომის დროს, რომელიც აშკარად წინასწარგანზრახულად არის ჩადენილი.

ომი ყოველთვის ცუდი და მიუტევებელია – იმის მიუხედავად, თუ ვის მხარეზე ხართ.  თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ეს ასე არ არის.

წყარო

პოლონეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის წაუყენეს

პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს პროკურატურამ 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ქმედებების ჩადენისთვის ბრალი წაუყენა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ბრალს არ აღიარებს. დაზარალებულები არიან 15 წლამდე ასაკის ორი გოგონა და ერთი ბიჭი.

ამასთან, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს მასთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე, რომელიც 17 ივნისს პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

საქართველოს 4 მოქალაქე 15 ივნისს საცურაო აუზზე დააკავეს, მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა მათი შვილების მიმართ პედოფილური ქმედებები ჩაიდინა. ამ განცხადებამ აუზზე მყოფი ადამიანების აღშფოთება გამოიწვია და ისინი ცდილობდნენ, დანაშაულებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილ მამაკაცსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. პოლონური მედია წერს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო და აღნიშნული პირების ჩაქოლვის საფრთხე არსებობდა. პოლიციას აღშფოთებული ადამიანების შესაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტის დეპუტატები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებს ეხება.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რაც უკრაინას მიადგა ომის გამო და ასევე იმ დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში ჩაიდინეს, მათ შორის ბელარუსის რეჟიმის ჩართულობით უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანაში.

ანგარიშში დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ საჭირო ზომები საერთაშორისო დონეზე, რათა შესაძლებელი გახდეს ბელარუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი დევნა.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის საკითხიც.

“ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას”

ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა ის, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა უმთავრესი – ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შვეიცარიის საფინანსო სისტემაზე და დასავლურ მედიაზე სრული კონტროლი. ამ დავამ დაამსხვრია ნდობა შვეიცარიული საბანკო სისტემის და დასავლური, თავისუფალი მედიის მიმართ და ყველას დაანახა, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, შესაძლებელია დემოკრატიის უმთავრესი ღირებულებების – კერძო საკუთრებისა და პრესის თავისუფლების ხელყოფა. აჩვენა ის, რომ პიროვნებას (დიახ, სწორედაც რომ პიროვნებას) შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ. აჩვენა, რომ ფული არ ნიშნავს ყველაფერს – ეს ბევრისთვის როგორც დასავლეთში, ასევე აქ გაუგებარია, მაგრამ ეს ფასეულობა იმ არანორმალური სისტემის აუცილებელ კრახს გამოიწვევს“-წერს გაბრიჭიძე.

“მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში”-ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, – განაცხადა გვარამიამ.

“გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ ისევ ნულს მივიღებთ”-გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი  საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებას.

მისივე თქმით, „რაც არ უნდა ამტკიცოს პარტია “ლელომ“ და გიორგი გახარიამ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როდესაც შეკრება და დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ მათი პატრონები არც დააფინანსებენ და ვერც პარლამენტში შევლენ“.

„ჩვენ არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას შეიძლება უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება უფრო მეტი ხმა მიეცა. გარდა ამისა, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ერთიანი – ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან. საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები პარტიები ისევ ერთიანობაში არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.