გასული 3 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმები ევროპის საბჭოს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა – მიხეილ სარჯველაძე

32
spot_img

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოს გააგრძელებინებს რეფორმებისა და განვითარების გზას, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით.

„გასული 3 წლის განმავლობაში არსებული გეგმის შესაბამისად განხორციელებული რეფორმები ევროპის საბჭოს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა. ამავდროულად, ამაზე დაშენდა უკვე შემდგომი განვითარების სამომავლო გეგმა, რომელიც 3 წელიწადს მოიცავს. ამ 3 წლის განმავლობაშიც დაგეგმილია ისეთი აქტივობები, რომლებიც საქართველოს გააგრძელებინებს რეფორმებისა და განვითარების გზას, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ სანდოობა საქართველოს ინსტიტუციების მიმართ არის ერთმნიშვნელოვნად მაღალ დონეზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.