ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ქვეყანა აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად -შალვა პაპუაშვილი

25
spot_img

ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა – დერეფნად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანას.

„ახლა ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად, არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესი არის შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა, რაზეც დღეს არის გადმორთული უკვე ბევრი ტვირთის გადაზიდვა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, ჩაიკეტა და, როგორც ჩანს, დიდი ხანი კიდევ ჩაკეტილი იქნება. ჩვენ სწორედ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ, ეს ტვირთები, რომლებიც იმოძრავებენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, გავიდეს საქართველოზე. იმაზე უნდა დაფიქრდეთ, რომ ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები, რა დაფინანსება დგას ამ ხალხის უკან, რადგან ფაქტია, რომ ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა – დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე სიახლე თუ არა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტში იგულისხმება შუა დერეფნის განვითარება და შუა დერეფანი, თავის მხრივ, არ წარმოშობს რაიმე ტვირთებს და საქონლებს.

„დერეფნის იდეა არის, რომ მან უნდა გაატაროს რაღაც ტვირთები, რომელიც სხვა ქვეყნიდან მოედინება და გადის ჩვენი დერეფნის მეშვეობით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, აზიაში რა იგულისხმება, გადაშალონ რუკა, უნდათ – პოლიტიკური, უნდათ – ეკონომიკური, მათ შორის ფიზიკური რუკა, და დახედონ ზედ, სად გადის დერეფნები, საიდან მოდის ტვირთები და რა ინტერესები დგას, რომელი პოლიტიკური ჯგუფების ან ფინანსური ჯგუფების ინტერესები დგას იმ ხალხის უკან, ვინც ცდილობს დღეს, რომ საქართველო აქციოს ჩიხად და არა – სტრატეგიული დანიშნულების დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.