Home Blog Page 1758

“დაიწყო მეორე დროებითი ხიდის მოწყობა და გაიჭრა მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა” – ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.

მათივე ცმობით, კურორტ შოვთან განვითარებულმა სტიქიამ ორი ხიდი დააზიანა. ერთი დროებითი ხიდის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამჟამად, კი დაიწყო მეორე სარმის ხიდის მონტაჟი.

„სტიქიის შედეგად, ორი ხიდი იყო წაღებული. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო, შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც სწორედ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში და ეპიცენტრის არეალში უკვე ის დიდი რაოდენობის ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი, რომელიც გადაყვანილია და ეხმარება ცოცხალ ძალას. ახლა მონტაჟდება მეორე ხიდი და ეს ამოცანაც შესრულებული იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, გარდა ხიდებისა, სტიქიის ზონაში გაჭრილია ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის დამუშავება დაწყებულიყო.

„გარდა ამისა, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რომელმაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან არეალთან, კერძოდ მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით ჩვენ საპირისპირო მხარეს. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მდინარე რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა, თავის ნამდვილ კალაპოტში დაგვებრუნებინა და აქედან გამომდინარე, უკვე მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში, სულ, მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. გაფართოვდა სამუშაო არეალიც.

„კალაპოტიდან მოვახერხეთ მისვლა კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება“, – ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

მინისტრმა სამუშაოების სირთულეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოებში ჩართულმა ადამიანებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს.

„ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. რა თქმა უნდა, გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები, მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით, ნამდვილად უნდა ითქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რაც ამ სამუშაოებში ჩართული ადამიანების დამსახურებაა. ეს იქნება თითოეული მაშველი, სამხედრო, მძიმე ტექნიკის ოპერატორი თუ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები. ანუ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართული არის და ის მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რისი გაკეთებაც ამ პირობებში საერთოდ არის შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

“საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეული საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს” – გია ვოლსკი

ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ კონკრეტულ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ვარაუდობს, რომ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით,  დიდი მუშაობაა გაწეული და ეს მხოლოდ 12 პუნქტს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთა შორისაა. თუ არა პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გარკვეულ თემებთან, რასაკვირველია, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საუბარია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ქართული საზოგადოება ყველა სტანდარტით საკმაოდ ევროპულია. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება დეპოლარიზაციის საკითხს, გია ვოლსკის თქმით, დესტაბილიზაცია წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის გეგმას და ის ხელისუფლების ინტერესებში არ არის.

„დეპოლარიზაციას რაც შეეხება, ვერცერთი მიმართულებით ვერ ხდება ამის მაგალითების ჩვენება. სამუშაო ჯგუფებში ერთობლივ მუშაობას ვერ მივაღწიეთ და საბოტაჟი ვიხილეთ. რადიკალური ოპოზიციის გეგმას დესტაბილიზაცია როცა წარმოადგენს, დეპოლარიზაციაზე არანაირი ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. დაპირისპირების არსებობა ხელისუფლების ინტერესებში არ არის, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდს კი ეს თავის სამიზნედ აქვს ქცეული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“ვიცით, რომ უღმერთო, ურჯულო ხარ შენც და მთელი შენი ნაცბანდაც” – ლევან ნიკოლეიშვილი გიგი უგულავას

ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ყოფილი მერს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და თბილისის მერის, კახი კალაძის ზიარება შოვში გააქილიკა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ“.

„ბიუჯეტის ვირთხა, გიგი უგულავა თავისი ჭკუით „ღადაობს” ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოებაზე, ზიარებაზე. არაა საჭირო გიგი დადასტურება, ისედაც ვიცით, რომ უღმერთო და ურჯულო ხარ შენც და მთელი შენი ნაცბანდაც! ზიარებაზე ქილიკს რაც შეეხება, აუცილებლად მოგეთხოვება პასუხი მაგ უმსგავსო საქციელზე.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

“ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეხედულებების რადიკალურ ცვლილებაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის პოზიციების სისუსტე მის მიმართ უნდობლობას წარმოშობს.

„ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან: ა) საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ; ბ) რუსეთის პროვოცირების დღედ, რამაც „ბიძგი“ მისცა ოკუპანტს ჩვენს ტერიტორიებს „გეგმურად“ დაუფლებოდა, ხოლო თვით სააკაშვილზე ბრძანებდა, რომ სანამ მას სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისათვის არ გაასამართლებენ, საქართველო ვერც მის მიერ ჩადენილი ბოროტებისაგან გათავისუფლდება და ვერც რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ დანაშაულსა და ოკუპაციაზე…

ზოგადად, როდესაც ეცნობი ქალბატონი პრეზიდენტის 2014 წლის ამ პოზიციას, როდესაც ეცნობი მის პოზიციას 2017 წლის ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში მასობრივ ხანძრებთან დაკავშირებით, სადაც არაორაზროვნად აცხადებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ერთი ძალა ეგულება, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, როდესაც ეცნობი მის 2017 წლის სტატუსს, სადაც ის პირდაპირ გამოხატავს სკეპსისს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება არა თუ არ დაეხმარება საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან გამკლავებაში, არამედ ხიფათის მეტს ვერაფერს მოუტანს საქართველოს…

მოკლედ, აი, ამ ყველაფერს რომ ეცნობი, ერთი მხრივ ხვდები, რით „მოგვთაფლა“, რა „გვაჭამა“, როდესაც მსგავსი შეხედულებების გამო საპრეზიდენტო კვარცხლბეკზე ავიყვანეთ. მაგრამ, აქვე უფიქრდები – ეს ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებული მზაკვრობა იყო და მხოლოდ იმიტომ იფიქრა/თქვა/დაწერა ყოველივე, რომ ჩვენი ნდობა მოეპოვებინა, თუ მასში რეალურ „მეტამორფოზებს“ ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის შემდეგ, როდესაც მის ცნობიერებაში/შეხედულებებში/მოტივაციაში რაღაც მავნებლურმა ძალამ შეაღწია, საკუთარი გეგმების ტყვეობაში აიყვანა, მძევლად გახადა და დღეს მისი მეშვეობით საკუთარი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში, სალომე ზურაბიშვილი თავის ძირითად „გავლენის აგენტად“ აქცია? მესამე ვარიანტს პირადად მე ვერ ვხედავ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც შოვში სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს ადასტურებს”

ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებიდან გარკვეული პერიოდით ადრე გადაღებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ სტიქიამდე რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ფოტო კი ადასტურებს, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდეგ მყინვარის მოწყვეტით, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები.

„მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. საზოგადოებაში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან, ასევე მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასევე ასახულია სავარაუდო დრო, რა დროშიც განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები ამის შემდგომ მუდმივად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე შემდგომ არის გადაღებული, ამ ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდგომ მყინვარის მოწყვეტით, საკმაოდ დიდ ფართობებზეა აქ საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ამ ფოტოებთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებს დღეს ჩვენი სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. პირველად დასკვნაში აღნიშნულია, რომ „3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“. დასკვნის თანახმად, „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში“.

პუტინმა კანონმდებლებს შესთავაზა, რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს არ ეცნობოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების აუცილებლობას რუსეთის ფედერაციაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღების, ან შეწყვეტის შესახებ.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

ცვლილებები შედის საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ფედერალურ კონსტიტუციურ კანონებში. მოქმედი წესების თანახმად, ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას, რუსეთმა უნდა აცნობოს გაეროს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახრის შესახებ. რუსების ეს ვალდებულება შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს.

პუტინი კანონმდებლებს სთავაზობს, კანონებიდან გამოირიცხოს კონვენციის ხსენება და პუნქტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების შესახებ. განმარტებით ბარათში ეს წინადადება აიხსნება იმით, რომ „2022 წლის 16 მარტიდან მითითებულმა კონვენციამ, ისევე როგორც რუსეთის მიერ რატიფიცირებულმა ოქმებმა, შეწყვიტა მოქმედება რუსეთის ფედერაციისადმი“.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

“არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ” – გია ვოლსკი

არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ – იმაზე საუბარი, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, არსებობს საზოგადოების და გარკვეული პოლიტიკოსების მოსაზრება ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებული კანონი საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ცილისწამებისგან თავი დაიცვა.

“არანაირ კანონზე საუბარი არ არის. მოსაზრება გამოითქვა ცილისწამების თაობაზე ისეთ კანონის შემოღებაზე როგორიც ევროპულ ქვეყნებშია – მაგალითად საფრანგეთში. ვფიქრობ, რომ დღესაც შეიძლება არსებული კანონის გამოყენებით საკუთარი პოზიცია და თავი დაიცვა, თუმცა რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს.

მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„კავკასიის მთები და ველური ბუნება“ – საქართველოს შესახებ გერმანულმა ტელერადიოსადგურმა ფილმი გადაიღო

გერმანულმა ტელერადიოსადგურმა „ნორდდოიჩე რუდფუნკმა“ (Norddeutscher Rundfunk – ჩრდილოგერმანული რადიო), რუბრიკით „დედამიწა-ადამიანები-თავგადასავალი“, თავის ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დოკუმენტური ფილმის შესახებ სახელწოდებით „კავკასიის მთები: საქართველოს ველური ბუნება“, რომელიც ტელეეკრანზე 14 და 17 სექტემბერს იქნება ნაჩვენები (ავტორები: კატერინა რუნგე, მანუელ დაუბერგერი და ფელიქს მეშადი).

გთავაზობთ ფილმის შინაარსს, რომელიც გამოქვეყნდა „ნორდდოიჩე რუდფუნკის“ ვებ-გვერდზე:

„საქართველო პატარა ქვეყანაა – ფართობით ბავარიას უტოლდება – მაგრამ იმავდროულად ის სხვადასხვა სამყაროების კოსმოსს წარმოადგენს. ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონში მდებარე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით ევროპის ნაწილია, მასში აზიური ელემენტებიც შეინიშნება, საქართველოს დასავლეთიდან შავი ზღვა ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი კავკასიის თოვლიან-ყინულიანი მწვერვალები დასცქერიან, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება..

საქართველოში განსაკუთრებით ველური და პირველყოფილი ბუნება ფშავ-ხევსურეთშია. ამ განმარტოებულ მთიან კუთხეში დაახლოებით მხოლოდ სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.. ძნელადმისადგომ ხეობებში მიკარგულ სოფლებში ერთმანეთში არის არეული ქრისტიანული და წარმართული დროის ტრადიციები.

ფშავ-ხევსურეთის მთები 5 ათას მეტრ სიმაღლეს აღწევენ. სოფელი შატილი, რომელიც შუა საუკუნეებში შეიქმნა, რუსეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. შატილი ფშავ-ხევსურეთის უნიკალური არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს განასახიერებს და რომ შეხედავ, კლდეზე დაკიდებულს ჰგავს. სოფელი ერთიანი ციხე-სიმაგრის ცენტრს წარმოადგენს: რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 60 თავდაცვითი კოშკი იცავდა.

ადგილობრივ მოსახლეობაში, ასწლეულების განმავლობაში, ცხენი უდიდეს როლს ასრულებდა. ცხენების რემა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავისუფლად არიან, ზამთრობით კი სამხრეთით, უფრო რბილი კლიმატის რაიონებში ჩამოჰყავთ. იმართება ხოლმე ცხენების დოღი, რომლის დროსაც მხედრები ცხენებზე უნაგირის გარეშე სხედან.

მცირედდასახლებული ხევსურეთის მცხოვრებლები პატივს სცემენ როგორც ქრისტიანულ, ასევე წარმართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. არსებობს ფესტივალი სახელწოდებით „ათენგენობა“, ხალხური დღესასწაული (ზოგან „ათენგენობას“ იმ ხატის სახელი ჰქვია, სადაც დღეობა იმართება – ლაშარობა, თამარობა და ა.შ.).

ფშავ-ხევსურეთის ბუნება და ტრადიციები კავკასიაში შემონახულნი არიან თავიანთი პირველყოფილი სახით, რადგან თანამედროვე ცივილიზაციას მათზე თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია.

წყარო

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.როგორც იტალიური მედია გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, დაიღუპა 41 ადამიანი.

როგორც სააგენტო „ანსა“ წერს, კატასტროფას გადარჩენილმა ოთხმა ადამიანმა მაშველებს უამბო, რომ ისინი ნავზე იმყოფებოდნენ, რომელიც ტუნისიდან ევროპის მიმართულებით მიდიოდა და იტალიის სანაპიროსკენ გზად ჩაიძირა.

მათი თქმით, ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98,”- ნათქვამია განცხადებაში.