პუტინმა კანონმდებლებს შესთავაზა, რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს არ ეცნობოს

44
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების აუცილებლობას რუსეთის ფედერაციაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღების, ან შეწყვეტის შესახებ.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

ცვლილებები შედის საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ფედერალურ კონსტიტუციურ კანონებში. მოქმედი წესების თანახმად, ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას, რუსეთმა უნდა აცნობოს გაეროს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახრის შესახებ. რუსების ეს ვალდებულება შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს.

პუტინი კანონმდებლებს სთავაზობს, კანონებიდან გამოირიცხოს კონვენციის ხსენება და პუნქტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების შესახებ. განმარტებით ბარათში ეს წინადადება აიხსნება იმით, რომ „2022 წლის 16 მარტიდან მითითებულმა კონვენციამ, ისევე როგორც რუსეთის მიერ რატიფიცირებულმა ოქმებმა, შეწყვიტა მოქმედება რუსეთის ფედერაციისადმი“.