„მდინარე ჭანჭახი სამძებრო სამუშაოების პრიორიტეტებში თავიდანვე იყო და ხვალ დილიდან ამ ტერიტორიაზე უფრო ფართო მასშტაბით დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები მდინარეში გაგრძელდება, ადგილზე აღმოჩენილია ტანსაცმელი, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ცხედრები შესაძლოა იყოს იმ ტერიტორიაზე.
„საერთო ჯამში, 8 ავტომობილია, რომელიც არ ჩანს, გაუჩინარებულია და საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ მდინარის კალაპოტში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ცხედარი, ამის ალბათობა დიდია. კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ასევე ტანისამოსი და პირადი ნივთები და ესეც ეჭვს გვიმძაფრებს. პარალელურად, თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ არეალი, კიდევ ე.წ. კალცის წყლებში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. ხვალ დილიდან უფრო ფართოდ დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოს“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.