თინა ხიდაშელის “ენჯეო” ფინანსდება ტაივანიდან და ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს- შალვა პაპუაშვილი

60
spot_img

თინა ხიდაშელის „ენჯეო“ ფინანსდება ტაივანიდან და ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რაც ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

„რაც შეეხება ჩინეთში ვიზიტს, მიკვირს, აქაც რამდენად აცდენილია ოპოზიცია ეროვნულ ინტერესებს. არათუ დღეს, ჩვენი მთელი არსის, დამოუკიდებლობის პერიოდში და მანამდეც, ყოველთვის ვსაუბრობდით საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომ საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის. როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ეს აბრეშუმის გზა სად იწყებოდა, თუ გაიხსენებს ვინმე? იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, მათ შორის, რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია, აქაც იმ პრობლემას რომ ვუბრუნდებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან „ენჯეოს“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, ის ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ჰკითხეთ მას საჯაროდ, მაინტერესებს, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა? რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს? საინტერესოა, რადგან საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, ახლა რომ არის ლობიზმით დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, მგონი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.