საქართველო უახლოეს ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტერორისტ პუტინს და მის მაოხრებელ არმიას წინააღმდეგობა გაუწია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური საქართველოს სიმართლის და ჭეშმარიტი ობიექტურობის. პუტინი ძებნილია, როგორც სამხედრო დამნაშავე მსოფლიოში და მისი მიმდევარი ქართველი ორჯონიკიძეებიც უახლოეს პერიოდში გაიზიარებენ მის ბედს. რუსეთი დამარცხდება და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, საკადრის პასუხს გასცემს მეხუთე კოლონას საქართველოში. დიდება გმირებს“, – წერს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ყოფილმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა იმ ფონზე, „როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს“.