Home Blog Page 1757

2023 წლის ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი აღრიცხული თვე იყო – ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორია

ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისი ჯერჯერობით აღრიცხული დროით მონაკვეთში ყველაზე ცხელი თვე იყო.

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სერვისის დირექტორმა სამანტა ბურჯესმა თქვა, რომ 2023 წლის ივლისის საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსი ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ პერიოდს.

მაღალი ტემპერატურის წინა რეკორდი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა. 2023 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებელი 2019 წლის საშუალო ტემპერატურას 0.33 გრადუსი ცელსიუსით აღემატება.

2023 წლის ივლისში თბური ტალღები და მასიური ხანძრები აქტიური იყო ევროპის სამხრეთში. ასევე, საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდაზე.

ივლისში რეკორდულად მაღალი იყო ოკეანეების და ზღვების ზედაპირების საშუალო ტემპერატურაც.

სამანტა ბურჯესის თქმით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მსოფლიოს კლიმატი სხვადასხვა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

8 ავტომობილია გაუჩინარებული, ძებნის არეალი ხვალ დილიდან უფრო ფართოვდება – თემურ მღებრიშვილი

„მდინარე ჭანჭახი სამძებრო სამუშაოების პრიორიტეტებში თავიდანვე იყო და ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

 

მღებრიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები მდინარეში გაგრძელდება, ადგილზე აღმოჩენილია ტანსაცმელი, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ცხედრები შესაძლოა იყოს იმ ტერიტორიაზე.

„საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, რომელიც არ ჩანს, გაუჩინარებულია და საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ამის ალბათობა დიდია. კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ასევე ტანისამოსი და პირადი ნივთები და ესეც ეჭვს გვიმძაფრებს. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ არეალი, კიდევ ე.წ. კალცის წყლებში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. ხვალ დილიდან უფრო ფართოდ დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოს“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

 

„საქაერონავიგაცია“ განცხადებას ავრცელებს

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქაერონავიგაციის” კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა, – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, რომ ტელეკომპანია პირველის სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა სააგენტოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა.

„საქაერონავიგაცია” შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.

ამასთან განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია „საქაერონავიგაციის” ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ

უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შენობა, რომელსაც „საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან.

„საქაერონავიგაცია“ არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,ამას ჰქვია ღალატი”- ბოკერია

როდესაც ხელისუფლება გარე მტრის ნაცვლად, წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას, ამას ჰქვია ღალატი , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ თარიღს იყენებს არა ჩვენი საგარეო მტრის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზავნილის დასაცავად, არამედ შიგნით ოპონენტების დემონიზებისთვის და პირდაპირ ან ირიბად მაინც წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამ ყველაფერს ღალატი ჰქვია.

„ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში მტრის რეგულარული არმიის შემოსვლა კი არ არის ომის დაწყება, არამედ, როცა ღიად გამოჩნდნენ და თავადაც აღიარებენ, რომ მოქმედება დავიწყეთო, ის თარიღია თურმე უფრო საკვანძო. ათასი ბოდვითა და დემაგოგიით ცდილობენ ამის შეკაზმვას.

ხელისუფლება, რომელიც ასეთ დროს და ასეთ საკითხზე გარე მტრის ნაცვლად, ძირითადად საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე, თან წინა ხელისუფლებაზე, ამით ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამას აკეთებენ ისინი ყოველ წელს, მათ შორის, ამ თარიღთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები შეაჯამა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაჯამა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები.

„ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა. არსებული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხიდის მონტაჟი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა არეალში მაქსიმალურად გავშლილიყავით. მნიშვნელოვანია, რომ პერიმეტრი, შეძლებისდაგვარად, სრულად მოვიცვათ და შესაბამისი მისასვლელები მოვაწყოთ, რათა მაშველებმა, საჯარისო ნაწილებმა ტექნიკის მეშვეობით უფრო მეტი არეალის დამუშავება შეძლონ,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ადგილზე მომუშავე ადამიანების ძალისხმევაზე და გაწეული შრომისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყველა, ვინც მონაწილეობს ამ მძიმე სამუშაოებში. ესენი არიან მაშველები, საჯარისო ნაწილები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტრაქტორი ორგანიზაციები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში უკვე მოეწყო ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებითაც სამუშაოები ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე განხორციელდა. მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება, რის შემდეგაც არეალში ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

„იგივე მოხდა ხიდის მოწყობის შემდგომ. დაემატა მდებარეობები უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრთან, ადგილზე თავმოყრილი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა თქმა უნდა, სამუშაოები ძალიან ფრთხილად და მაშველების ზედამხედველობით მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები ხიდის მიმდებარედ, ძველი გზისა და მცირე ქვაბულის, ტერიტორიაზეც წარმოებს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის 90-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა რვა მდებარეობაზე მუშაობს. თუმცა, მალე შესაძლებელი იქნება სამუშაო არეალის გაფართოება და იქ, სადაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ ფიზიკური ძალა მუშაობს, ტექნიკაც შევა.

“სერგო კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ფაქტჩეკი დიდ სკანდალში”- ლევან ნიკოლეიშვილი

მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების დაბრალების ტვირთი რუსეთზე გადაიტანა, ფაქტჩეკმა კი, ოღონდ „სიცრუეში ემხილა“, რუსეთი რა შუაშია, ევროსაბჭომ ჩაწერა 7 აგვისტო თავისი ინიციატივითო, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია “ფაქტჩეკი”, ამ განცხადებით დიდ სკანდალში გაეხვია. ექსპერტის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ვისი ინიციატივით ჩაიწერა რეზოლუციაში 7 აგვისტო საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად და ვინ იყო ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების ავტორი.

“სერგო კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ფაქტჩეკი დიდ სკანდალში. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რუსეთის მოთხოვნით ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა პირველად რიცხვი 7 აგვისტო საომარი მოქმედებების დაწყების თარიღადო. გამოვარდა ეს ვითომ „სიმართლის მზომველი“ კანტორა და მდინარაძეს დაუწერა, შენი ციტატა მცდარია, რეალურად რეზოლუციაში ეგ თავიდანვე ეწერაო. ანუ, რა გამოდის. მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების დაბრალების ტვირთი რუსეთზე გადაიტანა, ფაქტჩეკმა კი, ოღონდ „სიცრუეში ემხილა“, რუსეთი რა შუაშია, ევროსაბჭომ ჩაწერა 7 აგვისტო თავისი ინიციატივითო. ახლა მთავარი – თუ არა რუსეთი, სასწრაფოდ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ვინ იყო რეზოლუციაში 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად და ამ საომარი მოქმედებებში ქართველი სამხედროების დადანაშაულების ავტორად ჩაწერის ინიციატორი. ან ამ კითხვას გაეცემა პასუხი, ან არადა ლეგიტიმური იქნება ეჭვი, რომ ეს თავად ნაცებმა გააკეთეს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია”- სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები პოულობენ ძალას, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია.

„შოვში თავისი მასშტაბით მართლაც არნახული სტიქია და ტრაგედია მოხდა. რეზულტატები, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების სახით გვაქვს, შეუძლებელია, ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ეს ძალიან დიდი დრამა და მთელი საქართველოს ტრაგედიაა, თუმცა სამწუხარო, გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები იცლიან და პოულობენ ძალას, რომ აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან ტრაგედიის განცდის ემოცია ყოფილიყო, მომენტალურად საკითხს ცივად მიუდგნენ და შოვის ტრაგედიის გამოყენებით პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნეს. კახა კალაძის ოჯახის წამოსვლასთან დაკავშირებით თვითონაც გადასარევად ფლობდნენ ინფორმაციას, რა მოხდა, მაგრამ ვიდრე კონკრეტული კადრები არ დაუდო, სტრატეგია არ შეცვალეს.

იგივე შემიძლია ვთქვა ვერტფრენების ისტორიასთან დაკავშირებითაც. ვინმემ რაიმე ფუნქცია თქვას, რისი შესრულებაც ვერტმფრენს შეეძლო და მისი არქონის გამო ვერ შესრულდა. იგივე შემიძლია ვთქვა უცხოეთისგან შემოთავაზებულ დახმარებასა და ჰუმანიტარული მოტივაციით წამოყენებულ ინიციატივებზე. ოპოზიციამ სცადა, მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია. არ არსებობს არც ერთი ისეთი რეკომენდირებული აქტივობა, რომელიც დაგვიანდა, არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა. რაც შეეხება დეტექციის სისტემას, ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ – არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ. მასშტაბი და ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ამის წინასწარი პროგნოზირება ობიექტურად შეუძლებელი იყო. ვინც იქ გადარჩა, გადარჩა. ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. ძებნას 15 წუთში დაიწყებდი, თუ ერთ საათში, იმ მასის გათვალისწინებით, პერსპექტივების თვალსაზრისით ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა. ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც იმ მასამ არ დაფარა, ის ადამიანი გადარჩა. არ მგონია, რომ იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ქართველიშვილი წერს, თარიღის შეცვლით „ნაცმოძრაობას“ საკუთარი დანაშაულის გადამალვა სურს.

„მე ვერ გეტყვით გუშინ ქვეყნის პრეზიდენტი და ნაცები რას გლოვობდნენ. თუ იმას, როგორ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც 7 აგვისტოს ქართულ შეიარაღებულ ძალებს დააბრალეს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობის კასეტური ბომბებით „დადუღება“, ეს „ზეიმი“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს უნდა აარიდონ. ამ „ზეიმით“ „ვივამედის“ კლინიკას უნდა მიაკითხონ. ამ სამარცხვინო აღიარებას დღემდე ებრძვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჰააგის სამხედრო სასამართლოს ჩათვლით. ებრძვის სამშობლოს მოღალატეების ოფიციალურ აღიარებას, რომ ომი „საქართველომ დაიწყო“. ებრძვის იმის დასადასტურებლად, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამიტომაც არის ეს ხელისუფლება – „რუსული“, ხოლო ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დადანაშაულების „ვივამედის“ ექსპონატი და მისი „ფროილინები“ – „მედასავლეთეები“.

დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდში ვიყავი დილის 9 საათიდან. ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო და ადგილობრივი დელეგაციები, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ ჩათვლით – მე მუხათგვერდში ამოსული არ მახსოვს. დღეს ძმათა სასაფლაოს და ზეცაში გაბრწყინებული გმირების უკანასკნელ ადგილსამყოფელს ყველა ის ადამიანი ესტუმრა, კელი დეგნანით დაწყებული, ვისაც სჯერა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ხოლო ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ ომი საქართველოს წამოწყებულია, ისინი გუშინ იყვნენ ამოსულები.

არის ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა: 7 იანვარს – 25 დეკემბერი ებრძვის, 9 მაისს – 8 მაისი, ხოლო 8 აგვისტოს – 7 აგვისტო – სამივე შემთხვევაში „ნაცები“ ებრძვიან ჭეშმარიტებას. მაგრამ, ეს უკანასკნელი ბრძოლის ველი ყველაზე სამარცხვინოა. რუსეთის „გამპრავებელი“ ძალები 15 წლის განმავლობაში საქართველოს ჩაძირვას ცდილობენ საკუთარი ხელით გაფორმებულ ღალატში, ხოლო, ვინც მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს, „რუსეთუმებს“ გვიწოდებენ. პუტინის სასარგებლო იდიოტებისთვის პოლიტიკური განაჩენის გამოტანამდე მცირეოდენი დრო რჩება. ძალიან მინდა ამის მჯეროდეს“, – წერს ქართველიშვილი.

სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.

“დაიწყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მომზადება” – რიკარდ იოზვიაკი

დაიწყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე წერს.

„არსებული მდგომარეობით, იქნება რეკომენდაციები უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი დეკემბერში კვლავ საჭირო იქნება“, – წერს ჟურნალისტი.

უცხოური ვალუტის კურსი 9 აგვისტოსთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8642 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8644 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველო უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია”

საქართველო უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის. პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას საქართველოში. დიდება გმირებს“, – წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.