“მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც შოვში სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს ადასტურებს”

70
spot_img

ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებიდან გარკვეული პერიოდით ადრე გადაღებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ სტიქიამდე რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ფოტო კი ადასტურებს, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდეგ მყინვარის მოწყვეტით, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები.

„მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. საზოგადოებაში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან, ასევე მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასევე ასახულია სავარაუდო დრო, რა დროშიც განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები ამის შემდგომ მუდმივად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე შემდგომ არის გადაღებული, ამ ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდგომ მყინვარის მოწყვეტით, საკმაოდ დიდ ფართობებზეა აქ საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ამ ფოტოებთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებს დღეს ჩვენი სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. პირველად დასკვნაში აღნიშნულია, რომ „3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“. დასკვნის თანახმად, „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში“.