Home Blog Page 1758

,,თუ კონგრესი უკრაინას დამატებით დახმარებას არ გაუწევს, რუსეთი ომს რამდენიმე კვირაში ან თვეში მოიგებს”- ჯეიკ სალივანი

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი უკრაინას დამატებით დახმარებას არ გაუწევს, რუსეთი ომს საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე კვირაში ან თვეში მოიგებს.

NBC News-ის ცნობით, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა ამის შესახებ ოთხშაბათს კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

მათ აღნიშნეს, რომ უკრაინა ამოწურავს გარკვეულ საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობებს მომავალ კვირებში.

სალივანმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება წლის განმავლობაში.

წყაროების თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალური პირები „სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმ პერსპექტივით, რომ ბაიდენი ვერ შეასრულებს თავის დაპირებას“.

„კონგრესის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია, მაგრამ აღიარეს, რომ იყო უთანხმოება საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.

საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ – РИА

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ. როგორც რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა აღრიცხვა საკონსულოებში უნდა გაიარონ.

ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი.

გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნასაც, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა.

დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული და მას ცივი იარაღი განზრახ არ წაუღია.

უფრო მეტიც, ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. შურისძიების მიზნით კი, დაზარალებულის ბიძამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მყოფ სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.

თინა ხიდაშელის “ენჯეო” ფინანსდება ტაივანიდან და ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს- შალვა პაპუაშვილი

თინა ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ტაივანიდან და ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რაც ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

„რაც შეეხება ჩინეთში ვიზიტს, მიკვირს, აქაც რამდენად აცდენილია ოპოზიცია ეროვნულ ინტერესებს. არათუ დღეს, ჩვენი მთელი არსის, დამოუკიდებლობის პერიოდში და მანამდეც, ყოველთვის ვსაუბრობდით საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომ საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ეს აბრეშუმის გზა სად იწყებოდა, თუ გაიხსენებს ვინმე? იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის, რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია, აქაც იმ პრობლემას რომ ვუბრუნდებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან „ენჯეოს“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, ის ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ჰკითხეთ მას საჯაროდ, მაინტერესებს, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა? რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს? საინტერესოა, რადგან საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, ახლა რომ არის ლობიზმით დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, მგონი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, იქ მისი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური

ჩვენ სასამართლო დავის მეშვეობით დავადასტურეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, შესაბამისად, იქ მისი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური და არალეგალური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განკარგულებაზე, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის უძრავი ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სამართლებრივი თუ სხვა სახის ტრანზაქცია, რომელიც, შეიძლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდეს, არის ბათილი და არანაირი იურიდიული დატვირთვა არ აქვს.

„ბრძანებას დეტალებში არ ვიცნობ, არ ვარ ამ საკითხში ჩახედული. რუსეთი დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არის სრული ბატონ-პატრონი. ის განკარგავს იქ პოლიტიკასაც, ფინანსებსაც, ეკონომიკასაც, ქონებასაც – ყველაფერს განკარგავს რუსეთი. ამას ჰქვია სწორედ ეფექტური კონტროლი, რაზეც საუბრობდა სტრასბურგის სასამართლო. მათ შორის, ეს ოკუპირებული ტერიტორიები არის სრულად რუსეთის ბიუჯეტზე და, თავისთავად, ეფეტური კონტროლია, არათუ საბჭოზე ან რომელიმე ადამიანზეა საუბარი, მთლიანად ეს ტერიტორიები განიკარგება პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთის მხრიდან.

რეაგირება არის ის, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ვიდრე მიმდინარეობს ოკუპაცია, ეს თავის თავში გულისხმობს როგორც ქონებრივი უფლებების შებღალვას იმ მოსახლეობისა, რომელიც იქიდან არის დევნილი და იცით, რომ მათი ქონებებიც არის მითვისებული; ეს გულისხმობს ასევე ადამიანის უფლებების შებღალვას იმ ტერიტორიებზე, ვინაიდან ეს არის ტერიტორიები, რომლებზეც, ფაქტობრივად, რუსეთის ეფექტური კონტროლიდან გამომდინარე, არ ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვა იმ მასშტაბით, როგორითაც უნდა იყოს და, შესაბამისად, ნაბიჯები გულისხმობს დეოკუპაციას. დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს და, მათ შორის, აღიარებული იყოს ტერმინოლოგიურადაც ოკუპაციის საკითხები. იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ტერმინ „ოკუპაციას“ არ იყენებდა. დღესაც, სამწუხაროდ, ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ტერმინი არ გამოიყენება, თუმცა ბოლო პერიოდში ვნახეთ, მაგალითად, ბორელის განცხადება, რომელმაც ტერმინი „ოკუპაცია“ გამოიყენა, მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება.

ჩვენ სასამართლო დავით დავადასტურეთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. შესაბამისად, მისი ყველა ქმედება იქ არის არალეგიტიმური და არალეგალური. საერთაშორისო ორგანიზაციებში რაც კი ინსტრუმენტები არსებობს, წლებია, საქართველოს ხელისუფლება ამას იყენებს. გარდა ამისა, გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, რომელმაც უნდა შეაჩეროს ამ პროცესის შესაძლო ლეგიტიმაცია სხვა ქვეყნების მხრიდან და აქაც წარმატებები გვაქვს და არ ფართოვდება იმ ქვეყნების წრე, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ქვეყანა აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად -შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა – დერეფნად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანას.

„ახლა ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად, არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესი არის შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა, რაზეც დღეს არის გადმორთული უკვე ბევრი ტვირთის გადაზიდვა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, ჩაიკეტა და, როგორც ჩანს, დიდი ხანი კიდევ ჩაკეტილი იქნება. ჩვენ სწორედ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ, ეს ტვირთები, რომლებიც იმოძრავებენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, გავიდეს საქართველოზე. იმაზე უნდა დაფიქრდეთ, რომ ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები, რა დაფინანსება დგას ამ ხალხის უკან, რადგან ფაქტია, რომ ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა – დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე სიახლე თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტში იგულისხმება შუა დერეფნის განვითარება და შუა დერეფანი, თავის მხრივ, არ წარმოშობს რაიმე ტვირთებს და საქონლებს.

„დერეფნის იდეა არის, რომ მან უნდა გაატაროს რაღაც ტვირთები, რომელიც სხვა ქვეყნიდან მოედინება და გადის ჩვენი დერეფნის მეშვეობით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, აზიაში რა იგულისხმება, გადაშალონ რუკა, უნდათ – პოლიტიკური, უნდათ – ეკონომიკური, მათ შორის ფიზიკური რუკა, და დახედონ ზედ, სად გადის დერეფნები, საიდან მოდის ტვირთები და რა ინტერესები დგას, რომელი პოლიტიკური ჯგუფების ან ფინანსური ჯგუფების ინტერესები დგას იმ ხალხის უკან, ვინც ცდილობს დღეს, რომ საქართველო აქციოს ჩიხად და არა – სტრატეგიული დანიშნულების დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია უნდა შეეშვას კერპთაყვანისმცემლობას – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მათ გაფეტიშებაზე, აქ ჩანს, რომ მათ შინაარსის მიმართ ინტერესი არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცხრა დათქმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ ოპოზიციას არ აინტერესებს შინაარსი და შედეგი.

„ვადები არის სამოქმედო გეგმაში და ჩვენ მივყვებით ამას. ნაახალწლევს ისტერია რომ დაიწყო ოპოზიციამ, სამუშაო ჯგუფები შეიქმნას და დავიწყოთ გეგმის განხორციელებაო, გამორჩათ, მგონი, რომ ჩვენ ამ გეგმის განხორციელება დეკემბერში დავიწყეთ. მაშინ, როდესაც მივიღეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეხებოდა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების სრულ აკრძალვას. მაშინ ამას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ასე რომ, ოპოზიცია უკვე იმ კალაპოტშია, სადაც ისინი აქამდე იყვნენ. ისინი მხარს არ უჭერენ საქართველოს მიერ ამ გეგმის განხორციელებას, რომელიც ემსახურება ევროკავშირთან ურთიერთობის შემდეგ ნაბიჯზე გადასვლას.

რაც შეეხება ფორმატებს, ჩვენ გვექნება შეთავაზება სხვადასხვა ფორმატის, შეხვედრების შესახებ. უახლოეს მომავალში გვექნება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც და ასევე საპარლამენტო ოპოზიციისთვის შეთავაზებული ფორმატები, რომ განვიხილოთ საკითხები, რომლებიც არის. იცით, რომ ამასობაში ჩვენ მივიღეთ უკვე ვენეციის კომისიის დასკვნები სხვადასხვა საკითხზე. ასე რომ, მოემზადონ. ისე ნუ იზამენ, როდესაც ჩავნიშნავთ შეხვედრას, თქვან, რომ დრო არ ჰქონდათ მოსამზადებლად. დრო აქვთ უამრავი. გუშინ თუ არ ჰქონდათ წაკითხული, დღეს დაიწყონ კითხვა, მოემზადონ და ამ შეხვედრებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შეეშვას კერპთაყვანისმცემლობას და არც სამუშაო ჯგუფიდან, არც კომიტეტის შეხვედრიდან და არც მრგვალი მაგიდიდან კერპები არ უნდა შექმნას.

„იდეა არის, რომ უნდა იყოს სათანამშრომლო გარემო, სადაც როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა შეძლებს ერთმანეთთან საუბარს ამ საკითხებზე. ამას დაერქმევა სამუშაო ჯგუფი, სამუშაო შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია თუ ოლიმპიადა, ეს სხვა საკითხია, მთავარი არის არსი. როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მის გაფეტიშებაზე, აქ ჩანს, რომ მათ ინტერესი შინაარსის მიმართ არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ. ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ მათ არ აინტერესებთ შინაარსი და შედეგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი, ვაცადოთ, მოიხადოს სასჯელი -შალვა პაპუაშვილი

ჩემი პოზიციაა, რომ უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი, ვაცადოთ მას, რომ მოიხადოს თავისი სასჯელი, ის კლინიკაში იქნება, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას გადაწყვეტენ ექიმები და თავად პენიტენციური სისტემა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ ძლიერი ჯგუფები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია და მათ შორის „ლელოს“ ტელევიზია, რაც უფრო მეტად დაავიწყებს მის თავს საზოგადოებას, მით უფრო კარგი თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისთვისაც და საზოგადოებისთვის. პრობლემაც ეს არის, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ, როგორც ჩანს, ძლიერი ჯგუფები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს იმდენად ძლიერი ჯგუფები არიან, რომ მათ შეძლეს, ეყიდათ სტატიები უცხოურ მედიაში, სიუჟეტები, პოლიტიკოსების განცხადებები. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ტექსტები ჩაწერეს ლობისტებმა. ჩვენ გავარკვიეთ შემდეგ ამერიკული რეესტრიდან ამონაწერით, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ რეზოლუციებს, რომლებსაც შემდეგ ევროპარლამენტი იღებდა საქართველოსთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სავსე იყო ტყუილით და დეზინფორმაციით. კიდევ ერთხელ გავნმეორდები, უკვე ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ მხარს უჭერდნენ ერთი მხრივ, ტირანიის და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს, მეორე მხრივ, მოქმედებდნენ აბსოლუტურად ფარული, ანტიქართული გეგმებით. თავის დროზე იმით, რომ აფარებდნენ მას ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადახხვა სტრუქტურების დერეფნებში თავისუფლად დადიოდა და ხვდებოდნენ. შერცხვნენ, რადგან ის ჩუმად შემოაპარეს საქართველოში, რა გგონიათ ახლა, მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი?! ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ შემოაპარეს, რათა საქართველოში მომხდარიყო არეულობა, ქართველები ერთმანეთს დავრეულიყავით. აქ ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მფარველია, რომლებიც საჯაროდაც ჩანან და ექომაგებიან მას ყოველ ჯერზე. ქართველმა ხალხმა ეს უნდა გააცნობიერო, თუ რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მფარველებზე ვსაუბრობთ. მეორე, საქართველოს ხელისუფლებას როგორი წინააღმდეგობის გაწევა უწევდა, რათა ის გეგმები, რომლებიც ამ ძალებს ჰქონდათ დასახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შესრულებულიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ალეკ ბოლდუინს ბრალი ისევ წაუყენეს

ჰოლივუდის მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, ბრალი ისევ წაუყენეს. საქმე ეხება 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის ფაქტს, რომლის შედეგადაც ოპერატორი დაიღუპა. მსახიობი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული: “ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება” და “გულგრილი ქმედება”.

კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები მეოთხე კატეგორიის მძიმე დანაშაულს განეკუთვნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინს 18 თვით დაპატიმრება ემუქრება.

კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს.

ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.

მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე – გაუპატიურებისა და 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა.

ჩინეთში სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Xinhua იუწყება.

ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი 19 იანვარს ღამე გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად შეძლეს.

სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა 13 დაღუპული ადამიანის ცხედარი და  ერთი დაშავებული ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სკოლის დირექტორი დააკავეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები ამ დრომდე დგინდება.