„საქაერონავიგაცია“ განცხადებას ავრცელებს

56
spot_img

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქაერონავიგაციის” კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა, – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, რომ ტელეკომპანია პირველის სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა სააგენტოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა.

„საქაერონავიგაცია” შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.

ამასთან განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია „საქაერონავიგაციის” ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ

უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შენობა, რომელსაც „საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან.

„საქაერონავიგაცია“ არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.