“ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა” – ირაკლი კობახიძე

28
spot_img
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი – ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს, შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამა აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
„ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია დარჩენილი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ არსებული მონაცემები, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში, ჩვენ უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა თავიდან ბოლომდე იქნება აგებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.